28/10/2024
მსოფლიოში პირველად, შვეიცარიის რკინიგზის ლიანდაგებს შორის დამონტაჟდება მზის პანელები, რომლებიც უზრუნველყოფს მზის ენერგიის გენერირებას.
სამწლიანი საპილოტე პროექტის განხორციელებას, ნევშატელის კანტონში, 2025 წლის გაზაფხულზე დაიწყებს კომპანია „Sun-Ways.“
ნევშატელის რკინიგზის სადგურში დამონტაჟდება 48 მზის პანელი, რომელიც ყოველწლიურად გამოიმუშავებს 16,000 კვტ/სთ-ს მზის ენერგიას.
მზის პანელები დაიგება შვეიცარიული კომპანიის „Scheuchzer“-ის სპეციალურად შექმნილი მატარებლით, რომელსაც შეუძლია დღეში 1000 კვადრატულ მეტრამდე პანელების დამონტაჟება.
„Sun-Ways“-ის ტექნოლოგიით, სარკინიგზო ლიანდაგებს შორის დაგებული მზის პანელები მატარებლის მოძრაობას არ აფერხებს და უსაფრთხოა მისი გადაადგილებისთვის. პანელების სისტემის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მათი სწრაფად დემონტაჟის შესაძლებლობაა, რაც მოსახერხებელია და ამცირებს სხვადასხვა ტიპის რისკებს.
კომპანია განიხილავს საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობებს, საერთაშორისო ბაზრების ათვისებას - ესპანეთში, რუმინეთში, სამხრეთ კორეასა და ავსტრალიაში.
“Sun-Ways” მიზანია, მზის ელექტროენერგიის წარმოების გზის შეცვლა, რკინიგზის ლიანდაგებს შორის მოსახსნელი მზის პანელების დამონტაჟებით.
ამ ინოვაციური ტექნოლოგიის წარმატებას ეჭვქვეშ აყენებენ დარგის ექსპერტები. რისკების ანალიზისას განიხილება პანელების გამძლეობის საკითხი გარეგანი დაზიანებისას ან ხანძრის დროს. ასევე არსებობს კრიტიკული მოსაზრებები მზის პანელების ამინდის პირობებთან თავსებადობაზე. ექსპერტების აზრით, თოვლმა და ყინულმა შესაძლოა ხელი შეუშალოს პანელების ფუნქციონირებას, თუმცა კომპანია აქტიურად მუშაობს, რომ სისტემამ შეძლოს გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირება მთელი წლის განმავლობაში.
წყაროები: