15/01/2025
ლანჩხუთის სოფელ ნიგოითში მდებარე ფერმა „ოდაში“ ერთი შეხედვით თითქოს ჩვეუებრივ აგრარულ მეურნეობას ჰგავს, თუმცა მერწმუნეთ რომ იგი სრულიად არაჩვეულებრივ გამოცდილებას გპირდებათ.
ფერმა „ოდაში“ შეიქნა მათთვის, ვისაც სურს ოჯახისთვის შეიძინოს ჯანსაღი ბოსტნეული და ასევე იცოდეს როგორ და საიდან მოდის მოსავალი, რომელსაც მიირთმევს.
ფერმერული საქმიანობა ირაკლიმ და სალომემ 2020 წელს დაიწყეს, მაშინ, როდესაც პანდემიამ სოფელში მცირე ხნით ჩასვლა გადააწყვეტინა ოჯახს. სწორედ ამ წელს პირველად მოიყვანეს მოსავალი, რომელსაც გამორჩეული, ბუნებრივი გემო ჰქონდა, ისეთი რომ მეურნეობის შექმნა მოისურვეს და შეუდგნენ ფერმერულ საქმიანობას.
ამ ამბავში განსაკუთრებით საინტერესოა ფერმა „ოდაში“-ს ბიზნეს მოდელი და ის მეთოდები, რომელიც მათ დანერგეს ბიზნეს საქმიანობაში.
მეურნეობაზე და ბიზნეს მოდელზე სასაუბროდ შევხვდით ფერმის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ირაკლი გიკაშვილს, რომელიც უფრო ვრცლად გვიამბობს ყველაფერს.
ირაკლი, მადლობა ინტერვიუსთვის. მოგვიყევი რატომაა გამორჩეული თქვენი ფერმა და ის პროდუქცია, მოსავალი, რომელიც მოგყავთ.
პირველ რიგში მადლობა დაინტერესებისთვის. რაც შეეხება გამორჩეულობას, ვიტყოდი რომ ამას განაპირობებს როგორც ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი, ისე ჩვენი ბიზნესის კონცეფცია და მომხმარებლებთან ურთიერთობის განსხვავებული გამოცდილება.
ფერმა „ოდაში“ შექმნის იდეა პანდემიის დროს გაჩნდა, როდესაც აქ თვენახევრით ჩამოვედით, მიწაზე მუშაობა დავიწყეთ და მოვიყვანეთ ჯანსაღი, ნატურალური პროდუქტი, რომელსაც მართლაც განსაკუთრებული გემო ჰქონდა.
სოფელში გადმოსვლის და ფერმერული საქმიანობის დაწყების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი შევიძინეთ ტრაქტორი, სათესი, კულტივატორი, მარტივად რომ ვთქვათ ყველაფერი რაც საჭირო იყო და დავიწყეთ სიმინდის წარმოება, ასევე ბოსტნეულის მოყვანა ჩვენთვის, ოჯახისთვის.
ბოსტნეულის წარმოებისას მივხვდით რომ ზედმეტობა გვქონდა, ამიტომ გადავწყვიტეთ მისი რეალიზება. როდესაც პროდუქცია ბაზარში მივიტანეთ გასაყიდად, ისეთი დაბალი ფასები დაგვხვდა, რომ მივხვდით, ორგანული პროდუქტით ბაზარში გასვლა და გაყიდვა შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ კი გადაწყვეტილი გვქონდა, რომ უნდა გვეწარმოებინა ორგანული და სუფთა პროდუქტი.
Ზუსტად აქ მივხვდით, რომ ძალიან ცოტა ორგანული ფერმერია ჩვენს ქვეყანაში, პროდუქტზე მოთხოვნა კი არის. შესაბამისად გადავწყვიტეთ შეგვექმნა პირველი CSA (საზოგადოების მხარდაჭერილი აგრომეურნეობის) მოდელი.
ირაკლი, რას გულისხმობს CSA მეთოდი?
CSA „საზოგადოების მხარდაჭერილ აგრომეურნეობას“ ნიშნავს. ეს მოდელი გულისხმობს ფერმერსა და მომხმარებელს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობას, რომელიც დაფუძნებულია ნდობაზე და საერთო კეთილდღეობის ინტერესებზე. Რადგან ფერმერული საქმიანობა საკმაოდ დიდი ფინანსურ რესურსს მოითხოვს სეზონის დასაწყისში, პრაქტიკულად მომხმარებელი წინასწარ ყიდულობს მთელი სეზონის პროდუქტს, ჩვენი ვალდებულება კი არის მათთვის მოვიყვანოთ სუფთა, ორგანული და უვნებელი პროდუქტი. ზოგადსაკაცობრიო ენით რომ ვთქვათ, გარკვეული ოჯახების პირადი ფერმერები ვართ. 2023 წელს პირველად დავიწყეთ CSA მოდელის პრაქტიკაში აღსრულება და პირველ წელს გვყავდა დაახლოებით 50 მომხმარებელი. 2024 წელს გვყავდა 100 მომხმარებელი, 2025 წლის სეზონში კი 150-200 მომხმარებელს მოვემსახურებით.
მომხმარებელი პროდუქციის შესაძენად რეგისტრირდება, წინასწარ იხდის ავანსს, რომელიც გვეხმარება მასალის შეძენასა და სამუშაოების დაწყებაში, დარჩენილი თანხა უნაწილდება თვეებზე, სანაცვლოდ 22-24 კვირის განმავლობაში იღებს ჯანსაღ ბოსტნეულს მითითებულ მისამართზე.
თავდაპირველად კლიენტი ვერ ირჩევდა ბოსტნეულის სახეობას, ბევრისთვის ექსპერიმენტი იყო, ხშირად 5 ან 10 კილოგრამიანი პაკეტით ტრადიციულ ბოსტნეულთან ერთად უცნაური პროდუქტებიც მისდიოდათ, მაგალითად ქეილი, მანგოლდი, კოლრაბი და ა.შ.
გასული წლების მომხმარებელთა კვლევის და ანალიზის საფუძველზე წელს ოდნავ სხვანაირი მიდგომა გვექნება. მოვიყვანთ ბოსტნეულის ძირითად სახეობებს და რეგისტრაციის დროს მომხმარებელს ექნება საშუალება აირჩიოს დამატებითი, არასტანდარტული და არაყოველდღიური პროდუქტები. ჩვენც ძალიან დიდი სურვილი გვაქვს მოვიყვანოთ ყველა პროდუქტი, მაგრამ შეზღუდული რესურსების პირობებში შეუძლებელია ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება.
გარდა ამისა უნდა აღინიშნოს რომ ზედმეტობით წარმოებულ ჩვენს პროდუქციას ყოველ კვირა დღეს ქიქოძეზე, რესტორან „ეზო“ - ში შეხვდებით, სადაც გვაქვს ბაზარი. „ეზო“ თავისი კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში უსასყიდლოდ გვითმობს სივრცეს და გვაძლევს შესაძლებლობას მომხმარებელს გავაცნოთ ჩვენი პროდუქცია, რისთვისაც მადლიერები ვართ.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია „კარტლისი“ ძალიან ხელს გვიწყობს, გვერდში გვიდგას თესლით, აგრონომიული სერვისებით, აგრონომის მომსახურებით. გვაძლევენ ბიოლოგიურ სასუქებს და დაცვის საშუალებებს რაც არის საჭირო. ესეც მათი კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში.
ირაკლი, თქვენი მომხმარებლები ძირითადად ვინ არიან? ასევე რომ გვითხრათ რა ღირს თქვენი პროდუქცია.
წელს რეგისტრაცია რომ გავაკეთეთ ბათუმში სულ 4 მომხმარებელი გვყავდა, დანარჩენი 150-200 მომხმარებელი თბილისში. 100 მომხმარებელს პაკეტი აქვს ნაყიდი, და დაახლოებით 100 -ია, რომელიც რესტორან ეზოში მოდის და თავად, ადგილზე ყიდულობს პროდუქტს.
ამ ეტაპზე ფასების ჩამოყალიბების პროცესში ვართ, რის შესახებ ინფორმაციაც ცნობილი 25 იანვრისთვის გახდება. ახლა ვიწყებთ უკვე მზადებას გაზაფხულისთვის. როგორც გითხარით ვგეგმავთ რომ ცოტა შევცვალოთ მიდგომა და მომხმარებელს თავად შეეძლოს ბოქსის შექმნა, სასურველი პროდუქტებით. იგივე CSA გაგრძელდება, მაგრამ შეეძლებათ პროდუქტების არჩევა, რაც უფრო კომფორტულია. სიას მივცემთ და აარჩევენ, მიქსში 7-10-მდე სახეობის პროდუქტი შევა.
ირაკლი, ფერმა „ოდაში“-ის სამეურნეო საქმიანობაში საზოგადოების დახმარების ფორმებიც გამოარჩევს. მოგვიყევი ამის შესახებ.
ეს ნამდვილად საინტერესო გამოცდილებაა, როგორც მოხალისეებისთვის, ისე ჩვენთვის. მათგან ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიღებთ. ყოველდღიურობისას იმდენი რამე შემოგესწავლება, ნამდვილად ღირებულია განსხვავებული გამოცდილებების მქონე ადამიანებთან ერთად მუშაობა.
მოხალისეების მოზიდვა შარშან ნოემბერში დავიწყეთ. Workaway-ის პროგრამის შესახებ დიდი ხნის წინ ვიცოდით, მაგრამ ვერ ვრისკავდით. არ იყო პირობები რომ სტუმრები მიგვეღო, ცივა, სახლიც საკმაოდ ძველია. ჩვენ კი შევეჩვიეთ, მაგრამ სხვას ვერ შევთავაზებდით.
მაგრამ რატომღაც მაინც გავრისკეთ... და აღმოჩნდა, რომ თურმე ხალხი ეძებს ამ გამოცდილებას. პრაქტიკულად სულ გვყავს მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჯამში 40 -ზე მეტი მოხალისე გვყოლია ერთი წლის განმავლობაში, ანტარქტიკის გარდა ყველა კონტინენტიდან.
მოხალისეები გვეხმარებიან წარმოებაში, ზოგი საჭმლის კეთებაში, ზოგი სახლის დალაგებაში. ყველას თავისი როლი და ფუნქცია უნდა მოუძებნო რა შემთხვევაშიც ნამდვილად ეფექტური იქნება მოხალისეთა ჩართულობა.
ირაკლი, რა გეგმები გაქვთ?
ახლახან გრანტი მოვიგეთ მწვანე გურიის, 65000 ლარს გვაძლევს ევროკავშირი, 25000 ლარი ჩვენი დასადებია. უნდა შევისყიდოთ ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც მექანიზებულად შევძლებთ მოსავლის თესვას და მოვლას და პრაქტიკულად გადავალთ მარტო ხელით კრეფაზე. საოპერაციო ნაწილში ხარჯები შემცირდება. წარმოება გაიზრდება, უფრო მეტ ადამიანს დავასაქმებთ კრეფაზე და მოვლაზე
ასევე ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ პერმაკულტურა გავაკეთოთ, არ გვინდა რომ ცარიელი ნიადაგი იყოს, გვინდა რომ ეკოსისტემა შევქმნათ, რომლის სანახავად და დასათვალიერებლად ბევრი ჩამოვა. გვინდა რომ ჩვენმა კლიენტებმაც ნახონ სად, როგორ იზრდება ბოსტნეული, რომელსაც თავად ყიდულობენ.
სხვა ფერმერებისგან განსხვავებით ჩვენ ვცდილობთ რომ ვიპოვოთ ახალი პრაქტიკები, ახალი პროდუქტები, ახალი აღჭურვილობა, რომელსაც პრაქტიკულად გამოვიყენებთ. ასევე გვინდა რომ ჩვენი გამოცდილებაც გავაზიაროთ. იმედი გვაქვს, ჩვენნაირი ტიპის ფერმები მალე განვითარდება ქვეყანაში.
დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, წარმატებებს გისურვებთ!
ესაუბრა: გვანცა გილაური