„კოს მრგვალი მაგიდის პრინციპები პასუხისმგებელი ბიზნესისთვის“ შეიმუშავა ორგანიზაციამ „კოს მრგვალი მაგიდა ეთიკური კაპიტალიზმისათვის“ 1994 წელს, ფართომასშტაბიანი თანამონაწილეობითი პროცესის მეშვეობით. „კოს მრგვალი მაგიდა ეთიკური კაპიტალიზმისათვის“ არის „ეთიკური კაპიტალიზმის“ იდეის მომხრე ბიზნესლიდერთა საერთაშორისო ქსელი, რომლებიც აღიარებენ, რომ ბიზნესმა წამყვანი როლი უნდა შეასრულოს უფრო სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე საზოგადოების შექმნაში. ჯგუფი პირველად შეიკრიბა შვეიცარიის ქალაქ კოში (Caux) და აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდება. „კოს მრგვალი მაგიდის პრინციპები პასუხისმგებელი ბიზნესისთვის“ მოიცავს შვიდ ძირითად პრინციპს, რომლებიც ასახავს ორგანიზაციის ხედვას ეთიკური და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესის შესახებ და ეფუძნება იმის აღიარებას, რომ არც კანონი და არც თავისუფალი ბაზარი არ არის საკმარისი ბიზნესის პოზიტიური და პასუხისმგებელი ქცევის უზრუნველსაყოფად. ეს პრინციპები ძირითად ეთიკურ ნორმებს ამკვიდრებს ბიზნესკომპანიის საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მთელ მსოფლიოშია აღიარებული, როგორც პასუხისმგებელი ბიზნესსაქმიანობის ერთ-ერთი გლობალური სტანდარტი.
„პრინციპებს“ თან ერთვის „დაინტერესებულ მხარეთა მართვის სახელმძღვანელო მითითებები“ (Stakeholder management guidelines), სადაც წარმოდგენილია დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის სტანდარტები. „სახელმძღვანელო მითითებების“ თანახმად, დაინტერესებული მხარეები გადამწყვეტ როლს ასრულებენ კომპანიის წარმატებასა და მდგრადობაში და იმავდროულად არიან კომპანიის ეთიკური და პასუხისმგებელი საქმიანობის ძირითადი ბენეფიციარები.