04/08/2022
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ განაცხადა, რომ დედამიწაზე ნებისმიერ ადამიანს აქვს ჯანსაღი გარემოს უფლება.
2022 წლის 28 ივლისს გაეროს ოფისში ნიუ-იორკში მიიღეს რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც კლიმატის ცვლილება და გარემოს დეგრადაცია კაცობრიობისთვის ყველაზე სერიოზულ საფრთხეს წარმოქმნის უახლოეს მომავალში. გენერალურმა ასამბლეამ მოუწოდა მთავრობებს უზრუნველყონ, რომ მათ მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა იცხოვრონ „ჯანსაღ და სუფთა გარემოში“.
რეზოლუცია არ უწესებს ვალდებულებას გაეროს 193 ქვეყანას, თუმცა მისი მხარდამჭერები იმედს გამოთქვამენ, რომ ის ბიძგს მისცემს მთავრობებს ჯანსაღი გარემოს უფლება ასახონ საკუთარ კონსტიტუციებში და რეგიონალურ შეთანხმებებში, ასევე რეზოლუცია გარემოს დამცველებისთვის დასაყრდენი იქნება ეკოლოგიისთვის დამაზარალებელი პოლიტიკების და პროექტების წინააღმდეგ ბრძოლაში.
„რეზოლუციის ძირითადი გზავნილია, რომ არავის აქვს უფლება წაგვართვას ბუნება, სუფთა ჰაერი და წყალი ან სტაბილური კლიმატი. ყოველ შემთხვევაში, ამ ყველაფერს ჩვენ უბრძოლველად არ დავთმობთ“ - აცხადებს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) აღმასრულებელი დირექტორი, ინგერ ანდერსენი.
ანდერსენის სიტყვით, ახლა სამყარო ცდილობს გაუმკლავდეს სამმაგ პლანეტარულ კრიზისს, რაც გამოწვეულია კლიმატის ცვლილებით, ბიომრავალფეროვნების განადგურებით, ნარჩენებითა და დაბინძურებით. რეზოლუცია აცხადებს, რომ ეს პრობლემები, თუ მათ დროულად არ აღმოვფხვრით, კატასტროფულ შედეგებს მოუტანს კაცობრიობას და პლანეტას.
უყურეთ ინგერ ანდერსენის ვიდეო მიმართვას.