სიახლეები

მაისი "მრავალფეროვნების თვეა" ევროკავშირში

მაისი "მრავალფეროვნების თვეა" ევროკავშირში

30/05/2022

მაისი ევროკავშირში „მრავალფეროვნების თვეა“. ეს ინიციატივა ევროკომისიის მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის დღის წესრიგის ნაწილს წარმოადგენს. ევროკომისია მოუწოდებს კომპანიებსა და ორგანიზაციებს გაერთიანდნენ და საზოგადოების ყურადღება მიაპყრონ ამ საკითხს - თუ რამდენად მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება და ინკლუზია სამუშაოზე და საზოგადოებაში.

„მრავალფეროვნების კონცეფცია ზოგადად მოიცავს ადამიანთა განსხვავებულობის აღიარებას, მიღებას და პატივისცემას. კომპანიათა საქმიანობისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამუშაოზე მრავალფეროვნების ცნება. მრავალფეროვნება სამუშაოზე  გულისხმობს, რომ კომპანიაში მუშაობენ სხვადასხვა მახასიათებლით განსხვავებული ადამიანები, რაც ასახავს იმ საზოგადოების მრავალფეროვნებას, რომელშიც კომპანია საქმიანობს“(კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, 2021)

27 აპრილს ევროკომისიამ გამოაქვეყნა საკანონმდებლო და პოლიტიკურ ინიციატივათა პაკეტი, რაც მიზნად ისახავს ლეგალური მიგრაციის გამარტივებას, ევროკავშირში მიგრანტების დისკრიმინაციის აღმოფხვრას და საბოლოოდ, უფრო სამართლიანი, თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას.

„მრავალფეროვნების თვის“ გახსნით ღონისძიებაზე 29 აპრილს, ელენა დალიმ - ევროკავშირის თანასწორობის კომისარმა ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ სამუშაო ადგილებზე ადამიანური რესურსების მართვაში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეჭიროს მრავალფეროვნების საკითხების მართვას.

როგორ შეიძლება კომპანიებმა ხელი შეუწყონ მრავალფეროვნებას?

  • ხელი მოაწერონ „მრავალფეროვნების ქარტიას“: მრავალფეროვნების ქარტია ეხმარება ევროკავშირში მოქმედ ორგანიზაციებს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორიდან, ჩამოაყალიბონ და განახორციელონ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის ეფექტური პოლიტიკა. „მრავალფეროვნების ქარტიის“ ხელმოწერით კომპანიები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ინკლუზიური სამუშაო გარემო საკუთარი თანამშრომლებისთვის, განურჩევლად მათი სქესის, ეროვნების, აღმსარებლობის, ასაკის, ფიზიკური უნარების (შეზღუდული შესაძლებლობების) თუ სექსუალური ორიენტაციისა.
  • შეუერთდნენ ეთნიკური მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის ევროპულ ბიზნეს პლატფორმას: CSR Europe - ევროკავშირის წამყვანი ბიზნეს ქსელი კორპორაციული მდგრადობისა და პასუხისმგებლობისთვის - აყალიბებს ევროპულ თანამშრომლობით პლატფორმას სამუშაოზე კულტურული ინკლუზიისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობის მიზნით. ინიციატივა ეფუძნება ბელგიაში განხორციელებულ საცდელ პროგრამას - ბიზნესი აერთიანებს ტალანტებს (Business Uniting Talents /BUT 2030)
  • აქტიურად გამოხატონ საკუთარი პოზიცია ამ საკითხზე: ჩაატარონ ღონისძიებები და განახორციელონ ინიციატივები, რათა გაზარდონ კომპანიის მრავალფეროვნების პოლიტიკის ცნობადობა როგორც კომპანიის შიგნით, თანამშრომლებში, ასევე საზოგადოებაში