CSR ბლოგი

„თეგეტა ბიზნესპროცესების პარალელურად მუდმივად ზრუნავს, რომ გარემოს მიმართ პასუხისმგებლობიანი იყოს“ - მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR მენეჯერი

„თეგეტა ბიზნესპროცესების პარალელურად მუდმივად ზრუნავს, რომ გარემოს მიმართ პასუხისმგებლობიანი იყოს“ - მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR მენეჯერი

06/03/2024

ინტერვიუების სერია Meliora -ს გამარჯვებულებთან

გასულ წელს „Meliora“ -ს მწვანე ინიცატივის კატეგორიაში ორი გამარჯვებული გამოვლინდა. წლის მსხვილი კომპანია - „თეგეტა ჰოლდინგი“ და წლის მცირე და საშუალო კომპანიის რანგში - „ბიოდიზელი“.

ამჯერად გაგაცნობთ „თეგეტა ჰოლდინგის“ პროექტს და კომპანიის CSR საქმიანობის ძირითად ასპექტებს. ამისათვის გავესაუბრეთ „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერს მარიამ ჯაფარიძეს, რომელიც უკეთ გაგვაცნობს თეგეტას საქმიანობას კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით:

- მარიამ, მადლობა ინტერვიუსთვის და გვიხარია თეგეტას ყოველი პასუხისმგებლობიანი ინიციატივა, რომლებსაც დიდი შემართებით ახორციელებთ.

გვიამბეთ პროექტზე, რომელმაც ჟიურის მოწონება დაიმსახურა. რას გაუსვამდით ხაზს? თქვენი აზრით, რა ფაქტორმა განაპირობა პროექტის წარმატება?

- გვიხარია და ვამაყობთ, რომ „მწვანე ინიციატივის“ კატეგორიაში გავხდით „Meliora 2022-ის“ გამარჯვებული. ეს ჩვენთვის ნიშნავს, რომ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები, რასაც ვაკეთებთ გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირების მიზნით, დაინახეს და აღიარეს ამ სფეროს პროფესიონალებმა, როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო ჟიურიმ.

პროექტი არ იყო ერთი კონკრეტული აქტივობა ან ინიციატივა. ჩვენ წარმოვადგინეთ  ჰოლდინგის კომპლექსური მიდგომა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიმართულებით. ენერგოეფექტური შენობები, რესურსების გაფრთხილება განახლებადი ენერგიის გამომუშავებით, ეკომეგობრული სატრანსპორტო სეგმენტის განვითარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, ასევე სპეციფიკური ნარჩენების მართვა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ინიციატივები - გამარჯვებული პროექტი „თეგეტა გარემოსთვის“ სწორედ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი გასულ წელს არ დაწყებულა. თეგეტა ბიზნესპროცესების პარალელურად მუდმივად ზრუნავს, რომ გარემოს მიმართ პასუხისმგებლობიანი იყოს. მაგალითად, კომპანიაში 2018 წლიდან ორგანიზაციის გარემოსდაცვითი მართვის სისტემა შემუშავდა საერთაშორისო სტანდარტის ISO 14001:2015 და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წლებია კომპანიაში ფუნქციონირებს გარემოსდაცვითი კომიტეტი და ა.შ.

პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია ენერგოეფექტური მშენებლობები, ის ინფრასტრუქტურა, რომელსაც თეგეტა სთავაზობს მომხმარებლებსა და, ზოგადად, რეგიონს. ჩვენი ინფრასტრუქტურა ნაკლები ზიანის მომტანია გარემოსთვის და ამავდროულად ეფექტიანი ბიზნესისა და საზოგადოებისთვის.

ჰოლდინგი თავისი საქმიანობიდან მიღებულ სპეციფიკურ ნარჩენებს ეფექტიანად მართავს. ეს პროექტის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. თეგეტას შემადგენლობაში ნარჩენების მართვის მიზნით შეიქმნა ორგანიზაცია „თეგეტა გრინ პლანეტი“. ორგანიზაცია აგროვებს ნარჩენ ზეთს, მეორად საბურავებსა და აკუმულატორებს და აღდგენა-გადამუშავების მიზნით ნებართვის მქონე გადამმუშავებელ ქარხნებს გადასცემს. „თეგეტა გრინ პლანეტი“ აქტიურია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხითაც, გამოირჩევა საზოგადოებრივ და მწვანე ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შესაბამისად, ამ პროექტში ასეთი არაერთი აქტივობა გავაერთიანეთ.

ჩვენ მწვანე ოფისის მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ. ოფისებსა და სერვისცენტრებში ვაგროვებთ მეორად პლასტმასასა და ქაღალდს, ვაბარებთ პარტნიორ საწარმოებში და ვცდილობთ, მეორე სიცოცხლე მივცეთ ამ ნარჩენებს. მაკულატურის გადამუშავებით ვიღებთ ვაუჩერებს, ვყიდულობთ წიგნებს და ვგზავნით სოფლების დაცარიელებულ ბიბლიოთეკებში ჩვენი სხვა პროექტის - „მოგზაური ბიბლიოთეკის“ - საშუალებით.

ასევე, ჩვენს ფილიალებში მომხმარებელთან ურთიერთობისას მინიმუმამდე დავიყვანეთ ქაღალდის მოხმარება, რომელშიც ჩვენი ციფრული პროდუქტები გვეხმარება.  

მესამე მიმართულება გარემოზე ტრანსპორტის მავნე ზემოქმედების შემცირებაა. შვილობილ კომპანიებთან ერთად, ხელს ვუწყობთ ელექტრომობილების – გარემოზე ზრუნვის პრინციპით შექმნილი ავტომობილების - პოპულარიზაციას და მომხმარებელს მასზე მორგებულ შესაბამის ინფრასტრუქტურას ვთავაზობთ.  მაგალითისთვის, თეგეტამ შემოიტანა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაამონტაჟა პორშეს დამტენები ელექტრული მანქანებისთვის. ასევე გვეამაყება, რომ შიდა კომერციული ტრანსპორტი სრულიად ელექტრულია, გვყავს ელექტროსატვირთოები შიდა ლოგისტიკური გადაადგილებებისთვის, შესაბამისად, ეკომეგობრული ტრანსპორტით ვმართავთ შიდა ბიზნესპროცესებსაც.

ვფიქრობ, ჩვენი გამარჯვება სწორედ ამ კომპლექსურმა მიდგომამ და გარემოზე ზრუნვის იდეით შთაგონებული საქმიანობის ხარისხმა განაპირობა. პროექტმა ამ კუთხით თეგეტას მასშტაბი კარგად წარმოაჩინა.

- ცნობილია, რომ უკვე 2023 წლიდან გაქვთ CSR სტრატეგია და ამ დოკუმენტით  ხელმძღვანელობთ, შესაბამისად, თუ შეგიძლიათ გვესაუბროთ კომპანიის პრიორიტეტულ მიმართულებებსა ან მდგრადი განვითარების მიზნებზე, რომლებიც არჩეული გაქვთ და ამის მიხედვით ცდილობთ ბიზნესსაქმიანობის წარმართვას.

- დიახ, გვეამაყება, რომ თეგეტა პირველი მსხვილი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია CSR agency-სთან ერთად შეიმუშავა, 2030 წლამდე განსაზღვრა სამოქმედო გეგმები და მას თანმიმდევრულად მიჰყვება. თანამშრომელთა კეთილდღეობა, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, უსაფრთხოება და საზოგადოებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებებია.  

თეგეტა ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია დღეს. შესაბამისად,  თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ზრუნვა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ჩვენი პროექტით უკვე მიმოვიხილეთ. და მესამე, უსაფრთხოება, მოიცავს მომხმარებელთა, თანამშრომელთა უსაფრთხოებისა და საგზაო უსაფრთხოების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს.

ეს დოკუმენტი ჩვენთვის ერთგვარი გზამკვლევია, სწორად და თანმიმდევრულად დავგეგმოთ პატარ-პატარა ნაბიჯები თუ მასშტაბური პროექტები და ჩვენი საქმიანობით ხელი შევუწყოთ სოციალური თუ გარემოსდაცვითი ზეგავლენის გაზრდას ქვეყანაში, ასევე გავაუმჯობესოთ როგორც ბიზნესპროცესები, ისე ვიზრუნოთ საზოგადოების კეთილდღეობაზე.

- დაბოლოს, გვსურს, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის საქმიანობის მნიშვნელობასა და როლზე (თქვენთვის რას ნიშნავს ეს ჯილდო).

- კონკურსი თავისი არსითა და იმ შესაძლებლობებით, რასაც ბიზნესსექტორს სთავაზობს, ძალიან დასაფასებელია. ერთი მხრივ, ის ემსახურება ცნობიერების ამაღლებას, ზოგადად, CSR საქმიანობის მნიშვნელობაზე, მეორე მხრივ, არის პლატფორმა, ბიზნესს დაუფასდეს ის შრომა, რასაც ამ მხრივ აკეთებს. ამასთანავე, დამოუკიდებელი ჟიურისგან შეფასებული და გამარჯვებული პროექტების ავტორებისთვისაც მეტი მოტივაცია სამომავლოდ, რათა  იმაზე ნაკლები არ იყვნენ, ვიდრე თუნდაც გამარჯვებამდე.

მადლობა თქვენ იმ შრომისთვის, რასაც საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ეკოსისტემის განსავითარებლად აკეთებთ და ასევე მადლობა CSRDG-სა და კონკრეტულად „Meliora“-ს, რომ გვაძლევთ შესაძლებლობას, წარმოვადგინოთ პროექტები, გავეცნოთ საუკეთესო პრაქტიკებს, ასევე სწორად შევაფასოთ ჩვენი საქმიანობა ამ კუთხით და მუდმივად გვქონდეს შემართება, ვიზრუნოთ იმაზე, თუ როგორ გავხდეთ უკეთესები.

 

ესაუბრა: გვანცა გილაური

უკან დაბრუნება