სიახლეები

მდგრადი ფინანსების პლატფორმა აქვეყნებს საბოლოო ანგარიშს სოციალური ტაქსონომიის შესახებ

მდგრადი ფინანსების პლატფორმა აქვეყნებს საბოლოო ანგარიშს სოციალური ტაქსონომიის შესახებ

28/02/2022

28 თებერვალს, ევროკომისიის მდგრადი ფინანსების პლატფორმის (PSF) მე-4 ქვეჯგუფმა გამოაქვეყნა საბოლოო ანგარიში სოციალური ტაქსონომიის შესახებ, რომელიც ევროკავშირის „სოციალური ტაქსონომიის“  სტრუქტურას გვთავაზობს  მდგრადი ფინანსების სამართლებრივი გარემოს შესაბამისად.

გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტები თავიდანვე იყო ევროკავშირის მდგრადი დაფინანსების სტრატეგიის ნაწილი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სოციალური ინვესტიციები აუცილებელია, როგორც გაეროს 2030 წლის დღის წესრიგის მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევისთვის, ასევე შიდა სოციალური ბაზრის შესაქმნელად, როგორც ეს განსაზღვრულია ევროკავშირის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულებაში (მუხლი 3). ასევე ფართოდ არის აღიარებული, რომ ბიზნესი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს ადამიანის უფლებების საკითხს, როგორც ეს ასახულია გაეროს  „სახელმძღვანელო პრინციპებში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ“ (UNGP).

ამჟამად, სოციალური საკითხები და მართვის საკითხები არის ნაწილი ევროკავშირის გარემოსდაცვითი ტაქსონომიის რთული სტრუქტურისა, რომელიც აწესებს მინიმალურ სოციალურ გარანტიებს მე-18 პარაგრაფის ფარგლებში. იმის გამო, რომ სოციალურ საკითხებთან ან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული დავები კომპანიებისთვის სერიოზულ რეპუტაციულ რისკებს უკავშირდება, ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ  ეს ასპექტი მათ ბიზნესის დაფინანსებამდე გაითვალისწინონ. აქედან გამომდინარე, სოციალური ტაქსონომია საჭიროა ამ რისკების შემცირების სანდო და ეფექტური მექანიზმების გამოსავლენად და კაპიტალის ბაზრის მონაწილეებისათვის სახელმძღვანელო პრინციპების განსასაზღვრად, რათა მათ გამოავლინონ მდგრადი ინვესტიციები და   ეფექტურად მიმართონ რესურსები.

ანგარიშის თანახმად, მომავალ სოციალურ ტაქსონომიას ექნება რამდენიმე საერთო ელემენტი არსებულ გარემოსდაცვით ტაქსონომიასთან და იმავდროულად ის:

  • განსაზღვრავს სოციალურ მიზნებს
  • აღიარებს „არსებითი წვლილის“ პრინციპს
  • დაეფუძნება „მნიშვნელოვანი ზიანის არმიყენების“ (DNSH) კრიტერიუმებს
  • მოიცავს უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიებს

უფრო მეტიც, სოციალური ტაქსონომია დაფუძნებული იქნება სამ შემოთავაზებულ მიზანზე:

1) ღირსეული სამუშაო: ეს მიზანი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ევროკავშირით, რადგან მესამე ქვეყნებში სამუშაო პირობები ზოგჯერ არ აკმაყოფილებს გარკვეულ სტანდარტებს და დიდ გავლენას ახდენს ევროპულ ბაზარზე.

2) ცხოვრების ადეკვატური დონე და კეთილდღეობა საბოლოო მომხმარებლებისთვის: ეს მიზანი ფოკუსირებულია გარკვეული პროდუქტებისა და სერვისების საბოლოო მომხმარებლებზე, რაც ჯანმრთელობის, საკვების, საცხოვრებლისა და განათლების გაუმჯობესებული პირობებისკენ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

3) ინკლუზიური და მდგრადი მოსახლეობა (თემი) და საზოგადოება: ეს მიზანი მიმართულია (1) ნეგატიური ზემოქმედების შემცირებისა და პრევენციისაკენ და (2) ძირითადი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გარკვეული სამიზნე ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდისაკენ.

თითოეული მიზანი, თავის მხრივ, მოიცავს ქვემიზნებს, რომლებიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, ჯანდაცვას, საცხოვრებელს, ხელფასს, არადისკრიმინაციას, მომხმარებელთა ჯანმრთელობასა და ადამიანების საარსებო პირობებს.

ამჟამად ევროკომისიის ევროკავშირის ტაქსონომიის დღის წესრიგზე სამუშაოების დიდი ნაწილი ფოკუსირებულია დარჩენილ ოთხ გარემოსდაცვით მიზანზე, რომლებიც გამოქვეყნდება უახლოეს კვირებში, თუმცა იმავდროულად, სოციალური ტაქსონომიის შესახებ  მე-4 ქვეჯგუფის საბოლოო ანგარიში ევროკომისიას უკვე გადაეცა.