მომპოვებელი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივის (EITI) სტანდარტი არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ხელს უწყობს ღია და ანგარიშვალდებული მენეჯმენტის სისტემების დანერგვას ნავთობის, გაზისა და მინერალური რესურსების მოპოვების ინდუსტრიაში. აღნიშნული სტანდარტი მოითხოვს ინფორმაციის გასაჯაროებას მთელი ღირებულებათა ჯაჭვის შესახებ, კერძოდ: როგორ მიიღო საწარმომ მოპოვების ლიცენზია და როგორ გაფორმდა კონტრაქტი, ვინ არიან კომპანიის მფლობელები, რა ფისკალური და სამართლებრივი შეთანხმებები არსებობს, რამდენ ბუნებრივ რესურს მოიპოვებს კომპანია, რამდენ გადასახადს იხდის, რა წვლილი შეაქვს მას ეკონომიკაში, მათ შორის დასაქმების კუთხით და ზოგადად, რა სარგებელი აქვს მისგან საზოგადოებას.
სტანდარტს მხარს უჭერს 53 ქვეყნის მთავრობა, კომპანიები და სამოქალაქო ორგანიზაციები. მომპოვებელი მრეწველობის 70-მდე კომპანია არის სტანდარტის ხელმომწერი. ეს კომპანიები საჯაროდ უჭერენ მხარს EITI ინიციატივას და ფარავენ მისი სამდივნოს ხარჯებს. ასევე ჩართული არიან ეროვნულ დონეზე სტანდატის განხორციელებაში.