ISO 9000 წარმოადგენს მენეჯმენტის სისტემის ზოგადი სტანდარტების სერიას, რომელიც გამოსადეგია ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, მისი საქმიანობის სფეროსა და ზომის მიუხედავად, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. ის ასახავს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ და შეთანხმებულ შეხედულებებს იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს ხარისხის მართვის ეფექტიანი სისტემა.
ISO 9000 სერიის ძირითადი სტანდარტია ISO 9001 (მისი ბოლო განახლებული ვერსიაა ISO 9001:2015). ეს არის ერთადერთი სტანდარტი ამ სერიაში, რომელიც სერტიფიცირებას ექვემდებარება, თუმცა სერტიფიცირება არ არის ამ სტანდარტის სავალდებულო მოთხოვნა.
ISO 900:2015 სტანდარტის მიხედვით, სერტიფიცირება არ მიუთითებს უშუალოდ პროდუქციისა და სერვისების ხარისხზე, ის ადასტურებს, რომ საქმიანობაში დანერგილია ფორმალიზებული მენეჯმენტის პროცედურები, პროდუქციის ან სერვისების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით. დღეისათვის მილიონზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია მსოფლიოს 170 ქვეყნიდან სერტიფიცირებულია ISO 9001 სტანდარტით. ეს სტანდარტი ეფუძნება ხარისხის მართვის პრინციპების ნაკრებს და შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მომხმარებელზე ორიენტირება, მენეჯმენტის ზედა რგოლის ჩართულობა და მოტივაცია, პროცესზე დაფუძნებული მიდგომა და უწყვეტი გაუმჯობესება.