„ეთიკური ვაჭრობის ინიციატივის საბაზისო კოდექსი“ არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული ინსტრუმენტი შრომითი საქმიანობის სფეროში და ეფუძნება ILO-ის კონვენციებს. ამ კოდექსს იყენებენ როგორც ეთიკური ვაჭრობის ინიციატივის (ETI) წევრები, ისე სხვა კომპანიები, მსოფლიოში შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით. „კოდექსი“ მოიცავს რეკომენდაციებს და სახელმძღვანელო მითითებებს შრომითი საქმიანობის 9 ძირითადი პრინციპის განსახორციელებლად. ეს პრინციპებია: 1. სამუშაოს ნებაყოფლობითი და თავისუფალი არჩევის უფლება; 2. ასოციაციებში გაერთიანების თავისუფლებისა და კოლექტიური შეთანხმების უფლების დაცვა; 3. სამუშაო პირობების უსაფრთხოება და ჰიგიენური სტანდარტების უზრუნველყოფა; 4. ბავშვთა შრომის არგამოყენება; 5. საცხოვრებლად საკმარისი ხელფასის გადახდა; 6. სამუშაო საათების რაოდენობის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებსა და ეროვნულ კანონმდებლობებთან; 7. დისკრიმინაციის აღმოფხვრა; 8. რეგულარული სამუშაოს შეთავაზება; 9. დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის არდაშვება.
„ეთიკური ვაჭრობის ინიციატივა“ არის დიდ ბრიტანეთში 1999 წელს დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც მონიტორინგს უწევს თავისი წევრი კომპანიების მიწოდების ჯაჭვებში სამუშაო სტანდარტების დაცვას საკუთარი „საბაზისო კოდექსის“ მიხედვით.