სიახლეები

ევროკომისიის დირექტივის პროექტი „ადამიანებსა და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენების პრევენციისა და მართვის კორპორაციული ვალდებულების შესახებ“

ევროკომისიის დირექტივის პროექტი „ადამიანებსა და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენების პრევენციისა და მართვის კორპორაციული ვალდებულების შესახებ“

23/02/2022

2022 წლის 23 თებერვალს ევროკომისიამ მიიღო ახალი დირექტივის პროექტი „ადამიანებსა და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენების პრევენციისა და მართვის კორპორაციული ვალდებულების შესახებ“ (Proposal for the directive on corporate sustainability due diligence). 

დირექტივის მიზანია ხელი შეუწყოს მდგრად და პასუხისმგებელ ბიზნესსაქმიანობას, ადამიანის უფლებებისა და გარემოსდაცვითი საკითხების დანერგვას კომპანიათა ქმედებებსა და კორპორაციულ მართვაში. 

ახალი რეგულაციები უზრუნველყოფს, რომ კომპანიებმა გამოავლინონ და შეამცირონ უარყოფითი ზეგავლენები როგორც საკუთარი საქმიანობის ფარგლებში, ისე მიწოდების ჯაჭვებში. აღნიშნული მიდგომა ვრცელდება როგორც ევროპის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. 

ბიზნესი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მდგრადი და სამართლიანი ეკონომიკისა და საზოგადოების ჩამოყალიბებაში. მდგრადი განვითარება არის ევროკავშირის ძირითადი ღირებულება, სწორედ ამიტომ კომპანიებმა უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და პატივი სცენ ადამიანის უფლებებს, ამასთანავე შეამცირონ მათ მიერ გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენები. თუმცა სამწუხაროდ კომპანიების ჩართულობა, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვისა და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების ჭრილში მაინც არ არის დამაკმაყოფილებელი. 

ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ შეიმუშავა ეროვნული დონის რეგულაციები ამ მიმართულებით, ასევე დამოუკიდებელ ინიციატივებს იჩენენ ცალკეული კომპანიები. თუმცა საჭიროა უფრო მასშტაბური ცვლილებების განხორციელება, რისი მიღწევაც საკმაოდ რთული იქნება მხოლოდ ნებაყოფლობითი ინიციატივების გზით. 

დიდი ხანია უკვე დაინტერესებულ მხარეთა სხვადასხვა ჯგუფი მოითხოვს გარკვეული სახის სავალდებულო მოთხოვნების დაწესებას ადამიანებსა და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენების მართვის თაობაზე. ევროკომისიის დირექტივის პროექტი სწორედ ამ საჭიროებას პასუხობს და ითვალისწინებს 2020 წელს ამ საკითხზე ჩატარებული მასშტაბური საკონსულტაციო პროცესის შედეგებს. 

ახალი დირექტივა კომპანიებს მოუტანს მეტ სიცხადეს და თანაბარ პირობებში ჩააყენებს მათ, ხოლო მომხმარებლებსა და ინვესტორებს - მეტ გამჭვირვალობას. ახალი რეგულაციები ასევე ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვას.

რომელ კომპანიებს შეეხებათ ევროკავშირის ახალი დირექტივა?

ევროკავშირში დარეგისტრირებულ მსხვილ კომპანიებს:

  • ჯგუფი 1: მსხვილი გავლენიან კომპანიები, რომლებსაც ჰყავთ 500-ზე მეტი თანამშრომელი და რომელთა წლიური ბრუნვა აღემატება 150 მილიონ ევროს მსოფლიოს მასშტაბით;
  • ჯგუფი 2: შედარებით მცირე კომპანიები (250 ან ნაკლები თანამშრომლითა და 40 მილიონი ევრო ან მეტი წლიური ბრუნვით), რომლებიც საქმიანობენ მაღალი ზეგავლენის მქონე სექტორებში - მაგალითად: ტექსტილის ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა, სასარგებლო წიაღისეული მოპოვება და ა.შ. (მათზე დირექტივა გავრცელდება 2 წლით გვიან, ვიდრე პირველი ჯგუფის კომპანიებზე). 

არა-ევროკავშორის კომპანიებს:

  • სხვა რეგიონების კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ ევროკავშირში და რომელთა წლიური ბრუნვა ევროკავშირის ფარგლებში შეესაბამება პირველი ან მეორე ჯგუფისთვის დაწესებულ მოთხოვნებს 

შესაბამისად, დირექტივა გავრცელდება დაახლოებით 13 000 კომპანიაზე ევროკავშირში და 4000 კომპანიაზე ევროკავშირის მიღმა. ჯამში ეს კომპანიები აწარმოებენ  ევროკავშირის მთლიანი პროდუქციის ორ მესამედს. 

დირექტივა არ მოიცავს მცირე და საშუალო მეწარმეებს. თუმცა ითვალისწინებს სხვადასხვა მხარდამჭერ ღონისძიებებს იმ მცირე/საშუალო საწარმოებისთვის, რომლებზეც დირექტივამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს. 

დირექტორებისა და კომპანიების ვალდებულებები 

დირექტივა ორი სახის ვალდებულებებს აწესებს კომპანიებისთვის: 

  1. უარყოფითი ზეგავლენების პრევენციისა და მართვის კორპორაციული ვალდებულები (Corporate due diligence obligation)

კერძოდ, კომპანია ვალდებულია:

  • სოციალური და გარემოსდაცვითი ზეგავლენების მართვა ჩართოს საკუთარ პოლიტიკაში
  • გამოავლინოს პოტენციური ან არსებული უარყოფითი ზეგავლენები ადამიანის უფლებებისა და გარემოსდაცვის მიმართულებით როგორც საკუთარი საქმიანობის ფარგლებში, ისე მიწოდების ჯაჭვებში
  • თავიდან აირიდოს შესაძლო უარყოფითი ზეგავლენები
  • აღმოფხვრას ან მაქსიმალურად შეამციროს არსებული უარყოფითი ზეგავლენები
  • შეიმუშაოს საჩივრების მექანიზმი
  • აკონტროლოს შემუშავებული პოლიტიკისა და მექანიზმების ეფექტურობა
  • საჯაროდ გამოაქვეყნოს ანგარიში, თუ როგორ ახდენს გარემოსა და ადამიანებზე უარყოფითი ზეგავლენების მართვას. 

ამის გარდა, მსხვილმა კომპანიებმა უნდა შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა, რომ საკუთარი ბიზნეს სტრატეგია შეუსაბამონ პარიზის კლიმატის შეთანხმებას (გლობალრუი დათბობის შეზღუდვა 1.5 °C-მდე). 

  1. დირექტორების მოვალეობები
  • დირექტივა მოიცავს აგრეთვე იმ მოვალეობების ჩამონათვალს, რომელიც ეკისრებათ ევროკავშირის კომპანიების დირექტორებს. ეს მოვალეობები მოიცავს დირექტორთა ვალდებულებას შეიმუშაონ უარყოფითი ზეგავლენების მართვის პროცესები და აკონტროლონ მათი განხორციელება, აგრეთვე მოახდინონ მათი ინტეგრირება კორპორაციულ სტრატეგიებში.

გარდა ამისა, დირექტორებმა, როდესაც ისინი მოქმედებენ კომპანიის ინტერესების შესაბამისად, უნდა გაითვალისწინონ საკუთარ გადაწყვეტილებათა გავლენა ადამიანის უფლებების, კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე.

როგორ მოხდება ახალი რეგულაციების აღსრულება?

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ დანიშნული ნაციონალური ადმინისტრაციის წარმომადგენლები იქნებიან პასუხისმგებლები ამ რეგულაციის აღსრულებაზე. მათ ექნებათ უფლება დააჯარიმონ ის კომპანიები, რომლებიც არ შეასრულებენ რეგულაციებს. გარდა ამისა, შემუშავებული იქნება მიყენებული ზიანის კომპენსირების სამართლებრივი ინსტრუმენტები - ზიანის, რომლის არიდებაც იქნებოდა შესაძლებელი დირექტივის სათანადო შესრულების შემთხვევაში.

დირექტორთა ვალდებულებების აღსრულებას უზრუნველყოფს ეროვნული კანონმდებლობები.

შემდეგი ნაბიჯები

დირექტივა დასამტკიცებლად წარედგინება ევროკავშირის პარლამენტსა და საბჭოს. დამტკიცების შემდეგ წევრ ქვეყნებს ექნებათ 2 წელი, რათა ასახონ დირექტივის მოთხოვნები ნაციონალურ კანონმდებლობაში და მიაწოდონ ევროკომისიას ინფორმაცია ამის შესახებ.