02/04/2023
2025 წელი გარდამტეხი იქნება ევროკავშირის ბაზარზე არსებული კომპანიებისთვის. რისკების გამოვლენისა და მართვის (Due Diligence) განახლებული და გამკაცრებული კანონმდებლობა სექტორთა შორის და ასევე სექტორულ დონეზე, იძულებითი შრომის მარეგულირებელი კანონმდებლობა და მდგრადობასთან დაკავშირებული პროდუქციის ახალი წესები, სავარაუდოდ, ძალაში შევა 2025 წლისთვის.
საკმარისი არ იქნება თუ კომპანიები ინდივიდუალური აქტივობებით შეეცდებიან ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობას. აუცილებელია მათ სრულად გადახედონ თავიანთ კორპორაციული მმართველობისა და რისკების მართვის სტრატეგიას.
ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები ასახავს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმაც კომპანიებს შეუძლიათ ახლავე დაიწყონ:
- მმართველი საბჭო. კომპანიების სტრუქტურა მმართველი საბჭოს დონეზე უნდა ითვალისწინებდეს ანგარიშვალდებულებას ადამიანის უფლებებისა და გარემოსდაცვით საკითხებზე, მათ შორის შესაბამისობის პოლიტიკაზე, პროცესებსა და შედეგებზე. აღნიშნული სავალდებულო იქნება იმის მიუხედავად რომ დირექტორის ვალდებულებები გათვალისწინებული იქნება კორპორაციული მდგრადობის შესაბამისობის დირექტივაში (Corporate Sustainability Due Diligence Directive (CSDD)). იძულებითი შრომის აკრძალვა და ეკოდიზაინის მდგრადი პროდუქტის რეგულაცია (Ecodesign Sustainable Product Regulation) დაადგენს ევროკავშირში პროდუქტების იმპორტისთვის აუცილებელ მდგრადობის კრიტერიუმებს. CSDD ითვალისწინებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის რისკებს, რაც ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები და გარემოსდაცვითი რისკები ის საკითხებია, რომლებიც საჭიროებენ მმართველი საბჭოსა და დირექტორის დონეზე ზედამხედველობას.
- შიდა მართვის სისტემები და კონტროლის მექანიზმები. კომპანიებმა უნდა შეიმუშაონ ადამიანის უფლებებისა და გარემოსდაცვითი რისკების მართვისთვის აუცილებელი შიდა სისტემები და დოკუმენტები. გარე მოთხოვნებთან შესაბამისობა ნიშნავს, რომ კომპანიებს ექნებათ მკაფიო შიდა საკონტროლო დოკუმენტაცია და მექანიზმები. კომპანიების უმეტესობა ამას უკვე აკეთებს, ბიზნესის კეთილსინდისიერების რისკებთან დაკავშირებით - ადამიანის უფლებებისა და გარემოსდაცვითი რისკების მართვაც ანალოგიურად უნდა ხდებოდეს.
- ორმაგი არსებითობა. კომპანიებს პირველად მოეთხოვებათ გაითვალისწინონ თავიანთი უარყოფითი არსებითი ზეგავლენები ადამიანებსა და გარემოზე დაინტერესებულო მხარეების პერსპექტივიდან. ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ მანამდე კომპანიები თავიანთ რისკებსა და ზემოქმედებებზე ფიქრობდნენ მხოლოდ კომპანიის ღირებულებებიდან გამომდინარე (ფინანსური, იურიდიული, ოპერატიული და რეპუტაციული რისკები).
- მიკვლევადობა. დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ყველა ოპერაციისა და მომსახურების, ფასეულობათა ჯაჭვისა და საქმიანი ურთიერთობის მიკვლევადობას. სავალდებულო გახდება მიკვლევადობის შესახებ იმ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, რომლებიც შეეხება მაღალი რისკის პროდუქციას, იძულებით შრომასა და პროდუქტის მდგრადობას. გამოძიების დაწყების შემთხვევაში, რასაც ითვალისწინებს იძულებითი შრომის შესახებ ახალი რეგულაცია, კომპანიებს მოეთხოვებათ ხელისუფლებას მიაწოდონ მიკვლევადობის შესახებ ინფორმაცია 15 დღეში.
- მაღალი და მოსალოდნელი რისკები. კომპანიებმა უნდა დაადგინონ პრიორიტეტები, რა ნაბიჯებს გადადგამენ იმ მაღალი რისკის არსებობის შემთხვევაში, რომლებიც შეეხება ადამიანის უფლებებსა და გარემოზე ზემოქმედებას. ეს შეიძლება ნიშნავდეს გარკვეულ მომწოდებლებსა და საქმიანი ურთიერთობებზე უარის თქმას, ან მინიმუმ იმის უზრუნველყოფას, რომ მმართველი საბჭო ინფორმირებული იყოს იმ შედეგების შესახებ, რაც მოჰყვება ამ რისკების იგნორირებას. იმ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მოიცავენ იძულებითი შრომის, ტყის გაჩეხვის და სხვა სერიოზულ რისკებს, კომპანიის რისკების რუკის (risk mapping) შედგენისას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს, განსაკუთრებით თუ ეს რისკები განჭვრეტადია (ანუ რისკი აღქმადია და კარგად არის დოკუმენტირებული).
- ანგარიშგება. კომპანიებმა ახლავე უნდა დანერგონ სისტემები და პროცესები, რომლებიც უპასუხებს ანგარიშგების შესახებ გაზრდილ და გამკაცრებულ მოთხოვნებს. კომპანიებს, რომლებიც წარმოადგენენ მაღალი ზეგავლენის მქონე სექტორებს და აქვთ კომპლექსური ღირებულებათა ჯაჭვები, უფრო დიდი ალბათობით მოუწევთ ანგარიშგების სხვადასხვა დონის მოთხოვნების დაკმაყოფილება , დაწყებული წლიური ანგარიშგებით დამთავრებული ცალკეული საქონლისა და პროდუქტის შესახებ ანგარიშგებით.
წყარო: Due Diligence Design