სიახლეები

ანგარიშგების გლობალური ინიციატივა (GRI) დაარსებიდან 25-ე წელს აღნიშნავს

ანგარიშგების გლობალური ინიციატივა (GRI) დაარსებიდან 25-ე წელს აღნიშნავს

21/09/2022

2022 წლის სექტემბერში ანგარიშგების გლობალური ინიციატივა (GRI) მეოთხედი საუკუნის იუბილეს აღნიშნავს. უკვე 25 წელია რაც GRI მდგრადი განვითარების ანგარიშგების სტანდარტებს შეიმუშავებს და საყოველთაოდ არის აღიარებული, როგორც არაფინანსური ანგარიშგების და გამჭირვალობის გლობალური ლიდერი. GRI 1997 წელს დაფუძნდა ბოსტონში, არამომგებიანი ორგანიზაციების - CERES და Tellus Institute-ის მხარდაჭერითა და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის ჩართულობით. მიზანი იყო ანგარიშვალდებულების პირველი მექანიზმის შექმნა და ამ გზით კომპანიების სტიმულირება განეხორციელებინათ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის პრინციპები, რომლებიც შემდგომ გაფართოვდა და მოიცვა სოციალურ - ეკონომიკური და მმართველობის საკითხები. ანგარიშგების გლობალური ინიციატივის (GRI) სახელმძღვანელო პრინციპების პირველი ვერსია (G1) 2000 წელს გამოქვეყნდა. იგი წარმოადგენდა მდგრადი განვითარების ანგარიშგების პირველ გლობალურ ფორმატს. მომდევნო წელს, GRI ჩამოყალიბდა, როგორც დამოუკიდებელი, არამომგებიანი ინსტიტუტი. 2002 წელს ორგანიზაციამ შეიცვალა ადგილმდებარეობა, გადავიდა ამსტერდამში (ნიდერლანდებში) და გამოაქვეყნა ანგარიშგების სახელმძღვანელო პრინციპების განახლებული ვერსია (G2). GRI-ის ანგარიშგების ფორმატის მიმართ ორგანიზაციების მზარდმა ინტერესმა განაპირობა სახელმძღვანელო პრინციპების შემდგომი გაუმჯობესება და დახვეწა, რის შედეგადაც მივიღეთ G3 (2006) და G4 (2013) ვერსიები. მდგრადი განვითარების ანგარიშგების პრაქტიკა სწრაფად ვრცელდებოდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და GRI-იმ დაიწყო რეგიონალური ოფისების გახსნა. ამან განაპირობა ჰაბების ამჟამინდელი ქსელის ჩამოყალიბება ბრაზილიაში (20070, ჩინეთში (2009), ინდოეთში (2010), აშშ-ში (2011), სამხრეთ აფრიკაში (2013), კოლუმბიასა (2014) და სინგაპურში (2019).

2016 წელს, GRI სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებიდან გადავიდა მდგრადი განვითარების ანგარიშგების გლობალური სტანდარტების შემუშავებაზე, რომელთა განახლება და დახვეწა გრძელდება - იქმნება ახალი თემატური სტანდარტები ცალკეულ საკითხებზე და ასევე სექტორული სტანდარტები.

ათასობით ორგანიზაცია, ასზე მეტ ქვეყანაში უკვე იყენებს GRI-ის ანგარიშგების სტანდარტებს დაინტერესებული მხარეებისათვის საკუთარი საქმიანობის სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ზეგავლენების შესახებ  ინფორმაციის გასაზიარებლად და  ამ ზეგავლენების სამართავად. GRI გეგმავს  ამ წარმატებაზე დაყრდნობით და საკუთარი დაინტერესებული მხარეების გლობალური ქსელის გამოყენებით,  ხელი შეუწყოს მსოფლიოს მასშტაბით მდგრადი განვითარების ანგარიშგების გავრცელებას და განვითარებას.  

ამჟამად, GRI სტანდარტები ყველაზე ფართოდ გავრცელებული და აღიარებული ფორმატია მდგრადი განვითარების ანგარიშგების სფეროში.  აღნიშნული სტანდარტები  ეხმარება კომპანიებს განსაზღვრონ და შეაფასონ საკუთარი საქმიანობის გავლენა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ადამიანის უფლებები, უთანასწორობა, მმართველობა და  სოციალური კეთილდღეობა. მდგრადი განვითარების ანგარიშგების პრაქტიკა იწვევს გამჭირვალობის ზრდას, რაც გზას უხსნის ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მხარს უჭერენ მდგრად და ინკლუზიურ გლობალურ ეკონომიკურ ზრდას.

მდგრადი განვითარების ანგარიშგების საშუალებით კომპანიებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ უკეთესი სამყაროს მშენებლობაში, ამასთანავე ისარგებლონ რესურსების უკეთ გამოყენების უპირატესობით, გაიუმჯობესონ რეპუტაცია, გაზარდონ ბრენდის მიმართ ლოიალობა და გააძლიერონ დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობები. GRI ასევე, ეხმარება ორგანიზაციებს მდგრადი განვითარების სფეროში ახალ გლობალური რეგულაციების შესრულებაში.

როგორც GRI აღნიშნავს, ისინი ამაყობენ საკუთარი მიღწევებით, თუმცა მათი ყურადღება მიმართულია მომავალისკენ. მომდევნო 25 წლის განმავლობაში, GRI-ის მისიას წარმოადგენს გაზარდოს და განავრცოს ორგანიზაციათა ანგარიშვალდებულება საკუთარი საქმიანობის ზეგავლენების შესახებ ყველა ქვეყანასა და სექტორში.