CSR ბლოგი

საქართველოში CSR-ის ეროვნული ჩარჩოს პრეზენტაციის ღონისძიება

საქართველოში CSR-ის ეროვნული ჩარჩოს პრეზენტაციის ღონისძიება

13/12/2023

13 დეკემბერს, CSR-ის დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის დაფუძნებიდან ერთი წლის შემდეგ, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, „საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების ეროვნული ჩარჩოს“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას დაესწრო 120-მდე სტუმარი - კომპანიების, ბიზნესასოციაციების, საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციების, სახელისუფლებო უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

შემუშავებული დოკუმენტის პრეზენტაციის ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ:  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ეკა ურუშაძე; შტეფან მალერიუსი - რეგიონული პროგრამის „პოლიტიკური დიალოგი სამხრეთ კავკასია“ ხელმძღვანელი, STAR პროექტის დირექტორი, კონრად ადენაუერის ფონდი (KAS); ქალბატონი ანა მარია სიკო, უნგრეთის ელჩი საქართველოში და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩის მოადგილე საქართველოში, ქალბატონი ტანია ჰუტი.

ღონისძიების მსვლელობისას ლელა ხოფერიამ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის CSR პროგრამის ხელმძღვანელმა, შეაჯამა  CSR-ის დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის ერთი წლის საქმიანობა და აღწერა CSR-ის განვითარების ეროვნულ ჩარჩო დოკუმენტზე მუშაობის თანამონაწილეობითი პროცესი.

გიორგი პაპავამ, შემუშავებული რეკომენდაციების ერთ-ერთმა თანაავტორმა წარადგინა CSR–ის ეროვნული ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც მომზადდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - სამოქალაქო საზოგადოების STAR ინიციატივა'- ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინციატივითა და ხელმძღვანელობით.

დოკუმენტზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა ქართველი და ევროპელი ექსპერტების ჯგუფი „საქართველოს CSR-ის დაინტერესებულ მხარეთა ფორუმთან“ აქტიური თანამშრომლობითა და კონსულტაციებით.

სამუშაო ჯგუფში შედიოდენ:

  • გიორგი პაპავა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, წამყვანი ეკონომისტი
  • დავით მაისურაძე, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  • აუდრონე ალიოშიუტე - პაულაუსკიენე, ლიეტუის მდგრადი ბიზნესის ასოციაციის „ლავას“ საბჭოს წევრი, ლიეტუა
  • ქეთრინ ჰენი, ირლანდიის CSR-ის დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის თავმჯდომარე
  • ლელა ხოფერია, CSRDG-ის CSR-ის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი

შემუშავებულ დოკუმენტში მიმოხილულია ევროპული ქვეყნების გამოცდილება ეროვნულ დონეზე კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელშეწყობისა და განვითარების სფეროში, გაანალიზებულია საქართველოში არსებული ინიციატივები და წარმოდგენილია კომპლექსური რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებისათვის კორპორაციული პასუხისმგებლობის მხარდამჭერი პოლიტიკისა და ღონისძიებების თაობაზე.

„CSR-ის განვითარების ეროვნული ჩარჩო დოკუმენტის“ პრეზენტაციის ღონისძიებაზე გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: საქართველოს კონტექსტი კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობისთვის – ახალი შესაძლებლობები ევროინტეგრაციის კვალდაკვალ.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ:

  • ნათია ჯავახიშვილი, საფრანგეთის სავაჭრო სამრეწველო პალატა, გენერალური მენეჯერი
  • ნიკოლოზ ალავიძე, ალტიტუდა, მმართველი პარტნიორი
  • ირინა გორდელაძე, მსოფლიო ბანკი, წამყვანი კონსულტანტი კორპორაციული მართვის საკითხებზე
  • დავით მაისურაძე, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კორპორაციული და კომერციული სამართლის ცენტრის დირექტორი, შემუშავებუი ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი.

სტუმრებს ვიდეოჩართვით მიმართეს:

◾ ევროპარლამენტარმა, ევროპული სახალხო პარტიის ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილემ - ფრენსის ფიცჯერალდმა

◾ СSR Europe, ადამიანების და ორგანიზაციების მიმართულების დირექტორმა -  კატია მადერმა

◾ ლიეტუვის მდგრადი ბიზნესის ასოციაციის „ლავას“ დამფუძნებელმა, - აუდრონე ალიოშიუტემ.

უკან დაბრუნება