10/04/2024
ინტერვიუების სერია Meliora-ს გამარჯვებულებთან
თიბისი ბანკი Meliora–ს გამარჯვებულია გამჭირვალობისა და ანგარიშგების კატეგორიაში. კომპანიებისთვის აღნიშნულ კატეგორიაში მონაწილეობა უკვე წარმატებაა, რადგან საქართველოში არც თუ ისე ბევრ კომპანიას აქვს მდგრადი განვითარების ანგარიშგების პრაქტიკა.
თიბისის გამოცდილების გაზიარების მიზნით გთავაზობთ ინტერვიუს მაკა ბოჭორიშვილთან, თიბისი ბანკის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების კოორდინატორთან.
მაკა, გვიამბეთ როგორ მივიდა თიბისი ამ ეტაპამდე და როგორი იყო ანგარიშგების დოკუმენტზე მუშაობის პროცესი.
საქართველოში მდგრადი ანგარიშგების დოკუმენტზე მუშაობის დიდი ტრადიცია, არ გვაქვს. როგორც წესი, ანგარიშგება ფინანსური სექტორისთვის დაკავშირებულია საკანონმდებლო მოთხოვნებთან ან მარეგულირებლის ვალდებულებებთან. ჩვენ ვაქვეყნებთ მდგრადობის ვრცელ ანგარიშს, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი საქმიანობის გამჭვირვალობა. ასევე, ანგარიშგების მეშვეობით ხელს ვუწყობთ საზოგადოების განათლებას მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ვფიქრობ, ზოგადად, მეტი მუშაობაა საჭირო ანგარიშგების კულტურის განვითარებაზე, რომ ორგანიზაციებს და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს ვაჩვენოთ, რატომაა ეს აუცილებელი და საჭირო.
თიბისი ბანკმა პირველ მდგრადი განვითარების ანგარიშზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ოპერირება, მათ შორის მდგრადი განვითარების ანგარიშების ყოველწიურად გამოქვეყნება.
მდგრადობის მიმართულებით გამჭირვალობის ნაწილში, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო ანგარიშგების გლობალური ინიციატივის სტანდარტების მიხედვით (GRI) ანგარიშის გაკეთება. GRI არის ყველაზე გავრცელებული და აღიარებული გლობალური ფორმატი მდგრადი განვითარების ანგარიშგების სფეროში.
GRI-ის სტანდარტებს აქვს განსაზღვრული ფორმატი, რომელიც მოიცავს ორგანიზაციის საქმიანობის სოციალურ, ეკონომიკურ, გარემოს დაცვით და მმართველობით ასპექტებს. ანგარიშის შინაარსის განსასაზღვრად საჭიროა სტანდარტების მიხედვით არსებითი საკითხების იდენტიფიცირება. ანგარიშში GRI სტანდარტებთან ერთად წარმოდგენილი გვაქვს ჩვენი ღირებულებები და კორპორატიული კულტურა. თიბისი, ასევე, არის გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის წევრი, რაც ნიშნავს, რომ ვიზიარებთ მდგრადი განვითარების პრინციპებს და გააზრებული გვაქვს ჩვენი ზეგავლენა.
ანგარიშში არსებითი საკითხები ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით განისაზღვრება. ესენია: ხარისხიანი განათლება, გენდერული თანასწორობა, ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია, ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა, მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა, შემცირებული უთანასწორობა, მდგრადი მოხმარება და წარმოება, კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები, მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები, პარტნიორობა მიზნების მისაღწევად.
მოგვიყევით როგორია ანგარიშზე მუშაობის პროცესი?
საკმაოდ კომპლექსური პროცესია, პირველ რიგში მოიცავს ინფორმაციის სხვადასხვა გზით მოპოვებასა და დამუშავებას. ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს დაინტერესებულ მხარეებთან. მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან ვატარებთ სხვადასხვა ტიპის ინტერვიუებს, ეს შეიძლება იყოს გამოკითხვა, უკუკავშირის ფორმები, სიღრმისეული ინტერვიუ ან სხვა. ინფორმაციის ნაწილს ვიღებთ ჩვენი ფილიალებიდან.
ინვესტორებთან კომუნიკაციისას უპირატესობას ვანიჭებთ შეხვედრების ფორმატს. მათთან შეხვედრები გვაქვს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებზე, საჭიროების მიხედვით ვთავაზობთ გამოკითხვის სხვადასხვა ფორმებს.
ამ ანგარიშზე ვმუშაობთ მთელი წლის განმავლობაში. ვეცნობით ყველაფერს, რასაც თიბისი აკეთებს, ვინახავთ და ვამუშავებთ ამ ინფორმაციას, რომ ანგარიშზე მუშაობის დროს გვქონდეს საჭირო მასალა. უშუალოდ ანგარიშის წერაზე მუშაობა გამოქვეყნებამდე 6 თვით ადრე მაინც იწყება.
მაკა, თქვენ არაერთხელ აღგინიშნავთ, რომ უშუალოდ ანგარიშის დოკუმენტი აფირმაციულ ვიზუალურ მასალას ეფუძნება, რას გულისხმობს ეს, რომ განგვიმარტოთ?
ანგარიშში აფირმაციული ვიზუალური მასალის გამოყენება სხვადასხვა პატარა წესებსა და კრიტერიუმებს მოიაზრებს, თუმცა მთავარი წესია, რომ ჩვენს ანგარიშში გამოყენებულ ყველა ფოტოსურათზე გამოსახულია რაიმე ცოცხალი - ბუნება, ადამიანი, მცენარე ან ცხოველი. მეორე მიდგომა არის, რომ გამოყენებული ფოტოები აუცილებელია, იყოს რეალური, ორიგინალი და იმ საკითხებთან დაკავშირებული, რაზეც ვსაუბრობთ. ასევე, ჩვენი მიზანია, ყველა სურათი გამოხატავდეს მრავალფეროვნებას და, სადაც შესაძლებელია, ვაინტეგრირებთ სტერეოტიპების მსხვრევის კომპონენტს. ვიზუალური მასალა დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ცნობიერებაზე. შესაბამისად, ჩვენი მდგრადობის ანგარიშის თითოეული თავი დასურათებულია ინდივიდუალურად შერჩეული ვიზუალური მასალით, რომლებიც ეფუძნება ზემოთ ჩამოთვლილ პრინციპებს.
რა ფორმით აწვდით ინფორმაციას თქვენს დაინტერესებულ მხარეებს? თუ გაქვთ რაიმე მეთოდი, რომ თანამშრომლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მარტივად გააცნოთ მოცულობით დოკუმენტებში არსებული ინფორმაცია?
დიახ, რამდენიმე აქტივობა გვაქვს, მათ შორის, ყოველწლიურად გვაქვს მდგრადი განვითარების ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ღონისძიება, რომელსაც ჩვენი აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მასპინძლობს. ღონისძიებას ესწრებიან ჩვენი კოლეგები, მომხმარებლები, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (IFIs) წარმომადგენლები, სამთავრობო ორგანიზაციები და თიბისის მენეჯმენტი. ღონისძიებას აშუქებს 40-მდე სატელევიზიო და ონლაინ მედია საშუალება. მოწვეულ სტუმრებს ვაცნობთ ანგარიშის შინაარსს და მთავარ მიღწევებს წლის განმავლობაში. ღონისძიებას ყოველწლიურად აქვს შერჩეული მთავარი თემა, რომლის ირგვლივ იმართება პანელური განხილვა და დისკუსიები - 2023 წლის ღონისძიების მთავარი თემად მდგრადი ბიზნეს მოდელები შევარჩიეთ.
ჩვენ ყოველწლიურად ვაფართოებთ საქმიანობებსა და ინიციატივებს, რომ გავზარდოთ ჩვენი პროგრესი და დადებითი ზეგავლენა გარემოსა და საზოგადოებაზე მდგრადი განვითარების მისაღწევად. წელს გვსურს, დავნერგოთ კვლევების პრაქტიკა ESG ცნობიერების გაზომვის მიმართულებით, ინვესტორებთან, თანამშრომლებთან და ჩვენს მომხმარებლებთან. სწორედ ამ კვლევების მეშვეობით შევძლებთ, უკეთესად შევაფასოთ, მდგრადი განვითარების რა მიმართულებებია მათთვის პრიორიტეტული და როგორია მათი ცნობიერება მდგრადობის საკითხებზე.
ანგარიშების გამოქვეყნება არის პასუხისმგებლობა და დაპირება, რომ საქმიანობას ღირსეულად გააგრძელებ. ამ კატეგორიაში წარდგენილ სხვა კომპანიებს მხოლოდ და მხოლოდ ვულოცავ რომ აქვთ ასეთი ანგარიშები. მდგრადი განვითარების ანგარიშზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი და კომპლექსურია, რადგან ის მოიცავს კომპანიის საქმიანობის ყველა მიმართულებას და სფეროს.
მაკა, როგორ შეაფასებდით ზოგადად პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის როლს?
Meliora ემსახურება კორპორაციული მდგრადობის საკითხის მნიშვნელოვნების წინ წამოწევას, ბიზნეს კომპანიების თუ საზოგადოების განათლებას ამ კუთხით. უშუალოდ ანგარიშგების საკითხს რაც შეეხება, ის კომპანიებს ეხმარება ანგარიშვალდებულების კულტურის ჩამოყალიბებაში. ასეთი ანგარიშების გამოქვეყნება საკუთარი საქმიანობის, მიღწევებისა თუ გამოწვევების საჯაროდ გამჟღავნებაა. ის რაც ერთ წელს განხორციელდა, მომავალ წელს საკმარისი აღარ არის. სულ უფრო მეტი უნდა ვაკეთოთ და ეს არის პროგრესის მაჩვენებელი. ამ პროცესში კი ვიზრდებით და ვვითარდებით. Meliora პროგრესის გაზომვაში ნამდვილად უწყობს ხელს კომპანიებს.
მადლობას გიხდით ამ აღიარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა, როცა პროფესიონალები ხედავენ და აფასებენ გაწეულ შრომას.
დიდი მადლობა მაკა, წარმატებებს გისურვებთ!
ესაუბრა: გვანცა გილაური