კიოტოს ოქმი (კიოტოს პროტოკოლი) 1997 წლის 11 დეკემბერს მიიღეს, თუმცა, რატიფიკაციის კომპლექსური პროცესის გამო, ის ძალაში 2005 წელს შევიდა. ამჟამად კიოტოს პროტოკოლს 192 მიერთებული მხარე ჰყავს. კიოტოს პროტოკოლი ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩოკონვენციის განხორციელებას. ის აწესებს როგორც განვითარებული, ინდუსტრიული ქვეყნებისთვის, ისე გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის სათბურის აირების ატმოსფეროში გაფრქვევის კონკრეტულ (თითოეული ქვეყნისთვის განსხვავებულ), სავალდებულო ზღვრებს. კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩოკონვენცია მხოლოდ ნებაყოფლობით რეკომენდაციებს მოიცავს ქვეყნებისათვის სათბურის აირების შეზღუდვაზე, კიოტოს პროტოკოლის მიხედვით კი, თითოეული ქვეყნისათვისაა განსაზღვრული გაფრქვევების სავალდებულო კვოტები.