CSR ბლოგი

"კომლი” - ეთნოგრაფიული აგრო-სახლი გურიაში

"კომლი” - ეთნოგრაფიული აგრო-სახლი გურიაში

03/02/2025

თანამედროვე ცხოვრების სტილმა ყველა ჩვენგანი საგრძნობლად დაგვაშორა ტრადიციულ ყოფას, რომელიც ხშირად ყველაზე ეკოლოგიურ და მდგრად მიდგომებთან იყო დაკავშირებული. 

მოგეხსენებათ, საუკუნეების წინ კარგად იცოდნენ, რომ გარემოზე ყოველგვარი ზედმეტი ჩარევა უკან დაუბრუნდებოდა ადამიანებს, სტიქიების სახით, ამიტომაც განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ  და ცდილობდნენ ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობა დაემყარებინათ, მიეღოთ სარგებელი, ისე რომ არ ევნოთ გარემოსთვის. 

შესაძლოა ითქვას, რომ დღეს ეს ცოდნა დაიკარგა. ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად გაჩნდა საყურადღებო ეკოლოგიური პრობლემები. საქართველოში არაერთ კურორტზე შეხვდებით მრავალსართულიანი შენობების სახით წარმოდგენილ სასტუმროებს, რომლების სრულებით არ შეესაბამება ლანდშაფტს და გარემო პირობებს. 

გაცნობიერებული რისკებისა თუ პირადი შეხედულებების გამო ტურისტებში  სულ უფრო პოპულარული ხდება მდგრადი ტურიზმი, რაც თავისთავად მოიაზრებს მოგზაურობის დაგეგმვისას ეთიკური, გარემოს დამზოგავი მიდგომების გათვალისწინებას. 

მდგრადი ტურიზმით დაინტერესებული მოგზაურები ხშირად უპირატესობას საოჯახო ტიპის სასტუმროებს ანიჭებენ, სადაც შეიგრძნობენ ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებს. 

საქართველოში, კერძოდ კი გურიაში, სოფელ წითელმთაში სწორედ ასეთ ეთნოგრაფიულ აგრო-სახლს იპოვით, სახელად „კომლს.“  აქ მისულ სტუმრებს დახვდებათ 120 წლის გურული ოდა, აგრო ტურისტული მეურნეობა, ჩაის ტური, კულინარიული მასტერკლასები და მართლაც გამორჩეული ეთნოგრაფიული გამოცდილება. კომლი საუკეთესო ადგილია სოფლის ცხოვრების შესასწავლად და საინტერესო გამოცდილების შესაქმნელად. 

კომლს ჩვენც ვესტუმრეთ, გავიცანით მასპინძელი, მეწარმე ქალი ლიკა მეგრელაძე, რომელმაც გააცოცხლა მამა-პაპისეული კარ-მიდამო. ამ ბლოგში კი ინტერვიუს სახით გაგიზიარებთ კომლის ისტორიას. 

ლიკა, როდის და როგორ დაიწყეთ საქმიანობა? 

ჩვენი ისტორიული სახლი როგორც აღნიშნეთ 120 წლისაა... დიდი ისტორია გვაქვს, თუმცა უშუალოდ კომლში 2018  წლიდან ვმასპინძლობთ სტუმრებს. 

2018 წელს თბილისიდან გურიაში საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილება მივიღეთ და ბევრს ვფიქრობდი რა შეიძლებოდა გამეკეთებინა სოფლად დაბრუნებულს. პარალელურად ჩემმა ქალიშვილმა, რომელიც თავად საზღვარგარეთ იყო Airbnb-ზე დაარეგისტრირა  ჩვენი გურიის სახლი და მთხოვდა რომ საძინებელი მომეწყო, შემექმნა პირობები სტუმრებისთვის. მეც ავყევი, დავიწყეთ მოწესრიგება, მოწყობა და მალევე პირველი სტუმრებიც  მივიღეთ. ინგლისელი წყვილი გვესტუმრა 25 აპრილს.

სწორედ ამ პერიოდში 2018 წელს გამოცხადდა ევროკავშირის საგრანტო კონკურსი, რომლის მთავარი მიზანი გურიის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისათვის მიმართული ღონისძიებების მოწყობა, ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების საქმიანობის ხელშეწყობა, არსებული ტურისტული სექტორის განვითარება, ადგილობრივი სოფლის პროდუქციის მომზადების პროცესის ტურისტულ პაკეტად შეკვრა და შემდგომ რეალიზაციაში დახმარება იყო. 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა ჩვენი პირველი სტუმრებისგან შთაგონებული იდეით მივიღეთ. წარმოიდგინეთ, ჩვენი ინგლისელი სტუმრებისთვის ეზოში არსებული ჩაის ბუჩქები სრულიად უცხო ხილი აღმოჩნდა. მეკითხებოდნენ რა მცენარეო. ამ დროს ყველამ ვიცით როგორ უყვართ ინგლისელებს ჩაი, მაგრამ უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს როგორია ჩაის ბუჩქი. ეს იყო ინსპირაცია. თუკი არსებობს ყავის ტური, ღვინის ტური, რატომ არ შეიძლება სტუმრებს შევთავაზოთ ჩაის ტური?... მონაწილეობითი ტურიზმი მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. 

სწორედ ამ შთაგონებით დავწერე საპროექტო იდეა ჩაის ტურის შექმნის შესახებ. მართლაც გაიმარჯვა ჩემმა იდეამ, რომლის მეშვეობითაც 1200 ევრო მოვიპოვეთ. სულ მსოფლიოში 30-მდე ქვეყანაა სადაც ჩაი იზრდება, მათ შორის ვართ ჩვენ, კონკრეტულად გურია. რატომ არ უნდა განვითარდეს... იყო დრო როცა ძალიან მაღალ დონეზე იყო გურიაში ჩაის წარმოება. 

ლიკა, კასრებში საძინებელი სივრცეების მოწყობის იდეა საიდან გაჩნდა? 

ჩაის ტურის პარალელურად საჭირო იყო გვეზრუნა სტუმრების განთავსებაზე. სახლში მხოლოდ ერთ ოთახში შეგვეძლო სტუმრების მიღება, არადა საჭირო იყო რომ დამატებით შეგვეთავაზებინა დასარჩენი სივრცეები, ამიტომაც დავიწყეთ ნალიით, გადავაკეთეთ ისე რომ საცხოვრებლად გამომდგარიყო. გამოვიდა საძინებელი, აბაზანა, საპირფარეშო, კოტეჯად ვაქციეთ. 

ამის შემდგომ, სრულიად შემთხვევით, კასრის ფოტო ვნახე. დავფიქრდი და დავიწყე ნამდვილი კასრების ძიება, რომ საძინებლად გვექცია და დასარჩენი სივრცე შეგვეთავაზებინა სტუმრებისთვის. შიგნით ყველაფერია, საწოლი, შუქი, ინტერნეტი, ფანჯარა, გამათბობელი. ფანჯარა იღება, უყურებ მთებს, ჩაის ბაღს, ტკბები.

მაისიდან ოქტომბრამდე სტუმრებს ვთავაზობთ  განთავსებას  კასრებსა და ნალიაში. შესაძლოა უცნაური იყოს, მაგრამ მართლაც უნიკალური გამოცდილებაა გაჰყურებდე ბამბუკის ტყეს, ჩაის ბაღს, ეზოში კი მდინარე ჩამოდიოდეს... ეს სივრცე ეკოტურიზმის მოყვარულებისთვისაა. მათთვის ვინც ეძებს საინტერესო გამოცდილებას.   

სტუმრებს შეუძლიათ  მონაწილეობა მიიღონ ჩაის კრეფაში, ვასწავლით, როგორი უნდა მოკრიფოს. თუ  რამდენიმე დღით რჩებიან შეუძლიათ, თავიანთი ხელით დაკრეფილი ჩაი დააგემოვნონ. ჩემი მიზანია დაინახონ, შეეხონ ჩაის ბუჩქს, შეიგრძნონ და გაიგონ რას სვამენ.

სამომავლოდ მინდა სარწყავად ჩვენივე მდინარის წყალი გამოვიყენოთ და არ მიწევდეს არტეზიული  წყლით მორწყვა. მინდა, ეკო სოფლის დინამიკა მივცე ამ ყველაფერს, დავდივარ და თითქოს წინაპრები მკარნახობენ, სად რა არის, სად რა უნდა ვქნა. ყველაფერი ისე მინდა გავაკეთო, როგორც თითქმის ორი საუკუნის წინ იყო, ოღონდ თანამედროვე ცოდნითა და მიდგომით.

 

ესაუბრა: გვანცა გილაური

უკან დაბრუნება