გაეროს პრინციპები პასუხისმგებელი საბანკო საქმიანობისთვის წარმოადგენს მდგრადი და პასუხისმგებელი საბანკო სისტემის ჩარჩოდოკუმენტს და საშუალებას აძლევს ამ სექტორის კომპანიებს წარმოაჩინონ თავიანთი დადებითი გავლენა საზოგადოებაზე.
„პრინციპებს“ ხელი მოეწერა გაეროს ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე, ნიუ-იორკში, 2019 წლის 22-23 სექტემბერს. პრინციპების თავდაპირველი ხელმომწერი იყო 130 ბანკი 49 ქვეყნიდან, ერთი წლის შემდეგ კი პრინციპებს უკვე 185 ხელმომწერი ჰყავდა, რომლებიც გლობალური საბანკო ინდუსტრიის ერთ მესამედს წარმოადგენენ.
„პასუხისმგებელი საბანკო საქმიანობის პრინციპები“ უზრუნველყოფს, რომ ხელმომწერი ბანკების სტრატეგია და საქმიანობა შეესაბამებოდეს საზოგადოებრივ მიზნებს, რაც ასახულია „მდგრადი განვითარების მიზნებსა“ და „პარიზის შეთანხმებაში“.
ხელმომწერი ბანკები ვალდებულებას იღებენ: ა) შეაფასონ საკუთარი საქმიანობის გავლენა ადამიანებსა და ბუნებრივ გარემოზე; ბ) ამ შეფასებაზე დაყრდნობით დასახონ მიზნები ზეგავლენის ყველაზე მნიშვნელოვან სფეროებში და შეასრულონ ეს მიზნები; გ)საჯაროდ გამოაქვეყნონ ანგარიშები მიღწეული შედეგების შესახებ.
ეს ვალდებულებები ასახულია პასუხისმგებელი საბანკო საქმიანობის 6 პრინციპში.