22/04/2023
ევროკომისიამ შემოგვთავაზა ახალი რეგულაცია იმ ბიზნესების წინააღმდეგ, რომლებიც წარმოაჩენენ მცდარ ან შეცდომაში შემყვან გარემოსდაცვით პრაქტიკას (greenwashing).
ახალი რეგულაციის ძირითადი მიზნები მოიცავს გარემოს დაცვის ხელშეწყობას, ცირკულარულ, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებას, მომხმარებლებისა და კომპანიების წახალისებას შესყიდვებისას გარემოსთვის უსაფრთხო არჩევანი გააკეთონ, გარემოსდაცვითი სამართლებრივი უსაფრთხოების გაუმჯობესებას და გაძლიერებას, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობას იმ ბიზნესებს შორის, რომლებიც ცდილობენ გაზარდონ გარემოსდაცვითი მდგრადობა.
ევროკომისიის შემოთავაზებული დირექტივის თანახმად, იმ კომპანიებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი პროდუქტი და სერვისი არის „მწვანე“, მოუწევთ ამის დასაბუთება ახალი ნორმების შესაბამისად. უფრო მეტიც, მათ ეს უნდა დაადასტურონ სამეცნიერო მტკიცებულებებით.
იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ კომპანიები არღვევენ ახალ რეგულაციებს, რომლებიც ვრცელდება ევროკავშირის ერთიან ბაზარზე გაყიდულ ყველა პროდუქტსა და სერვისზე (ისეთი ფინანსური სერვისების გამოკლებით, როგორებიცაა საბანკო და საინვესტიციო პროდუქტები), მათ მაღალი ფინანსური ჯარიმები დაეკისრებათ. ასევე შესაძლებელია, რომ მათი პროდუქცია ბაზრიდან საერთოდ ამოიღონ.
ევროკავშირი ასევე ცდილობს გარემოსდაცვითი ეტიკეტები გახადოს უფრო გასაგები მომხმარებლებისთვის. თუ ეტიკეტი არ არის ევროკავშირის დონეზე შემუშავებული, ის ვერ იქნება პროდუქტზე დატანილი. კომისია შიშობს, რომ ბაზარზე არსებულმა „მინიმუმ 230“ გარემოსდაცვითმა ეტიკეტმა შეიძლება გამოიწვიოს „მომხმარებელთა დაბნეულობა და უნდობლობა“.
ევროკომისიის 2020 წლის კვლევის მიხედვით, 150 გამოკვლეული განაცხადიდან, რომელთა თანახმად შეთავაზებული სერვისი ან პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა, 53.3% აღმოჩნდა „ბუნდოვანი, შეცდომაში შემყვანი ან უსაფუძვლო“, მათ შორის ისეთი განცხადებები, როგორებიცაა „მწვანე და „ბუნების მეგობარი“; ხოლო 40% საერთოდ დაუსაბუთებელი იყო, რაც, ფაქტიურად, მომხმარებლების მოტყუებას გულისხმობს.
”ჩვენი დაკვირვებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში greenwashing-ის შემთხვევები ძალიან გახშირდა,” - თქვა ევროკავშირის გარემოს დაცვის მინისტრმა ვირჯინიუს სინკევიჩიუსმა ინტერვიუში. „ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ის კომპანიები, რომლებიც თავს წარმოაჩენენ როგორც „მწვანეები“, ნამდვილად ასეთები არიან. მომხმარებლებს არ სურთ, რომ მოტყუებულები იყვნენ”.
დირექტივის პროექტი, რომელიც ახლა საჭიროებს ევროპარლამენტისა და 27 წევრი ქვეყნის მიერ დამტკიცებას, არის ევროკავშირის მცდელობა მოაწესრიგოს ბაზარი და გააუმჯობესოს გარემოსდაცვითი მდგრადობა და ცირკულარული ეკონომიკა, როგორც ევროპის მწვანე შეთანხმების ნაწილი.