12/12/2024
საქართველოში, 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაზარალებულთა მხარდასაჭერად, შეიქმნა “Prosperity Georgia“-ს სოლიდარობის ფონდი, რომელიც ქვეყანაში არსებული კრიზისული სიტუაციის დროს, საზოგადოების სასიკეთოდ გააერთიანებს ბიზნეს კომპანიების რესურსებს.
მოგეხსენებათ, საპროტესტო აქციები თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე მეთხუთმეტე დღეა გრძელდება და იგი უკავშირდება პრემიერ მინისტრის მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2028 წლამდე მთავრობა დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ამასთანავე ქვეყანა უარს ამბობს ევროკავშირის ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე და სესხზე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოჰყვა საზოგადოების უწყვეტი პროტესტი, რომელიც დღემდე გრძელდება. ყოველდღიურად, სამართალდამცავების მხრიდან აქციების დაშლის დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ ადგილი აქვს ძალის გადამეტებულ და არაპროპორციულ გამოყენებას, რის შედეგადაც არიან დაშავებულები, მათ შორის ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები. სამართალდამცავები მოქალაქეებს კანონდარღვევის საფუძველზე ადმინისტრაციული წესით აკავებენ, რა დროსაც ხშირია დაკავებულთა სასტიკად მოპყრობის, ცემის ფაქტები.
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 10 დეკემბრის მონაცემებით, დაკავებულია 460-ზე მეტი მოქალაქე, 430 -ადმინისტრაციული წესით, 31 -სისხლის სამართლის ბრალდებით.
ცემის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია 300-ზე მეტი ადამიანი. დაშავდა, დააკავეს და მუშაობაში ხელი შეუშალეს 90-ზე მეტ ჟურნალისტს. სამწუხაროდ დღემდე არ დასჯილა არც ერთი პოლიციელი, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით მოეპყრო აქციის მონაწილეს ან დაკავებულ პირს.
მიმდინარე კრიზისულ პერიოდში განსაკუთრებით საჭიროა დაზარალებულთა ოჯახების ფინანსური დახმარება.
სწორედ ამ მიზნით შეიქმნა „Prosperity Georgia“-ს სოლიდარობის ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს აქციებზე დაზარალებულების მკურნალობის, რეაბილიტაციის ხარჯების დაფარვას და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას. ასევე იმ მოქალაქეთა ჯარიმების გადახდას, რომელთაც არ გააჩნიათ ამის ფინანსური რესურსი.
სოლიდარობის ფონდი ფინანსურად დაეხმარება პოლიტიკური ნიშნით სახელმწიფო სამსახურიდან განთავისუფლებულ საჯარო მოხელეებსაც.
დახმარების მისაღებად ბენეფიციარი უნდა დარეგისტრირდეს ონლაინ პორტალზე https://www.prosperitygeorgia.org/support.php?lang=1 და შეავსოს განცხადების ფორმა.
შემოწირულების მსურველ კომპანიებსა და ინდივიდებს კი შეუძლიათ გადარიცხონ სასურველი თანხა Prosperity Georgia -ს ვებგვერდზე არსებული ინსტრუქციის მიხედვით. https://prosperitygeorgia.org/donation.php?lang=1
სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ გამჭვირვალობის მიზნით, ყოველკვირეულად გამოქვეყნდება მიღებული და დახარჯული თანხების შესახებ ანგარიში.
11 დეკემბრის მონაცემებით ფონდში უკვე 175 - მა ადამიანმა და 5 - მა ბიზნეს კომპანიამ გადარიცხა თანხა. მათ შორის არიან:
„Reformatics“ - 100 000 ლარი; „სკუტ სკუტ“- 10 000 ლარი; „Jobs.ge“– 10 000 ლარი, „SS.ge“– 10 000 ლარი, „ბარამბო“ - 20 000 ლარი.
უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესის კონტრიბუცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, რადგან მხოლოდ მოქალაქეთა შემოწირულება ვერ დაფარავს არსებულ ხარჯებს.
ამასთანავე, ბიზნესის სამოქალაქო პასუხისმგებლობაა გამოხატოს საკუთარი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და შესაძლებლობების ფარგლებში ქმედითი ინიციატივებით მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ გზას.
გაეცანით „Prosperity Georgia“-ს სოლიდარობის ფონდში თანხის შემომწირველი კომპანიების ოფიციალურ განცხადებებს.
Jobs.ge - „საქართველოს თანამედროვე ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ერთიანობას და შეუპოვრობას, რომლის საუკეთესო მაგალითს ყოველდღიურად გვაძლევენ სხვადასხვა ქალაქებში შეკრებილი ჩვენი თანამოქალაქეები. ღრმად გვწამს, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია, შევიტანოთ წვლილი საერთო საქმეში იმ სახით, რა სახითაც შეგვიძლია. აუცილებლად მიგვაჩნია დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერა, ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ მარტო არ დავტოვებთ. თანხა მოხმარდება მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას, ჯარიმების გადახდას და სხვა ფინანსური სახის მხარდაჭერას.
აქვე მოვუწოდებთ ჩვენს კლიენტებს, რომ შემოგვიერთდნენ და ერთად დავუდგეთ მხარში ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც გახდნენ უსამართლო დევნისა და ძალადობის მსხვერპლნი. ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის!“
SS.GE - “ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მიგვაჩნია, რომ ახლა, ერთად ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანია. SS.ge რიცხავს 10 000 ლარს აქციაზე დაზარალებულთა ფონდში.
საქართველოს ადგილი ევროპაშია. ჩვენი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდებშიც კი ქართველი ერის ნება, გამხდარიყო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი - არასდროს შეცვლილა.
კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას. ასევე, თავისუფლების უკანონო აღკვეთებს, რომელიც ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციური უფლებისთვის მებრძოლ ადამიანებზე.”
“ბარამბო მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას! ევროპული ინტეგრაციის დროებითი შეჩერება ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მოქალაქეებს და 20,000 ლარს გადავცემთ სოლიდარობის ფონდს აქციებზე დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად, რაც გულისხმობს მკურნალობის, ჯარიმების და სხვა სახის ფინანსური ხარჯის ანაზღაურებას.
გვჯერა, რომ სამართლიანობისა და სიმართლისთვის ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი ერთმანეთის თანადგომაა. აქციის მონაწილეებისთვის ჩვენი კარი კვლავ ღიაა - გიმასპინძლებთ მელიქიშვილის 11 ნომერში მდებარე ბარამბოს ობიექტში, სადაც უსასყიდლოდ დაგხვდებათ ცხელი სასმელი და ტკბილეული.”
"სკუტ სკუტი 10 000 ლარს რიცხავს სოლიდარობის ფონდში http://www.prosperitygeorgia.org
რაც უნდა მძიმე იყოს პოლიტიკური ვითარება, ჩვენ, საქართველოს საზოგადოებამ უნდა ვაჩვენოთ ურყევი ერთობა, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს - მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს ან სრულიად უცხო თანამოქალაქეებს.
ვისთვის ეს იქნება ჩაფხუტების გაზიარება, ვისთვის ემოციური მხარდაჭერა, ვისთვის სკუტერით უსაფრთხო ადგილას გაყვანა, ვისთვის რა და ვისთვის რა.
მაგრამ ამ ერთობის სიმტკიცისთვის მთავარი და აუცილებელი პრიორიტეტი უნდა იყოს საქართველოში ამჟამად არსებული კრიზისის მსხვერპლების - დაკავებული და ფიზიკურად დაშავებული ადამიანების თანადგომა.
ჩვენ უფლება არ გვაქვს, ისინი მივატოვოთ გასაჭირში.
ბევრ მათგანს სჭირდება მკურნალობა, უმეტესობას აქვს თავის ტრავმა, ისინი უნდა გამოჯანმრთელდნენ ბოლომდე, რაც, ხშირ შემთხვევაში, ხანგრძლივი პროცესია.
რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას, არის ის, რომ მათ უმეტესობას აქვს მძიმე სოციალური წნეხი - ხშირ შემთხვევაში, ისინი კარგავენ შემოსავლის წყაროს, უწევთ ჯარიმების გადახდა, საადვოკატო ხარჯების გასტუმრება და ასე შემდეგ.
ჩვენ მივესალმებით ამ წამოწყებას, ჩვენის მხრივ ვრიცხავთ 10 000 ლარს თავისუფლებისთვის მებრძოლი, გასაჭირში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად.
მოვუწოდებთ ჩვენს სფეროსა თუ მის გარეთ მოღვაწე ბიზნესმენებს, ყოველგვარი პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, დაგმონ ადამიანების დევნა და მათზე ძალადობა ხმამაღლა და დაეხმარონ გასაჭირში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს.”
წყაროები:
https://www.prosperitygeorgia.org/donation.php?lang=1
https://www.facebook.com/share/p/18URm8xtHL/?mibextid=WC7FNe