CSR ბლოგი

გაიგეთ, როგორ შეიძლება იზრუნოს პასუხისმგებელმა დამსაქმებელმა შვებულებიდან დაბრუნებული თანამშრომლების მხარდაჭერაზე

გაიგეთ, როგორ შეიძლება იზრუნოს პასუხისმგებელმა დამსაქმებელმა შვებულებიდან დაბრუნებული თანამშრომლების მხარდაჭერაზე

10/09/2024

ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბება, თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და სამართლიანი სამუშაო პირობების უზრუნველყოფა თანამედროვე ორგანიზაციებისთვის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს წარმოადგენს.

მოგეხსენებათ, დასაქმებულები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ  ეთიკურ და პასუხისმგებელ მიდგომებს, შიდა ორგანიზაციულ პოლიტიკას, პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, რომელსაც კომპანია სთავაზობს. შესაბამისად, დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად და პროფესიონალების მოსაზიდად, ორგანიზაციებს უწევთ ფიქრი და სტრატეგიული მუშაობა თანამშრომელთა სურვილებისა და ინტერესების დაკმაყოფილებაზე.

ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ პასუხისმგებელი დამსაქმებელი უნდა ზრუნავდეს თანამშრომლების ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე. როგორ და რა ფორმით ეს უკვე ორგანიზაციის გადასაწყვეტია.

ამ ბლოგის შექმნის მიზანი ახალი სამუშაო წლის დაწყებასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში დახმარებაა.

რადგან ვთანხმდებით, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობა პირველ რიგში იწყება თანამშრომლებზე ზრუნვით,  ორგანიზაციებმა უნდა გაითვალისწინონ რა სირთულეები შეიძლება ახლდეს ახალი სამუშაო წლის დაწყებას. პრობლემების აღიარების შემდგომ კი საჭიროა მათი ეფექტურად გადაჭრის გზების ძიება.

ვისაც გქონიათ არასასიამოვნო განცდები, რომელიც შვებულების შემდგომ სამუშაო ადგილზე დაბრუნებას ახლავს, მიხვდებით რა რთულია თავისუფალი დროის დაკარგვის შიშთან გამკლავება, განსაზღვრულ სამუშაო გრაფიკთან შეგუება და ვალდებულებების, პასუხისმგებლობების გააზრება.

ამ რთულ გზაზე თანამშრომლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის მხარდაჭერა. თუ ისევ ფიქრობთ რატომ, შეგახსენებთ, რომ მათი კმაყოფილება პირდაპირ კავშირშია ორგანიზაციის წარმატებასთან. ყველას სჭირდება პროდუქტიული თანამშრომელი, რომელიც კომპანიას მოუტანს წარმატებას. ამგვარი პროფესიონალების შენარჩუნება კი ორგანიზაციის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს.

თუ ყველაფერი გასაგებია, შეგვიძლია ვისაუბროთ იმ რჩევებზე, რომლებიც შვებულებიდან დაბრუნებული თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებაში დაგვეხმარება.

#1 პირველი და მთავარი გუნდის შთაგონებაა ორგანიზაციის დიადი მიზნებით.  თუ გსურთ, რომ შვებულებიდან დაბრუნებულმა თანამშრომლებმა ნაკლები იფიქრონ თავისუფალი დროის დანაკლისზე და მისგან გამოწვეულ სტრესზე, მათი ყურადღება უნდა გადაიტანოთ იმ სასარგებლო საქმეზე, რასაც ყოველდღიურად ემსახურებიან. საჭიროა მათ შეახსენოთ ორგანიზაციის მისია, მიზნები, ღირებულებები და დაეხმაროთ  საკუთარი როლის გაცნობიერებაში.

#2 ეფექტურია, თანამშრომლებთან ერთად, სამუშაო ვალდებულებების მიღმა, წლის მანძილზე განსახორციელებელი აქტივობების დაგეგმვა, რომლებსაც გუნდის შეკავშირების, გაერთიანების, წახალისების მიზანია აქვს. ამ ყველაფრის კალენდარზე გადატანა თანამშრომლებს დაეხმარება სამუშაო პერიოდშიც დაინახონ განტვირთვის შესაძლებლობა.

#3 სამუშაო გრაფიკის ეტაპობრივად დატვირთვა და დავალებების ნელ-ნელა გართულება სტრესისგან დაიცავს თქვენს თანამშრომლებს და მათ დაეხმარება სამუშაო რეჟიმთან შეგუების პროცესში.

#4 არც „Back to work” წვეულების მოწყობა იქნებოდა ურიგო. ეს შეიძლება გუნდის შეკავშირების აქტივობად იქცეს, რომელსაც წლის დასაწყისში თანამშრომელთა მოტივირების მიზანი ექნება.   

#5 და ბოლოს, ხშირად უთხარით მადლობა თქვენს კოლეგებს. შრომის დაფასება და აღიარება თანამშრომელს მეტ მოტივაციას სძენს, ამიტომ არ დაიშუროთ კომპლიმენტები და ეცადეთ აგრძნობინოთ თქვენს თანამშრომლებს, რომ სწორედ ისინი ქმნიან ამ ორგანიზაციას. 

ავტორი: გვანცა გილაური

წყაროები: https://www.talentlms.com/blog/back-to-work-after-vacation/

https://folksrh.com/en/blog/tips-to-motivate-employees-when-they-return-from-vacation/

უკან დაბრუნება