OECD Guidelines for Multinational Enterprises
ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) სახელმძღვანელო მითითებები მრავალეროვანი საწარმოებისათვის

OECD Guidelines for Multinational Enterprises
ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) სახელმძღვანელო მითითებები მრავალეროვანი საწარმოებისათვის

გაფილტვრა

OECD Guidelines for Multinational Enterprises
ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) სახელმძღვანელო მითითებები მრავალეროვანი საწარმოებისათვის

1976 წელს ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ შეიმუშავა „საერთაშორისო ინვესტიციებისა და მრავალეროვანი საწარმოების დეკლარაცია“, რომლის მიზანი იყო OECD-ის წევრ ქვეყნებს შორის ვაჭრობის ხელშეწყობა, მრავალეროვანი საწარმოების ქცევის რეგულირების მეშვეობით. სწორედ ამ დეკლარაციის ნაწილს წარმოადგენს „სახელმძღვანელო მითითებები მრავალეროვანი საწარმოებისათვის“, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხების მარეგულირებელი ერთ-ერთი ძირითადი დოკუმენტია საერთაშორისო დონეზე.  

„სახელმძღვანელო მითითებები“ რამდენჯერმე გადაიხედა და შესწორდა, უკანასკნელად - 2011 წელს.

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) 37 წევრი და 12 არაწევრი ქვეყანა ოფიციალურად არის მიერთებული ამ „სახელმძღვანელო მითითებებს“.

„სახელმძღვანელო მითითებები მრავალეროვანი საწარმოებისათვის“  დღესდღეობით არის პასუხისმგებელი ბიზნესის ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც სხვა შესაბამის საერთაშორისო კონვენციებსა და დეკლარაციებს ეფუძნება. ეს არის  კომპანიებისათვის განკუთვნილი ნებაყოფლობითი პრინციპებისა და რეკომენდაციების ნაკრები, რომელიც მოიცავს ბიზნესსაქმიანობის  სხვადასხვა სფეროს, როგორიცაა: ადამიანის უფლებები; მშრომელთა უფლებები და დასაქმება; გარემოს დაცვა; მექრთამეობასთან ბრძოლა; მომხმარებელთა ინტერესების დაცვა; ინფორმაციის გახსნა და გამჭვირვალობა; მეცნიერება და ტექნოლოგიები; კონკურენცია და გადასახადები. მიუხედავად იმისა, რომ OECD-ის „სახელმძღვანელო მითითებები“ თავდაპირველად მრავალეროვანი საწარმოებისთვის  შემუშავდა, ამჟამად იგი აღიარებულია სახელმძღვანელო სტანდარტად ნებისმიერი ზომის ნაციონალური თუ მრავალეროვანი კომპანიისათვის პასუხისმგებელი ბიზნესსაქმიანობის სფეროში.

OECD-ის „სახელმძღვანელო მითითებები“ მნიშვნელოვანი სტანდარტია, ეს არის მრავალმხრივი და ყოვლისმომცველი ქცევის კოდექსი, რომელიც აღიარებულია სამთავრობო დონეზე.

OECD-ის წევრი ქვეყნები და დანარჩენი ქვეყნები, რომლებიც ოფიციალურად შეუერთდნენ ამ „სახელმძღვანელო მითითებებს“, ვალდებულებას იღებენ ხელი შეუწყონ ამ პრინციპების დანერგვას როგორც საკუთარ ტერიტორიაზე მოქმედ კომპანიებში, ისე იმ ნაციონალურ კომპანიებში, რომლებიც საზღვარგარეთ საქმიანობენ.

მიერთებულ სახელმწიფოთა მთავრობები აგრეთვე იღებენ ვალდებულებას შექმნან თავიანთ ქვეყნებში ეროვნული საკონტაქტო უწყებები (National Contact Points), რომელთაც ევალებათ „სახელმძღვანელო მითითებების“ განხორციელების ხელშეწყობა და მათი განხორციელებისას წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტა. 2018 წელს OECD-მ შეიმუშავა სახელმძღვანელო - „OECD სახელმძღვანელო პასუხისმგებელი ბიზნესქცევის შესახებ“  ("The OECD Due Diligence Guidance for Responsible Business Conduct"), რომელიც შეიცავს პრაქტიკულ რჩევებს, განმარტებებსა და რეკომენდაციებს  „სახელმძღვანელო მითითებების“ განსახორციელებლად და გამოსადეგია ყველა ტიპის, ყველა ქვეყნის და ყველა სექტორის კომპანიისათვის.  „სახელმძღვანელო“ შემუშავდა ქვეყნების მთავრობებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან, პროფკავშირებთან და ბიზნესკომპანიებთან კონსულტაციების საფუძველზე და მიიღო  „OECD სახელმძღვანელო მითითებებთან“  მიერთებული ყველა ქვეყნის მთავრობამ.

იხილეთ წყარო