FTSE4Good ინდექსების სერია (FTSE4Good Index Series) 2001 წელს გამოაქვეყნა FTSE Group -მა (Financial Times Stock Exchange Group/ Russel ), რომელიც მთლიანად ლონდონის საფონდო ბირჟის (LSE) მფლობელობაშია. ინდექსი შემუშავდა ეთიკური ინვესტიციების კვლევის სერვისისა (Ethical Investment Research Service /EIRIS) და გაეროს ბავშვთა ფონდის( United Nations Children's Fund /Unicef) თანამშრომლობით. ამ ინდექსების მიზანია შეაფასოს, თუ რამდენად აკმაყოფილებს კომპანიის საქმიანობა პასუხისმგებლობისა და მდგრადობის, ანუ გარემოსდაცვით, სოციალურ და კორპორაციული მართვის (ESG) საერთაშორისო სტანდარტებს.
შეფასების გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და პროცედურების წყალობით, ეს ინდექსი ფასეული ინსტრუმენტია იმ ინვესტორებისათვის, რომლებიც დაინტერესებული არიან სოციალურად პასუხისმგებელი/მდგრადი ინვესტირებით.
ინდექსი ფარავს დიდი ბრიტანეთის, ევროპის, აშშ-ისა და გლობალურ ბაზრებს.
ინდექსში მოსახვედრად კომპანიამ უნდა დააკმაყოფილოს გარკვეული კრიტერიუმები შემდეგ ძირითად სფეროებში: გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და კლიმატის ცვლილება, ადამიანის უფლებებისა და შრომითი უფლებების დაცვა, მიწოდების ჯაჭვებში შრომითი სტანდარტების დაცვა; კორუფციასთან ბრძოლა და კარგი კორპორაციული მმართველობა.
ინდექსში შეტანილი კომპანიების გადახედვა ხდება წელიწადში ორჯერ. თუ კომპანია ვეღარ აკმაყოფილებს სათანადო კრიტერიუმებს, მას ამოშლიან ინდექსიდან. FTSE4Good ინდექსების სერიაში არ შეაქვთ კომპანიები, რომლებიც საქმიანობენ პოტენციურად არაეთიკურ/პრობლემურ სექტორებში ნეგატიური სოციალური ან გარემოსდაცვითი ზეგავლენით, როგორიცაა: თამბაქოს წარმოება, იარაღის წარმოება, ქვანახშირის მოპოვება.