25/11/2024
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) ნებაყოფლობითი ვალდებულებაა აწარმოო ბიზნესი ეთიკურად და საქმიანობისას გაითვალისწინო საკუთარი მომხმარებლების, მომწოდებლების, თანამშრომლების, ბიზნესპარტნიორებისა და საზოგადოების ინტერესები.
კორპორაციული სამოქალაქო პასუხისმგებლობა (CCR) გულისხმობს ბიზნესის სამოქალაქო როლის გააზრებას და კომპანიის მზაობას, სამოქალაქო აქტივიზმით წვლილი შეიტანოს საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში. CSR -ის მსგავსად, ეს არის კომპანიის კეთილი ნების საფუძველზე აღებული პასუხისმგებლობა და არა სახელმწიფოს სამართლებრივი მექანიზმებით დაკისრებული ვალდებულება.
კორპორაციული სამოქალაქო პასუხისმგებლობის (CCR) ამოსავალი იდეაა ის, რომ ბიზნესების იზოლირებული საქმიანობა შეუძლებელია და მათი სტაბილურობა და კეთილდღეობა განუყოფლად არის დაკავშირებული იმ საზოგადოების სამოქალაქო ცხოვრებასთან, რომელშიც ის მუშაობს.
ბიზნესის კორპორაციული სამოქალაქო პასუხისმგებლობა:
#1 განამტკიცებს ბიზნესის კავშირებს საზოგადოებასთან;
#2 ზრდის თანამშრომელთა სამოქალაქო ცნობიერებას და მათ ჩართულობას საზოგადოებრივ პროცესებში;
#3 ხელს უწყობს და აძლიერებს დემოკრატიულ პროცესებს;
ბიზნესები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის სამოქალაქო ცხოვრებაში, ხელს უწყობენ იმ დემოკრატიული სისტემების გაძლიერებას, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ გრძელვადიან წარმატებას.
ტერმინიდან, კორპორაციული მოქალაქეობა (Corporate Citizenship) ნათლად ჩანს, რომ როგორც ადამიანს აქვს საზოგადოებრივი თუ მოქალაქეობრივი უფლებები და მოვალეობები, ანალოგიურია ბიზნესისთვისაც. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ კომპანიებს კარგად ჰქონდეთ გაცნობიერებული ის სამოქალაქო როლი და პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრიათ თავისი მომხმარებლების, მომწოდებლების, თანამშრომლების, ბიზნესპარტნიორებისა და საზოგადოების მიმართ. მით უფრო რომ ბიზნესს აქვს დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი, რომლითაც შეუძლია საკუთარი ღირებული წვლილის შეტანა ქვეყნის განვითარებაში.
ავტორი: გვანცა გილაური