სიახლეები

ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის პროექტს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის პროექტს აქვეყნებს

06/05/2022

დღევანდელ მსოფლიოში განსაკუთრებით აქტუალურია ფინანსური სისტემის მიერ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხების გათვალისწინება, რაც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.  საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს მწვანე, სოციალური და მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაზე რაც გულისხმობს ფინანსური სექტორის და კაპიტალის ბაზრის მონაწილეების მიერ სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებას და მათთან დაკავშირებული რისკების მართვას.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აპრილის ბოლოს გამოაქვეყნა მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის პროექტი.

მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია წარმოადგენს კლასიფიკაციის სისტემას ისეთი აქტივობების განსასაზღვრად, რომლებიც მწვანე, სოციალურ ან მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან მიზნებს ემსახურება.

დოკუმენტის შემუშავება განპირობებულია საერთო განმარტებებისა და კლასიფიკაციის სისტემების არარსებობით. ამასთან, საერთო ტაქსონომიის არსებობამ ხელი უნდა შეუწყოს მდგრადობის რისკების სათანადო იდენტიფიკაციას, შეფასებასა და მართვას და ე.წ. “greenwashing”-ის (არა- მწვანე პროექტის/პროდუქტის მწვანედ კლასიფიცირება) რისკის შემცირებაც უნდა უზრუნველყოს.

ტაქსონომია მდგრადი დაფინანსების ფართო ცნებას ეფუძნება და მოიცავს როგორც მწვანე დაფინანსებას, ასევე სოციალურ დაფინანსებას. მწვანე ტაქსონომია ისეთი აქტივობების ჩამონათვალია, რომლებიც გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევას და მწვანე ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. სოციალური ტაქსონომია კი, ძირითადად, სოციალური მიზნების მიღწევაზეა ორიენტირებული.

მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია შემუშავდა ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით. მისი კატეგორიები და ტექნიკური კრიტერიუმები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაშია, ასევე გათვალისწინებულია საქართველოს ეკონომიკის მახასიათებლები. ყოველივე ეს განაპირობებს ტაქსონომიის სანდოობას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით ეროვნული ბანკი ტაქსონომიის სამუშაო ვერსიას აქვეყნებს. საჯარო კონსულტაციების ფარგლებში, ეროვნული ბანკი მიესალმება დაინტერესებული პირებისგან შემოთავაზებების, კომენტარებისა და შენიშვნების მიღებას.

მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის პროექტის გაცნობა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე - მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია.