CSR ბლოგი

„წარმოება შევქმენით, გარემოს ვასუფთავებთ მავნე ნარჩენებისგან, ალტერნატიულ საწვავს ვაძლევთ ქვეყანას და სახელმწიფოს ვეხმარებით საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში“ - კახა ქარჩხაძე - „ბიოდიზელი ჯორჯია“-ს სამეცნიერო ხელმძღვანელი

„წარმოება შევქმენით, გარემოს ვასუფთავებთ მავნე ნარჩენებისგან, ალტერნატიულ საწვავს ვაძლევთ ქვეყანას და სახელმწიფოს ვეხმარებით საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში“ - კახა ქარჩხაძე - „ბიოდიზელი ჯორჯია“-ს სამეცნიერო ხელმძღვანელი

26/03/2024

ინტერვიუების სერია „Meliora”-ს გამარჯვებულებთან

“ბიოდიზელი ჯორჯია” Meliora 2022 -ის გამარჯვებული მცირე ზომის კომპანიაა მწვანე ინიციატივის კატეგორიაში.  

პროექტის - „ბიოსაწვავი ნარჩენებისაგან - სუფთა გარემო და ენერგოდამოუკიდებლობა“ უკეთ გაცნობის მიზნით გთავაზობთ ინტერვიუს კახა ქარჩხაძესთან, „ბიოდიზელი ჯორჯია“-ს სამეცნიერო ხელმძღვანელთან.

ბატონო კახა, მადლობა ინტერვიუსთვის. პირველ რიგში გვიამბეთ  საიდან გაჩნდა საქართველოში ბიოდიზელის წარმოების იდეა, რა სირთულეები შეგხვდათ და საინტერესოა ასევე როგორ დაიმკვიდრეთ თავი ქართულ ბაზარზე.

„ალტერნატიულ საწვავთან, კონკრეტულად, ბიოდიზელთან შეხება პირველად ამერიკაში მომიხდა. ამერიკაში ვმუშაობდი უნივერსიტეტებში, სადაც თითქმის ყველგან ჰქონდათ თავისი პატარა ლაბორატორიები და  ბიო ნარჩენებისაგან ამზადებდნენ განახლებად საწვავებს. დღეს ბიოსაწვავის ინდუსტრია აშშ -იც და ევროპაშიც ძალიან განვითარებულია. მე კი პირველად საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განვახორციელე  ეს პროექტი, რომელიც დააფინანსა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.

საქართველოში პირველად ილიას უნივერსიტეტში შეიქმნა ალტერნატიული, განახლებადი ბიო საწვავი - ბიოდიზელი. ჩვენს ქვეყანაში პირველად სწორედ ილიას უნივერსიტეტის მანქანამ დაიწყო ბიოდიზელის საწვავზე მუშაობა. 

ამას მოჰყვა პროექტის კომერციალიზაცია. ნელ-ნელა ჩაერთო საქმეში ქართული ბიზნესი. მათ საფუძვლიანად შეამოწმეს უნივერსიტეტის მიერ დამზადებული ბიოსაწვავი, დარწმუნდნენ რომ ბიოდიზელი ევრო დიზელის ხარისხის არის და სერიოზული ინვესტიციაც განახორციელეს. 

ბიოდიზელის წარმოების პროექტში მილიონი ლარის ინვესტირება მოხდა. შედეგად დღეს გვაქვს შესანიშნავი საწარმო, რომელიც მუშაობს, ვითარდება, იზრდება, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, აწარმოებს სუფთა, ალტერნატიულ, ეკო-მეგობრილ საწვავს - ბიოდიზელს და უამრავი სარგებელი მოაქვს როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ისე ეკოლოგიისათვის. 

ერთი ტონა ჩვეულებრივი დიზელის საწვავის დაწვით ატმოსფეროს ემატება 2,5 ტონა ნახშიროჟანგი, ხოლო ბიოდიზელი ეკო-მეგობრულია, კარბონ-ნეიტრალურია, ამიტომ ყოველი ერთი ტონა ბიოდიზელის გამოყენება დაზოგავს 2,5 ტონა ნახშიროჟანგის ემისიას ატმოსფეროში. 

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბიოდიზელი შეიძლება დამზადდეს პრაქტიკულად ნებისმიერი ბიო რესურსებისაგან, ბიო ნარჩენებისგან. ჩვენ მეორადი, მოხმარებული, ნარჩენი საკვები ზეთებისგან ვამზადებთ, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით რჩება საქართველოში, კვების ინდუსტრიის სექტორში.

უნდა მხედველობაში მივიღოთ, რომ მეორადი მოხმარებული ზეთი გარემოს აბინძურებს, ჩვენი აქტივობით კი, ერთი მხრივ ჩვენ ვათავისუფლებთ გარემოს ამ მეორადი მომწამლავი თხევადი ნაგვისაგან და მეორე მხრივ ვაწარმოებთ შესაბამისი რაოდენობის, ალტერნატიულ, სუფთა საწვავს.“

მნიშვნელოვანია აღინიშნოს როგორ შეხვდა ბაზარი ამ ახალ პროდუქტს.

„თავიდან იყო სკეპტიციზმი, თუმცა მალევე მიხვდენენ, რომ ბიოდიზელი არის ძალიან ხარისხიანი, მაღალი  დონის საწვავი, რომელიც უკეთესიც კია მანქანის ძრავისთვის. 

ნაბიჯ-ნაბიჯ ბიოდიზელს გაუჩნდნენ თავისი ერთგული მომხმარებლები და დღეს უკვე წარმატებით იყიდება. დასაწყისში თუ თვეში მხოლოდ 10 ტონა ბიოდიზელი მზადდებოდა  ახლა წარმოებამ 100 ტონას გადააჭარბა.

ბიოდიზელის შერევა შეიძლება სხვა საწვავებშიც. კომპანიებს შეუძლიათ იყიდონ ჩვენგან და ბლენდირება გააკეთონ საკუთარ დიზელის საწვავში, ან გაყიდონ სუფთა სახით. მაგალითად სუფთა სახით ბიოდიზელის ყიდვა შესაძლებელია კომპანია „ზენექსში“, რომლის ავტოგასამართ სადგურებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ბიოდიზელის შეძენა. მსხვილ კომპანიებს  პირდაპირ ჩვენთან  შეუძლიათ დაკავშირება.“

რამდენად სწორად გაიგო საზოგადოებამ და უფრო მეტად კომპანიის სამიზნე ჯგუფებმა - მომწოდებლებმა, მომხმარებლებმა, სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა კომპანიის საქმიანობის იდეა და რა ტიპის მოქმედება გახდა მიზნის მისაღწევად საჭირო.

„ჩვენ დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა ისეთ მსხვილ პარტნიორებთან როგორიცაა მაკდონალდსი, KFC, სასტუმროები, მსხვილი რესტორნების ქსელები, რომლებსაც დიდი რაოდენობით რჩება მოხმარებული ზეთი. პარალელურად დავიწყეთ თანამშრომლობა სამთავრობო სტრუქტურებთან და დიდი ძალისხმევის შედეგად მიღებულ იქნა სამთავრობო 605-ე დადგენილება, რომელიც არეგულირებს მეორადი მოხმარებული ნარჩენი ზეთების ჩაბარებას მხოლოდ სერტიფიცირებულ კომპანიებთან. 

ჩვენი კომპანია „ბიოდიზელი ჯორჯია“ ფლობს ISCC სერტიფიკატს, ეს სერთიფიკატი  ახდენს ევროკავშირის რეგულაციების ჰარმონიზებას საქართველოში, შესაბამისად ჩვენს კომპანიას მთელი ევროკავშირის მასშტაბით შეუძლია ოპერირება.

მომწოდებლები საკითხში გარკვევის შემდეგ დიდი სიამოვნებით, ენთუზიაზმით მოდიან ჩვენთან თანამშრომლობაზე. 

ვთანამშრომლობთ როგორც მსხვილ, ისე შედარებით მცირე და საშუალო ზომის მეორადი ზეთის მომწოდებელ კომპანიებთან. შესაძლოა კომერციული თვალსაზრისით ჩვენთვის მცირე მომწოდებლებთან თანამშრომლობა არაა მომგებიანი, თუმცა გადავწყვიტეთ, რომ მეორადი მოხმარებული ზეთისგან მთლიანად გაგვეთავისუფლებინა საქართველოს გარემო. ვაკითხავთ ისეთ პატარა კომპანიას, რომელსაც შეიძლება თვეში მხოლოდ 5 ლიტრი ზეთი დარჩეს. ჩვენი ლოჯისტიკური სისტემა ძალიან კარგად, გამართულად მუშაობს და ბოლო ლიტრამდე ვაგროვებთ მეორად ზეთებს. 

მოვიპოვეთ სანდოობა ჩვენს მომწოდებლებთან, პარტნიორებთან და წარმატებით ვაგრძელებთ თანამშრომლობას. 

ჩვენი პროდუქციის ხარისხი საფუძვლიანად მოწმდება  და ჩვენი  ბიოსაწვავის ხარისხი სრულად შეესაბამება მაღალ ევროპულ სტანდარტებს.“ 

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პირდაპირი საქმიანობა ყოველგვარი ჯილდოს გარეშე იმსახურებს აღიარებას, მაინც გვაინტერესებს რას ნიშნავს თქვენთვის „Meliora -ში გამარჯვება.

„ძალიან სასიამოვნო იყო “Meliora”-ში გამარჯვება. ჩვენი კომპანია, შპს „ბიოდიზელი ჯორჯია“ უკვე ხუთი წელია მოღვაწეობს ამ სფეროში და ხანდახან გულდაწყვეტილებიც კი ვიყავით ხოლმე რომ ასეთ საქმეს ვაკეთებთ - წარმოება შევქმენით, სამუშაო ადგილები შევქმენით,  გარემოს ვასუფთავებთ მავნე ნარჩენებისგან, ალტერნატიულ საწვავს ვაწარმოებთ,  ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობას ვაძლიერებთ, საქართველოს ვეხმარებით საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში  და ყოველივე ამის მიუხედავად, ჩვენი შეხედულებით,  შესაბამისი ყურადღება არ იყო სახელმწიფოს მხრიდან.

ამიტომ ძალიან სასიხარულოა რომ მელიორამ დაინახა და დააფასა ჩვენი მოღვაწეობა. კონკურსის დამსახურებით კიდევ უფრო მეტმა გაგვიცნო, ყველა ჩვენმა პარტნიორმა - მომწოდებლებმა თუ მომხმარებლებმა ეს ყველაფერი გაიგო, ბიზნეს პარტნიორები გვილოცავენ, ფართო საზოგადოებამ შეიტყო და დააფასა „ბიოდიზელი ჯორჯიას“ საქმიანობა. ამან მოგვცა კიდევ უფრო მეტი  მოტივაცია. ჩვენ უფრო მეტი ენთუზიაზმით ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს სხვა, ახალ, მასშტაბურ „მწვანე“ პროექტებზე. 

ვფიქრობთ „Meliora“ ძალიან საჭირო და აუცილებელი კონკურსია. დღევანდელ სამყაროში ბიზნესი ეს არ არის მარტო კომერცია, ძალიან ხშირად ბიზნესი განსაზღვრავს სოციალურ ტრენდს, რომელსაც საზოგადოებაც მიჰყვება. ჩვენს შემთხვევაში ეს არის ბიზნესის მიერ გარემოს დაცვის მიმართულება, „მწვანე“ ბიზნესი, რაზეც, შესაძლებლობების ფარგლებში, აქტიურად ვმუშაობთ.

პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის მეშვეობით მოხდა ჩვენი შრომის აღიარება და დაფასება, როგორც ადგილობრივი, ისე  საერთაშორისო პარტნიორებისა და კერძო თუ სამთავრობო სტრუქტურების,  ფართო საზოგადოების მიერ.

“Meliora”-ს გამარჯვებულის სტატუსი დამატებით პრესტიჟსა და ღირებულებას სძენს ჩვენს კომპანიას.  მადლობა თქვენ, მადლობა ჟიურის წევრებს ჩვენი საქმიანობის დაფასებისთვის! 

დიდი მადლობა თქვენ, საინტერესო ინტერვიუსთვის, წარმატებებს გისურვებთ!

 

ესაუბრა:

გვანცა გილაური

უკან დაბრუნება