კოდექსის პირველი რედაქცია 1937 წელს გამოქვეყნდა. მას შემდეგ მუდმივად ხდებოდა კოდექსის შესწორება და განახლება, გარემოში მომხდარი ცვლილებების შესაბამისად. ახალი საკომუნიკაციო და მედიატექნოლოგიების გამოყენებამ საგრძნობლად შეცვალა მარკეტინგის მეთოდები და მიდგომები. შესაბამისად, საჭირო გახდა მარკეტინგის მარეგულირებელი ეთიკური ნორმების განახლება. 2018 წელს გამოქვეყნდა სარეკლამო საქმიანობის ახალი კონსოლიდირებული საერთაშორისო კოდექსის მე-10 განახლებული რედაქცია. კოდექსი არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული თვითრეგულირების მექანიზმი, რომლის შექმნაში ჩართული იყვნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ექსპერტები და სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები. შექმნის დროიდან მოყოლებული კოდექსი არის ამ სფეროში მსოფლიოს მარეგულირებელი სისტემების უმრავლესობის საფუძველი.
კოდექსის მიზანია დაიცვას მომხმარებელთა ინტერესები და მკაფიოდ განსაზღვროს მისაღები და მიუღებელი მეთოდები რეკლამასა და მარკეტინგულ კომუნიკაციაში, რათა უზრუნველყოს პასუხისმგებელი, ეთიკური, კეთილსინდისიერი და კანონთან შესაბამისი მარკეტინგული კომუნიკაცია.
კოდექსი მაღალ სტანდარტებს აყალიბებს მარკეტინგული და სარეკლამო საქმიანობის სრული სპექტრისათვის, ციფრული მარკეტინგის ჩათვლით, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს ასევე ბავშვთა დაცვისა და მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვის საკითხები.