კლიმატის ცვლილებაზე ანგარიშგების სტანდარტების საბჭო (The Climate Disclosure Standards Board /CDSB) არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს კომპანიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების კონსორციუმს. CDSB-ის მიზანია ხელი შეუწყოს, რომ კომპანიებმა საკუთარ კორპორაციულ ანგარიშებში გამოაქვეყნონ გარემოსდაცვითი ინფორმაცია, ისეთივე სიზუსტითა და სისრულით, როგორც ფინანსური ინფორმაციის ანგარიშგებისას.
ამ მიზნით CDSB-მ შეიმუშავა ანგარიშგების ფორმატი. ფორმატის პირველი ვერსია - კლიმატის ცვლილების საკითხებზე ანგარიშგების ფორმატი (Climate Change Reporting Framework) გამოქვეყნდა 2010 წელს და ის ძირითადად კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ რისკებსა და შესაძლებლობებზე კონცენტრირდებოდა. ამის შემდეგ ფორმატი რამდენჯერმე გადაიხედა და განახლდა. უკანასკნელი ვერსია 2018 წელს გამოქვეყნდა – ანგარიშგების ფორმატი გარემოსდაცვითი ინფორმაციის, ბუნებრივი რესურსების და გარემოზე ბიზნესის ზეგავლენების შესახებ (The Framework for reporting environmental information, natural capital and associated business impacts); კლიმატის ცვლილებისა და სათბურის აირების გაფრქვევების გარდა, განახლებული ფორმატი მოიცავს გარემოსდაცვითი საკითხების ბევრად უფრო ფართო სპექტრს. აღნიშნული ფორმატით ინფორმაციის წარდგენა კომპანიის ძირითად კორპორაციულ წლიურ ანგარიშში ხდება. კომპანიების დასახმარებლად CDSB-ს აგრეთვე შემუშავებული აქვს ფორმატის დამხმარე სახელმძღვანელო მითითებები და სხვა რესურსები.