„ეკვატორის პრინციპები“ – ეს არის პროექტების დაფინანსების პროცესში გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების გამოვლენის, შეფასებისა და მართვის ნებაყოფლობითი სტანდარტების ნაკრები, რომელიც მოიცავს გარემოსდაცვითი და სოციალური შემოწმების კრიტერიუმებსა და სახელმძღვანელო მითითებებს და ეფუძნება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და მსოფლიო ბანკის სოციალურ და გარემოსდაცვით სტანდარტებს. პრინციპები მოიცავს ყველა სექტორის პროექტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პრინციპების მიზანია შეძლებისდაგვარად თავიდან იქნეს აცილებული პროექტების უარყოფითი ზეგავლენა ეკოსისტემებსა და ადგილობრივ თემებზე. ხოლო როდესაც ამგვარი ზეგავლენის თავიდან აცილება შეუძლებელია, მოხდეს მათი შემცირება, განეიტრალება ან მიყენებული ზიანის კომპენსირება.
ეკვატორის პრინციპების პირველი რედაქცია 2003 წელს გამოქვეყნდა. უკანასკნელი, მეოთხე, განახლებული ვერსია 2019 წლის ნოემბერში მიიღეს. განახლებულ ვერსიაში ახალი, დამატებითი ვალდებულებებია ჩადებული ადამიანის უფლებების დაცვასთან, კლიმატის ცვლილებასთან, ბიომრავალფეროვნებასთან და მკვიდრი მოსახლეობის უფლებებთან დაკავშირებით.