სიახლეები

ევროკავშირი მოითხოვს, რომ 2035 წლისთვის ყველა ახალი მანქანა იყოს ნულოვანი გამონაბოლქვის

ევროკავშირი მოითხოვს, რომ 2035 წლისთვის ყველა ახალი მანქანა იყოს ნულოვანი გამონაბოლქვის

18/03/2023

ევროკომისია მიესალმება ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მიერ მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ევროპაში რეგისტრირებული ყველა ახალი ავტომობილი და ფურგონი იქნება ნულოვანი გამონაბოლქვის 2035 წლისთვის. როგორც შუამავალი ნაბიჯი ნულოვანი გამონაბოლქვისკენ, CO2-ის ახალი სტანდარტები მოითხოვს, რომ ახალი მანქანების გამონაბოლქვი 2030 წლისთვის 55%-ით შემცირდეს, ხოლო ახალი ფურგონების - 50%-ით. ეს შეთანხმება წარმოადგენს 2021 წლის ივლისში კომისიის მიერ წარდგენილი "Fit for 55"-ის  საკანონმდებლო წინადადების პირველ ნაბიჯს და აჩვენებს COP27-ის წინ ევროკავშირის შიდა კლიმატის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.

„შეთანხმება ძლიერ სიგნალს უგზავნის მრეწველობასა და მომხმარებლებს: ევროპა ემხრობა ნულოვანი ემისიების მობილობას. ევროპელი ავტო მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ მზად არიან წინსვლისთვის და ბაზარზე უფრო ხელმისაწვდომი ელექტრო მანქანების ხელშეწყობისთვის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ცვლილებები ძალიან სწრაფად მოხდა. გასაკვირი არ არის, რომ ეს ინიციატივა პირველია “Fit for 55”-ის ფარგლებში, სადაც წევრი სახელმწიფოები და ევროპარლამენტი საბოლოო შეთანხმებამდე მივიდნენ.”-ამბობს ევროპის მწვანე გარიგების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ფრანს ტიმერმანი.

ეს მკაფიო სიგნალი მწარმოებლებისთვის და საზოგადოებისთვის დააჩქარებს მცირე და ნულოვანი ემისიის მანქანების წარმოებასა და გაყიდვას, რაც 2050 წლისთვის საავტომობილო ტრანსპორტს კლიმატის ნეიტრალიტეტის მყარ გზაზე დააყენებს. მოცემული კანონმდებლობა ევროკავშირის სატრანსპორტო სისტემას გახდის უფრო მდგრადს, უზრუნველყოფს სუფთა ჰაერს ევროპელებისთვის და გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯს ევროპის მწვანე შეთანხმების გზაზე. აღნიშნული ნათლად აჩვენებს ევროკავშირის ვალდებულებას მიაღწიოს კლიმატის მიზნებს და რომ რუსეთის  ომი უკრაინაში არ ანელებს ჩვენს გადასვლას სუფთა ენერგიაზე, პირიქით, ის აჩქარებს ჩვენს წინსვლასა და მუშაობას იმისათვის, რომ გავხდეთ მსოფლიოში პირველი კლიმატ-ნეიტრალური კონტინენტი 2050 წლისთვის.

შემდეგი ნაბიჯები

აღნიშნული დროებითი შეთანხმება მოითხოვს ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მიერ ოფიციალურ დამტკიცებას. ამ პროცესის დასრულების შემდეგ ახალი კანონმდებლობა გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და ამის შემდგომ შევა ძალაში.

კონტექსტი

ავტომობილებისა და ფურგონებისთვის CO2-ის ემისიის სტანდარტების გადასინჯვა არის “Fit for 55”-ის ერთ-ერთი წინადადება, რომელიც წარმოდგენილი იყო კომისიის მიერ 2021 წლის ივლისში. ინიციატივის მიზანია, რომ ევროკავშირის კლიმატის, ენერგიის, მიწათსარგებლობის, ტრანსპორტის და საგადასახადო პოლიტიკა ხელს უწყობდეს 2030 წლისთვის CO2-ის მინიმუმ 55%-ით შემცირებას 1990 წელთან შედარებით .

იმისათვის რომ 2050 წლისთვის ევროპა გახდეს მსოფლიოში პირველი კლიმატ- ნეიტრალური კონტინენტი და ევროპის მწვანე შეთანხმება იქცეს რეალობად მომდევნო ათწლეულში გაფრქვევების შემცირების მიღწევა  გადამწყვეტია. საკანონმდებლო ინსტრუმენტები შექმნილია ევროპის კლიმატის კანონში შეთანხმებული მიზნების მისაღწევად და ძირეულად გარდაქმნის ჩვენს ეკონომიკასა და საზოგადოებას სამართლიანი, მწვანე და ბედნიერი მომავლისთვის.

წყარო: EU Comission press-release: Zero emission vehicles