„ბიზნესპრინციპები“ შემუშავდა „საერთაშორისო გამჭვირვალობისა“( Transparency International) და „საერთაშორისო სოციალური ანგარიშგების“( Social Accountability International) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში 2002 წელს, მასშტაბური კონსულტაციების შედეგად. მისი მეორე განახლებული ვერსია გამოქვეყნდა 2009 წელს და მესამე - 2013 წელს.
დოკუმენტი შეიცავს საკმაოდ საფუძვლიან და ყოვლისმომცველ ინსტრუქციებს კომპანიებისათვის მექრთამეობასთან საბრძოლველად და ანტიკორუფციული პროგრამების შესამუშავებლად. მისი მიზანია, დაეხმაროს კომპანიებს, კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებაში საქმიანობის ყველა ეტაპზე. მექრთამეობასთან ბრძოლის პრინციპები ბიზნესისათვის საყოველთაოდ იქნა აღიარებული, როგორც ანტიკორუფციული პროგრამების ერთ-ერთი ძირითადი სტანდარტი. მსოფლიოს მრავალი წამყვანი კომპანია ეფუძნება ამ პრინციპებს საკუთარი ანტიკორუფციული პროგრამებისა და პოლიტიკის შემუშავებისას.