31/10/2024
თქვენი აზრით, რამ შეიძლება მოუტანოს კონკურენტული უპირატესობა არც ისე ცნობილ, მცირე ზომის კომპანიას?
შესაძლოა მრავალი არგუმენტი გაგახსენდეთ და მათგან ყველა თანაბრად მნიშვნელოვანი იყოს, თუმცა რადგან ჩვენი ბლოგი კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებს ეხება, მოდით, ამ კუთხით განვიხილოთ თემა.
ნებისმიერი ტიპის ბიზნესის შექმნის მთავარი მოტივი არის მოგების მიღება. თუმცა, ბიზნესის განვითარება, გუნდის ფორმირება, შიდა და გარე პროცესების მართვა მოითხოვს კომპანიის მხრიდან ისეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას, როგორიცაა ორგანიზაციული კულტურა, ეთიკური ბიზნეს საქმიანობა, ზეგავლენების იდენტიფიცირება და მართვა, დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაცია და სხვა.
ალბათ დამეთანხმებით, რომ ადამიანური და ფინანსური რესურსების არსებობის მიუხედავად, აღნიშნული საკითხების სრულად გათვალისწინება ბიზნეს საქმიანობაში დიდი ზომის კომპანიებსაც კი უჭირთ.
მაგრამ იცოდეთ, რომ თუკი მსხვილი ბიზნესისთვის ეს ყველაფერი თავსატეხია, მცირე ზომის კომპანიისთვის შეიძლება გამორჩეულობის მთავარი მიზეზიც კი გახდეს.
მოქნილობა და ბიზნესის განვითარების სწორი ხედვა არის ის უპირატესობა, რისი გამოყენებაც შეუძლიათ მცირე ზომის კომპანიებს. მათ აქვთ საშუალება, რომ ბიზნესი თავიდანვე განავითარონ კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის პრინციპების გათვალისწინებით.
ამისათვის კი მთავარია:
#1 ბიზნესის ძირითადი სოციალური, ეკონომიკური თუ ეკოლოგიური ზეგავლენებისა და რისკების გააზრება, ამის შემდგომ კი მათი ეფექტური მართვა.
#2 ზეგავლენების მართვაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის ღიად წარმოდგენა - მაგალითად: როგორ ურთიერთობს კომპანია დაინტერესებულ მხარეებთან, რა აქტივობებს ახორციელებს თანამშრომელთა მხარდაჭერის, პროფესიული განვითარების კუთხით. უწყობს თუ არა ხელს ადგილობრივი თემის დასაქმებას, იყენებს თუ არა ენერგოეფექტურ აღჭურვილობას, რომელსაც ნაკლები ზეგავლენა აქვს გარემოზე და ა.შ.
#3 ბოლოს კი, ძალიან მნიშვნელოვანია მიღწეული შედეგების გაზომვა, შეფასება და თვლადი მონაცემების წარმოდგენა, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოს და გამჭვირვალეს გახდის კომპანიის საქმიანობას.
მაგრამ გახსოვდეთ, რომ მცირე ბიზნესისგან არავინ ელის მოცულობით პოლიტიკის დოკუმენტებს, 100 გვერდიან CSR სტრატეგიასა და ანგარიშს. დაინტერესებული მხარეები ელიან იმას, რომ თქვენი ბიზნესი იქნება პასუხისმგებელი, ეცდებით ზეგავლენების იდენტიფიცირებას, მათ სწორად მართვას და ბიზნეს საქმიანობისას მიიღებთ მდგრად, პასუხისმგებელ გადაწყვეტილებებს.
თუ შეგიმჩნევიათ, ბევრი მცირე ბიზნესი კომპანიის ღირებულებებიდან გამომდინარე ინტუიციურადაც კი მიმართავს პასუხისმგებელ მიდგომას, თუმცა დაინტერესებული მხარეების მოლოდინების საპასუხოდ, საჭიროა არსებული მიდგომების სწორად ფორმულირება და სტრუქტურირება.
მცირე ბიზნესს აქვს დიდი უპირატესობა იმისა, რომ იყოს ინოვაციური, ბაზარზე არსებული პრობლემების საპასუხოდ შეიმუშაოს უფრო მოქნილი, ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაეხმარება.
თავის მხრივ, კომპანიის CSR საქმიანობა აუცილებლად ხელს შეუწყობს კმაყოფილი და ლოიალური თანამშრომლების თუ მომხმარებლების მოზიდვასა და შენარჩუნებას, ინვესტორების ნდობის მოპოვებასა და ბიზნესის ეფექტურობის მიღწევას, რისკებისა და ხარჯების შემცირებასა და ახალი ბაზრების ათვისებას.
გახსოვდეთ, მდგრადობა შეიძლება იყოს გამორჩეულობის მიზეზი, ლურჯი ოკეანის სტრატეგია და ბიზნესის სუპერ ძალა!
ავტორი: გვანცა გილაური