04/11/2024
გიფიქრიათ იმაზე, თუ რისთვის არსებობს ბიზნესი? პირველი, ყველაზე მარტივი პასუხია: იმისთვის, რომ აწარმოოს პროდუქცია და სერვისები და ამ გზით მიიღოს მოგება, ანუ ბიზნესის არსებობის ძირითადი მიზანი მოგების მიღებაა. თუმცა დღევანდელ სამყაროში ეს მოსაზრება სულ უფრო მეტად კარგავს მხარდაჭერას. მართლაც, მხოლოდ მოგების მიღება, ანუ ფულის გენერირება არ არის ის კეთილშობილი ფუნქცია, რომელიც ვინმეს შთაგონებით აავსებს, თანამშრომელს მოანდომებს იმუშაოს კომპანიაში და ამ მუშაობაში მთელი გული ჩადოს, ან მომხმარებელს შეაყვარებს კომპანიას და მის ერთგულს გახდის. ადამიანებს მეტი სჭირდებათ. ადამიანებს სჭირდებათ მამოძრავებელი იდეა, ინსპირაცია, შეგრძნება, რომ სასიკეთო და სასარგებლო საქმეს ემსახურებიან, ადამიანებს უნდათ ისეთი ბიზნეს კომპანიები, რომლებიც სასიკეთო ცვლილებებს ახორციელებენ და მნიშვნელოვან მიზნებს ისახავენ.
საერთაშორისო ორგანიზაციები, მთავრობები, ინვესტორები თუ საზოგადოება სულ უფრო მეტად მოითხოვენ ბიზნესისაგან პასუხისმგებელ ქმედებებს, საზოგადოების და ბუნებრივი გარემოს პატივისცემას, ეთიკურ საქმიანობას, რადგანაც გლობალიზებულ სამყაროში იზრდება კომპანიათა ზეგავლენის მასშტაბი, ხოლო ზეგავლენას პასუხისმგებლობა მოსდევს. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მდგრადი განვითარების გლობალური მიზნები, რომლებიც ასახავს კაცობრიობის სწრაფვას თვითგადარჩენისა და უკეთესი, უფრო სამართლიანი და წარმატებული მომავლისკენ, ვერ იქნება მიღწეული ბიზნესის ჩართულობის გარეშე, რადგან ბიზნესი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში. შიმშილის და უთანასწორობის, თანამედროვე მონობის და ბავშვთა შრომის აღმოფხვრა, გლობალური დათბობის შეჩერება, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარება, მშვიდობა და თანასწორობა ვერ იქნება მიღწეული, თუ ბიზნესი აქტიურად არ ჩაერთვება ამ მიზნების მიღწევაში.
„თანამედროვე ‘ბრტყელ’ გლობალიზებულ სამყაროში გლობალური მოწოდების ჯაჭვებით, ძალთა თანაფარდობა მულტინაციონალურ კომპანიებსა და ცალკეულ ქვეყნებს შორის, რომლებშიც ისინი საქმიანობენ, სულ უფრო მეტად იხრება კომპანიათა სასარგებლოდ. ეს კომპანიები ფლობენ უფრო მეტ ძალაუფლებას, ვიდრე ნებისმიერი სხვა ინსტიტუცია პლანეტაზე, არა მხოლოდ დოვლათის შესაქმნელად, არამედ ღირებულებათა და იდეათა გადასაცემადაც” (თომას ლ. ფრიდმანი, ‘სამყარო ბრტყელია’, 2005).
სწორედ ამ რეალობას ასახავს გლობალური მოძრაობა B Movement. B მოძრაობა 2006 წელს დააფუძნა სამმა მეგობარმა, რომლებიც თვლიდნენ, რომ თანამედროვე ეკონომიკური სისტემა მალე ამოწურავს საკუთარ რესურსს თუ არ მოხდა მისი ტრანსფორმაცია უფრო ინკლუზიური და თანასწორობაზე დაფუძნებული პრინციპებისაკენ და რომ ამ ტიპის ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბებაში ბიზნესებმა უნდა ითამაშონ გადამწყვეტი როლი. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი თვლიდნენ, რომ ბიზნესი უნდა იყოს სასიკეთო ცვლილებების მამოძრავებელი. სწორედ ეს არის B მოძრაობის მისია -გარდაქმნას ბიზნესი სასიკეთო ცვლილებების მამოძრავებელ ძალად.
ამ მიზნის მისაღწევად დაფუძნდა B Lab - არამომგებიანი ორგანიზაცია, რომლის მიზანია გლობალური ეკონომიკის გარდაქმნა ისე, რომ ის ემსახუროს ყველა ადამიანის, საზოგადოების კეთილდღეობას და პლანეტას, ანუ ბუნებრივი გარემოს დაცვას. ასევე შემუშავდა კომპანიების სასერტიფიკაციო სქემა და სტანდარტები. პირველ წელს მათ 82 ბიზნესის სერტიფიცირება მოახდინეს. მას შემდეგ ამ სქემის მნიშვნელობა და პოპულარობა ძალიან სწრაფად და თავბრუდამხვევად გაიზარდა, რადგანაც მისი პრინციპები შესაბამისობაში იყო ზოგადად ეკონომიკური განვითარების ტენდენციებთან და ინვესტორთა ინტერესებთან. წელს უკვე 9000-ზე მეტი სერტიფიცირებული კომპანიაა მსოფლიოს 105 ქვეყანაში, რომლებიც 162 ინდუსტრიას წარმოადგენენ და 880 000-მდე ადამიანს ასაქმებენ. B Lab მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე მოქმედებს. მას აქვს წარმომადგენლობები ევროპაში, ბრიტანეთში, ლათინურ ამერიკაში, აშშ-ში, აფრიკაში, ავსტრალიაში და აზიის ქვეყნებში (იაპონიაში, ჰონ-კონგში, ტაივანში, სინგაპურში). კომპანიები, რომლებსაც მიღებული აქვთ ეს სერტიფიკატი, იწოდებიან B კორპორაციებად (B corps).
B კორპორაციები მიზნად ისახავენ დააბალანსონ მოგების მიზნები სოციალურ და გარემოსდაცვით მიზნებთან, დადებით შედეგებს მიაღწიონ სხვადასხვა მიმართულებით და არ იფიქრონ მხოლოდ მოგებაზე. B corps კომპანიებისთვის პრიორიტეტულია ნებისმიერი დაინტერესებული მხარე და არა მხოლოდ მეწილე და ინვესტორი. მისთვის იმდენადვე მნიშვნელოვანია მისი თანამშრომელი, მომხმარებელი, მომწოდებელი თუ მისი საწარმოს მეზობლად მცხოვრები ადამიანები.
თუმცა, იყო სერტიფიცირებული B კორპორაცია არ ნიშნავს, რომ მხოლოდ საზოგადოების სიკეთეზე ზრუნავ, ალტრუისტი ფილანთროპი ხარ და მოგება არ გაინტერესებს. პირიქით, B კორპორაციებს უკეთესი ფინანსური მაჩვენებლები აქვთ და უფრო მდგრადები არიან. ინვესტორებისთვის B სერტიფიკატი არის სანდო დასტური, რომ კომპანიას აქვს გამართული მართვის სისტემა, ეფექტურად ითვალისწინებს და აზღვევს სოციალურ და გარემოსდაცვით რისკებს, არის ეთიკური და მოქმედებს პასუხისმგებლობით; პოტენციური პარტნიორებისათვის ეს სერტიფიკატი არის დასტური, რომ კომპანია იქნება სანდო და კეთილსინდისიერი პარტნიორი, მასთან პარტნიორობით არ შეილახება მათი რეპუტაცია - სულ უფრო მეტი კომპანია ევროპასა და ამერიკაში ეძებს ისეთ პარტნიორებსა და მომწოდებლებს, რომელთა პასუხისმგებლობა მაღალია და რომლებთან პარტნიორობითაც მათ რეპუტაციული რისკი არ მიადგებათ, B სერტიფიცირებული კომპანიები კი სწორედ ასეთი სასურველი პარტნიორები არიან ყველასათვის; თანამშრომლებისთვის და პოტენციური თანამშრომლებისთვის კი B კორპორაციაში მუშაობა ნიშნავს კარგ სამუშაო პირობებსა და გარემოს, საკუთარი მუშაობით წვლილის შეტანას დიდი საზოგადოებრივ მიზნების მიღწევაში და საკუთარი კომპანიით სიამაყეს. საგულისხმოა, რომ დელოიტის მიერ 2024 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, Gen Z-ის რესპონდენტთა 86% ამბობს, რომ დიდი მიზნის არსებობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის სამსახურით კმაყოფილების ან ზოგადი კეთილდღეობის თვალსაზრისით. (2024 Gen Z and Millennial Survey by Delloitte).
მხოლოდ 2023 წელს ევროპაში სერტიფიცირებული B Corps კომპანიების რაოდენობა 46%-ით გაიზარდა.
ბრიტანეთში 2021 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ B Corps სერტიფიცირებული კომპანიები რამდენიმე მაჩვენებლით უსწრებენ იმავე ზომისა და სექტორის სხვა კომპანიებს, როგორებიცაა: ბრუნვის უფრო სწრაფი ზრდა, თანამშრომელთა შენარჩუნების და ჩართულობის უფრო მაღალი მაჩვენებელი, უფრო გამართული მართვის სისტემა, ინოვაციების მაღალი მაჩვენებელი, დაფინანსებაზე უკეთესი წვდომა და სხვა.
2023 წელს ევროკავშირში ჩატარებულმა კვლევამ, რომელმაც 11 000 რესპონდენტი მოიცვა 11 ქვეყნიდან, გამოავლინა, რომ ევროკავშირში ყოველმა მეშვიდე ადამიანმა იცი რა არის B კორპორაცია (ხოლო მილენიალებსა და Gen Z რესპონდენტთა შორის ყოველმა მეოთხემ) და მათი 69% შემსყიდველი გადაწყვეტილებისას უპირატესობას ანიჭებს ამ კომპანიებს.
იმისათვის, რომ კომპანიამ გაიაროს სერტიფიცირება, მან უნდა შეავსოს საქმიანობისა და ზეგავლენების თვითშეფასების ვრცელი კითხვარი (B Impact assessment/BIA), რომელიც მოიცავს 5 სფეროს - გარემოს დაცვა, თანამშრომლები, მომხმარებლები, საზოგადოება და კორპორაციული მართვა, და დააგროვოს ქულების გარკვეული რაოდენობა (80 ქულაზე მეტი). ამის შემდეგ კომპანიას შეუძლია შეიტანოს განაცხადი სერტიფიცირებაზე. თუმცა კომპანიას შეუძლია აგრეთვე გამოიყენოს BIA თვითშეფასების კითხვარი საკუთარი საქმიანობის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენისა და გაუმჯობესების დასაგეგმად, სერტიფიცირების გარეშეც.
დღეისათვის B corp სასერტიფიკაციო სქემა არის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და აღიარებული სასერტიფიკაციო სქემა რომელიც ადასტურებს, რომ კომპანიის საქმიანობა შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან პასუხისმგებელი და მდგრადი ბიზნესსაქმიანობის სფეროში. იყო სერტიფიცირებული B კორპორაცია ნიშნავს, რომ კომპანია აკმაყოფილებს პასუხისმგებელი და გამჭვირვალე ბიზნესსაქმიანობის მაღალ საერთაშორისო სოციალურ და გარემოსდაცვით სტანდარტებს და აღიარებულია პარტნიორების, ინვესტორების, საზოგადოებისა თუ საერთაშორისო და სამთავრობო ორგანიზაციების მიერ.
სწორედ ამიტომ საქართველოშიც ნელ-ნელა იზრდება ინტერესი ამ სასერტიფიკაციო სქემის მიმართ.
როგორც ამბობენ, B მოძრაობა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ტრენდი; ეს არის რევოლუცია, რომელიც ცვლის ჩვენს წარმოდგენას ბიზნესზე. B კორპორაციები არიან მაგალითი იმისა, რომ კომპანია უფრო წარმატებულია, როდესაც საზოგადოებისა და ბუნებრივი გარემოსთვის სასიკეთო ცვლილებებზე ზრუნავს.
ამიტომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც რაიმეს ყიდვას გადაწყვეტთ, გაარკვიეთ, არის თუ არა კომპანია B კორპორაცია. ამ ბიზნესების მხარდაჭერით თქვენ არა მხოლოდ პროდუქტს ყიდულობთ, არამედ მხარს უჭერთ უკეთეს მომავალს. ხოლო თუ ხართ კომპანია, რომელსაც სურს ზეგავლენის მოხდენა საკუთარი ქვეყნისა და მსოფლიოს კეთილდღეობაზე, B სერტიფიცირება თქვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.
მზად ხართ შეუერთდეთ B რევოლუციას?
ავტორი: ლელა ხოფერია