CSR ბლოგი

ციფრული ტრანსფორმაციის კომპანია "Qwerty“- "Supergmiri.ge“-ის მხარდასაჭერად

ციფრული ტრანსფორმაციის კომპანია "Qwerty“- "Supergmiri.ge“-ის მხარდასაჭერად

29/04/2024

კომპანია „Qwerty“, საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, „Meliora“-ს წინა წლის გამარჯვებულია სექტორთა პარტნიორობის კატეგორიაში, პროექტით „Supergmiri.ge-ს მხარდაჭერა“.

გვინდა გიამბოთ აღნიშნულ CSR ინიციატივაზე, რომელიც ნათლად წარმოაჩენს ბიზნეს კომპანიასა და საზოგადოების საკეთილდღეოდ მომუშავე ორგანიზაციას შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითს.

კომპანია „Qwerty“ 2019 წელს დაფუძნდა და უკვე ოთხ ქვეყანაში საქმიანობს ვებ მომსახურების, ბრენდინგისა და ციფრული მარკეტინგის სერვისების მიწოდების მიმართულებით.

„Supergmiri.ge“ არის ციფრული პლატფორმა, რომელიც ქველმოქმედების გრძელვადიან და გამჭვირვალე მოდელს გვთავაზობს. საქართველოს მასშტაბით, სუპერგმირის გუნდის წევრები აგროვებენ სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების ისტორიებს, არკვევენ მათ ინტერესებს, სურვილებს და პლატფორმის საშუალებით  პოტენციურ სუპერგმირებს აცნობენ ამ ბავშვების საჭიროებებს. დონორი თავისი სურვილით ირჩევს ბენეფიციარს და იწყებს მის მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით.

„Supergmiri.ge“ -ს უმთავრესი გამოწვევა გრძელვადიანი ტექნიკური მხარდაჭერაა, რასაც პლატფორმის რთული ფუნქციონალი მოითხოვს. სწორედ ამ მიზნით, „Qwerty“-ის გუნდმა გადაწყვიტა გამხდარიყო პროექტის პარტნიორი და სუპერგმირს ონლაინ პლატფორმის უზრუნველყოფისთვის საჭირო ყველა სახის დეველოპერული მომსახურება სრულიად უსასყიდლოდ გაეწია.

„Qwerty“ -ის გუნდმა შექმნა მძლავრი ავტომატიზებული პლატფორმა, რომლის მართვასაც მინიმალური ადამიანური რესურსი სჭირდება.

გაუმჯობესებული ფუნქციონალის მეშვეობით დონორებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ ხარჯებს, ამანათებს, გაუგზავნონ წერილები თუ დამატებითი საჩუქრები თავიანთ ბენეფიციარებს.

პლატფორმა მოქნილი და გამჭვირვალეა, რაც სანდოობის გარანტია. უახლესი მონაცემებით „Supergmiri.ge“ -ზე რეგისტრირებულია 458 ბენეფიციარი და 356 სუპერგმირი. ჯამში შეგროვებულია 1,637,098 ლარი.

„ჩვენ ვიპოვეთ გზა, როგორ გამოვადგეთ ჩვენს ირგვლივ მყოფ საზოგადოებას და როგორ მივაღწიოთ გრძელვადიან დადებით ზეგავლენას მასზე. მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისებისა და ჩვენი რესურსების გაერთიანების გზით, ჩვენ, როგორც გუნდი, ამ გუნდის უკეთეს ვერსიად ვყალიბდებით“. დავით წიკლაური, „Qwerty“-ის გენერალური დირექტორი.

 

სტატიის ავტორი: გვანცა გილაური

უკან დაბრუნება