16/10/2024
ბიზნეს საქმიანობის დაწყება დაცლილ სოფელში შესაძლოა წარმოუდგენელი ჩანდეს, თუმცა გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში არსებული სკიჯის სახლი ნამდვილად კარგი მაგალითია იმის, რომ ყველა ჩვენგანს შეუძლია წვლილის შეტანა სოფლის გაძლიერების საქმეში.
სკიჯი ოჯახური წამოწყებაა, რომელიც ბიზნეს საქმიანობაში ითვალისწინებს მწვანე, მდგრად მიდგომებს. გამოირჩევა პასუხისმგებელი ინიციატივებით, რის გამოც გვსურს უფრო მეტი გიამბოთ მათზე.
ამისათვის შევხვდით მაკო ცირეკიძეს, სკიჯის სახლის ოჯახის წევრს და თანადამფუძნებელს, რომელიც მოგვიყვება რა იდეის ირგვლივ გაერთიანდა ოჯახი და როგორ შეიქმნა ბიზნესი, რომელიც ერთობლივი ძალებით კიდევ უფრო იზრდება და ვითარდება.
მაკო, მადლობა ინტერვიუსთვის, მოდი მოგვიყევი როგორია სკიჯის სახლის ისტორია, როდის დაფუძნდა და როგორ განავითარეთ იდეა.
პირველ ყოვლისა დიდი მადლობა. სკიჯის სახლით დაინტერესება ყოველთვის ძალიან გვახარებს. როგორც აღნიშნე ესაა ერთი დიდი ოჯახის ერთობლივი შრომის შედეგი.
სკიჯის იდეა ეკუთვნის ჩემს ბიცოლას, დარეჯან-დაკა ბერძენიშვილს, რომლის სურვილიც იყო 50 წლის შემდეგ ცხოვრება და საქმიანობა ქალაქისგან მოშორებით, სოფელში გაეგრძელებინა, ერთ ზაფხულსაც გურიაში შვებულებით წასული დაკა, ქალაქში აღარ დაბრუნდა. იმავე წელს აწარმოე საქართველოს ფარგლებში პირველად გამოცხადდა მიკრო და მცირე გრანტების პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო - დაწერა ბიზნეს გეგმა, გაიარა შერჩევის ყველა ეტაპი და მოიგო 5000 ლარიანი გრანტი, რითაც ჩირის წარმოება დაიწყო.
ჩირის წარმოება იმიტომ, რომ სოფელში ძალიან ბევრი ხილი მოდის, რომელიც არის შეუწამლავი, ბუნებრივი და საჭიროებს სწორად ათვისებას.
თითქმის თავიდანვე გაცნობიერებული გვქონდა რომ კარგ და შინაარსიან საქმეს ვკიდებდით ხელს. იმაზე მეტს ვიდრე უბრალო ბიზნესია...
ადგილზე ყოფნით და საქმიანობის დაწყებით ჩვენი კარ-მიდამო მეტად მოვაწესრიგეთ. თავდაპირველად სკიჯიც (ჩირი) სახლის პირობებში მზადდებოდა, ამიტომ მაქსიმალურად ვზრუნავდით სისუფთავესა და კომფორტზე. საბოლოოდ ისეთი პირობები შევქმენით, რამაც დაგვაფიქრა ტურისტული მიმართულების განვითარებაზეც. გადავწყვიტეთ მიგვეღო სტუმრები, რომლებიც დაინტერესდებოდნენ სოფლის ცხოვრებით, იქნებოდნენ ჩვენთან ერთად და სიამოვნებით ჩაერთვებოდნენ სოფლის ყოველდღიურ საქმიანობაში. მაშინ არ ვიცოდით რომ ამას აგროტურიზმი ერქვა.
უნდა ითქვას, რომ სკიჯი არის ძალიან გულისხმიერი და გულშემატკივარი ადამიანების მხარდაჭერის შედეგი. ვინც კი გაიგებდა ჩვენს შესახებ ან მოხვდებოდა ჩვენთან მაშინვე იწყებდა ფიქრს იმაზე თუ რისი გაკეთება შეეძლო აქაურობისთვის. ყველას უნდოდა რომ თავისი პატარა აგური დაედო სკიჯისთვის.
გარდამტეხი იყო 2020 წელს მოგებული USAID -ის პროექტი, რომლის ფარგლებშიც შევძელით წარმოების გაზრდა. ეზოშივე ავაშენეთ სკიჯის დამოუკიდებელი საწარმო, რომლისთვისაც თანამედროვე, ევროპული მანქანა-დანადგარები სწორედ დონორმა შეგვიძინა.
ამ პროექტის მთავარი ხიბლი ის არის რომ წარმოება განთავსებულია 150 წლიან გურულ ოდაში, სადაც სრულად არის შენარჩუნებული გურული ოდის არქიტექტურა, გამორჩეული დეტალები, სუნიც კი... აღჭურვილია თანამედროვე ევროპული მანქანა დანადგარებით, საწარმოო პროცესი კი HACCP-ის სტანდარტით იმართება.
მაკო, ამჟამად რამდენი ადამიანია თქვენთან დასაქმებული?
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმებულები არიან ჩვენი ძვირფასი მეზობლები, ჯერჯერობით სულ 10 ადამიანი, მაგრამ განვითარებასთან ერთად ეს რიცხვი გაიზრდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ ღირსეული დამსაქმებლები და ანაზღაურების ნაწილშიც მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყოთ შრომის კოდექსთან შესაბამისობაში.
დიდი იმედი გვაქვს ასევე ახალგაზრდების. ჩვენ ახლახან დავიწყეთ სკოლასთან თანამშრომლობა. ზაფხულში, სეზონურ სამუშაოზე რამდენიმე მოსწავლე დავიხმარეთ, 16 წლიდან ზევით ასაკის - როგორც წარმოების, ისე სტუმარმასპინძლობის სფეროში. იმედი გვაქვს, რომ მიღებული გამოცდილება და პროცესში ჩართულობა მათ დაეხმარებათ სამომავლოდ პროფესიის არჩევაში.
მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივების ჩართულობა და განსაკუთრებით ახალგაზრდების მონაწილეობა ასეთ საქმეში.
მაკო, რა გარემოს დამზოგავი ინიციატივები გაქვთ და საწარმოო პროცესში თუ ითვალისწინებთ მდგრად, ეკო-მეგობრულ მიდგომებს?
რადგან ჩვენი პირდაპირი საქმიანობა ჩირის წარმოებაა ამით დავიწყებ. ვიყენებთ ადგილობრივ, ნატურალურ პროდუქტებს, შეუწამლავ ხილს, რომელსაც ადგილობრივებისგან ვყიდულობთ. ვიცნობთ ჩვენს ყველა მომწოდებელს და ზუსტად ვიცით, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტებს გვაწვდიან.
საწარმოო პროცესი აბსოლუტურად უდანაკარგოა და ასე გამოიყურება:
აქედან გამომდინარე არაფერი არ გვრჩება. პროდუქტების ათვისება ხდება მაქსიმალურად.
რაც მთავარია გასულ წელს დავნერგეთ HACCP-ის სტანდარტი. მივიღეთ სერტიფიცირება და პროდუქტი არის სანდო და ყველა სტანდარტის დაცვით შექმნილი.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლობით მოხმარების მიზნით, საკანალიზაციო სისტემა ბიო გამწმენდი სეპტიკით გავმართეთ. ნახმარი წყლები იფილტრება და ამ რესურსს სარწყავად ვიყენებთ.
ძალიან გვინდოდა განახლებადი ენერგიის წყაროსთვის მზის პანელების მონტაჟიც. სწორედ ამ ზაფხულს, გურიაში, საოჯახო სასტუმროებისთვის გამოცხადდა სადემონსტრაციო პროექტი რომელიც ასევე ითვალისწინებდა თანამონაწილეობის პირობას. გავაკეთეთ განაცხადი, გავიმარჯვეთ და უკვე დაგვიმონტაჟეს კიდეც.
ასევე, ჩვენი პროდუქციის შეფუთვაშიც გათვალისწინებულია ეკო-მეგობრული მიდგომა. ჩირისაგან დამზადებული კანფეტების შესაფუთად ვიყენებთ ბუნებრივ მასალას, კრაფტის ქაღალდს და სიმინდის ფუჩეჩს, რომელიც ირეცხება, შრება, იჭრება და ხმარდება წარმოებას. ასევე ნარჩენების მართვას რაც შეეხება, ჩვენი რესურსებით ვამზადებთ კომპოსტს საკვები ნარჩენებისგან, რომელიც ისევ ჩვენს ხეხილს ხმარდება.
შარშან ავაშენეთ სამი დამოუკიდებელი კოტეჯი. იქვეა ტერასულად გაშენებული ხეხილის ბაღები. ყველა ტერასას თავისი ტიპის კოტეჯთან მიყავხარ.
ციტრუსი, კენკრა და კურკა ასე დავარქვით თითოეულ მათგანს რომლებიც თავიანთი ტიპის ხეხილითაა გარშემორტყმული.
ყველა შენობა-ნაგებობა ერთ საკარმიდამო სივრცეშია: საცხოვრებელი სახლი, 150 წლიანი გურული ოდა/საწარმო, 3 დამოუკიდებელი კოტეჯები, ხეხილის ბაღი, ბოსტანი, ყვავილნარი, გურული ქუხნა კულინარიული მასტერკლასებისთვის. გარე საზაფხულო სადეგუსტაციო სივრცე განსაკუთრებული ვახშმებისთვის.
აქვე აღვნიშნავ, რომ კოტეჯების აშენებისას გავითვალისწინეთ ლანდშაფტის თავისებურებები. ვართ ეკოტურიზმის ასოციაციის წევრი. მათი მიზანია რომ მსგავსი ტიპის ბიზნესებს რეგიონებში უპოვონ ეკო-მეგობრული გადაწყვეტები და ჩვენც მუდამ ვითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს.
ვეცადეთ მშენებლობაში მხოლოდ ბუნებრივი მასალა გამოგვეყენებინა. ეკო-მეგობრული იდეიდან გამომდინარე ჩვენს კოტეჯებში ვერ ნახავთ არაბუნებრივ გადაწყვეტებს: მაგალითად კონდიციონერს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ადამიანი ჩვენთან მოდის სუფთა ჰაერის, ჯანსაღი პროდუქტის და ბუნებრივი გარემოს გამო, სადაც არ უნდა ისუნთქოს ფრეონი და მსგავსი არაბუნებრივი რამ. შესაბამისად, გაგვიხარდება თუ ჩვენი სტუმრებიც უფრო გააზრებულად მიუდგებიან ამ საკითხს.
მაკო რა გეგმები გაქვთ? ხომ არ აპირებთ კოტეჯების დამატებას, ან სხვა პროდუქტების წარმოებასაც?
ტურისტული მიმართულება გვეხმარება სკიჯის საქმიანობის უზრუნველყოფაში. თუ ჩირის წარმოებას სჭირდება უფრო მეტად რესურსების გაცემა და ამონაგები შეიძლება გვიან იყოს, სასტუმროდან მიღებული შემოსავალი მალევე აისახება და ის გვეხმარება ძირითადი საქმიანობის შენარჩუნებასა და განვითარებაში. ეს ბიზნესები ერთმანეთს აძლიერებენ.
სიმართლე რომ გითხრათ, გვინდა ეს საქმიანობა ჩვენთვის იყოს სიამოვნება და არა ტვირთი. სამი კოტეჯის სტუმართან რა კომუნიკაციაც გვაქვს ეს ვერ გვექნება 100 სტუმართან. მთავარი არის ხარისხი, საქმეს უნდა ეტყობოდეს, რომ კეთდება სიამოვნებით, ამიტომაც ჯერჯერობით იმის დახვეწასა და განვითარებაზე ვართ ორიენტირებულები რაც გვაქვს.
ძალიან გვინდა რომ ადგილობრივებს გავუჩინოთ მოტივაცია და ვაგრძნობინოთ რომ მათი ეზო-კარი ღირებული და შემოსავლიანია. გაგვიხარდება თუ სხვა მეზობლებიც დაიწყებენ მცირე ბიზნესებს, რომლებიც მხოლოდ გააძლიერებს სოფელს.
მაკო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის, წარმატებებს გისურვებთ!
ჩვენი ინტერვიუდან ალბათ ადვილი მისახვედრია, რომ სკიჯი ჩირის ნაირსახეობაა, მაგრამ აქვე დავძენ, რომ „სკიჯი“ არის ძველი ქართული სიტყვა და ნიშნავს ხმელ ყურძენს, იგივე ქიშმიშს. ჩვენი სკიჯის შეძენა კი შესაძლებელია „წერტის“ და „ქუქი ბეიქერის“ მაღაზიათა ქსელებში. ასევე, აქტიური სამზადისი გვაქვს საახალწლო კორპორაციული შეკვეთებისთვის.
ესაუბრა: გვანცა გილაური