ISO 45001 სტანდარტი – ეს არის სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სერტიფიცირებადი სტანდარტი, რომელიც 2108 წელს გამოქვეყნდა.
ეს ახალი სტანდარტი ეფუძნება OHSAS 18001 სტანდარტს, ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენციებსა და სახელმძღვანელო მითითებებს, მათ შორის, ILO OSH 2001-ისა და ეროვნულ სტანდარტებს. 2021 წლისთვის ის ეტაპობრივად, სამწლიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ, BS OHSAS 18001 სტანდარტს ჩაანაცვლებს.
ISO 45001 განკუთვნილია ყველა სფეროს ორგანიზაციისათვის, განურჩევლად მისი ზომის, სექტორისა თუ სხვა ბიზნესმახასიათებლებისა. ის უნდა იყოს ინტეგრირებული კომპანიის მენეჯმენტის სისტემებში და მიჰყვება ISO-ის მართვის სისტემების სხვა სტანდარტების ზოგად სქემას, როგორებიცაა, მაგალითად, ISO 9001 (ხარისხის მართვის სისტემის სტანდარტი) და ISO 14001 (გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი).
ISO 45001:2018 განსაზღვრავს სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების (OH&S) მართვის სისტემის ძირითად მოთხოვნებს და მახასიათებლებს და შეიცავს მითითებებს მისი განხორციელების შესახებ. სტანდარტის მიზანია დაეხმაროს ორგანიზაციებს შექმნან ჯანმრთელი და უსაფრთხო სამუშაო გარემო ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის საფრთხეების პრევენციით, ასევე ამ მიმართულებით საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესებით.
ISO 45001 აგრეთვე შესაძლებლობას აძლევს ორგანიზაციებს გააუმჯობესონ სამუშაოს სხვა ასპექტებიც, როგორიცაა, მაგალითად, მშრომელთა კეთილდღეობა.