ევროკავშირის ეკომენეჯმენტისა და აუდიტის სქემა (EMAS) – ეს არის მენეჯმენტის სერტიფიცირებადი სქემა კომპანიებისა და სხვა სექტორის ორგანიზაციებისთვის, რომელთა მიზანია შეაფასონ და გააუმჯობესონ საკუთარი საქმიანობის გარემოსდაცვითი მაჩვენებლები (ანუ საკუთარი საქმიანობის ზეგავლენა გარემოზე) და მათ შესახებ წარმოადგინონ ანგარიში. ეს არის ნებაყოფლობითი სქემა, რომელიც ევროკომისიამ შემოიღო 1995 წელს, ორგანიზაციათა გარემოსდაცვითი შედეგების უწყვეტი გაუმჯობესების მიზნით.
სქემა თავდაპირველად მხოლოდ ინდუსტრიული/საწარმოო სექტორის კომპანიებისთვის იყო განკუთვნილი. 2001 წლის განახლების შემდეგ (EMAS II) მასში მონაწილეობა შეუძლია ეკონომიკური სექტორის ყველა ორგანიზაციას, საჯარო სექტორის ჩათვლით.
EMAS ღიაა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპული ეკონომიკური ზონის (ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი) ქვეყნებისათვის. 2010 წლის განახლების შემდეგ (მეორე განახლება - EMAS III) სქემას დაემატა “EMAS Global” რაც შესაძლებლობას აძლევს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ ამ სქემაში. ამისათვის სქემაში დარეგისტრირების მსურველმა ორგანიზაციამ უნდა მიმართოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის შესაბამის პასუხისმგებელ უწყებას (National Competent Body).
სქემა ასევე სინქრონიზებულია ISO 14001 სტანდარტთან, რაც უადვილებს ISO 14001-ით სერტიფიცირებულ ორგანიზაციებს დააკმაყოფილონ EMAS-ის მოთხოვნები. 2017 წელს განახლდა EMAS რეგულაციების I, II და III დანართები, რათა ამ სქემაში ასახული ყოფილიყო ISO 14001 სტანდარტის 2015 წლის განახლებულ ვერსიაში (ISO 14001:2015) შეტანილი ცვლილებები, ხოლო 2019 წელს განახლდა EMAS რეგულაციების IV დანართიც.