სიახლეები

ევროკავშირის მხარდაჭერით კონკურსის 'Meliora 2022'-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ევროკავშირის მხარდაჭერით კონკურსის 'Meliora 2022'-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

16/06/2023

ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით,  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ‘საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022’-ის რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონია 2023 წლის 30 მაისს, სასტუმრო ბილტმორ თბილისში გაიმართა.

კონკურსის მიზანია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაცია. კონკურსის ფარგლებში დაჯილდოვდნენ ბიზნეს კომპანიები მათ მიერ განხორციელებული საუკეთესო პროექტებისა და ინიციატივებისათვის  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მდგრადი განვითარების სფეროში.

წლევანდელ ღონისძიებაზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და სფეროს საერთაშორისო ექსპერტებმა კონკურსის სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიები დააჯილდოვეს.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) დირექტორის ეკა ურუშაძის განცხადებით: ‘’კორპორაციული პასუხისმგებლობა ბიზნეს კომპანიებისათვის მომავალ განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიაა. მომხმარებლები, თანამშრომლები და საზოგადოება უფრო მეტად ითხოვენ კომპანიებისგან აქტიურ მონაწილეობას გარემოსდაცვითი, სოციალური და კულტურული საკითხების გადაჭრაში. შესაბამისად, Meliora-ს მსგავსი კონკურსები ეხმარებათ ბიზნესკომპანიებს უფრო მეტად განავითარონ თავიანთი სოციალური და გარემოსდაცვითი პროექტები და გააცნონ ისინი საზოგადოებას.”

საზეიმო ღონისძიებას 250 ადამიანი დაესწრო, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები.

‘საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022’-ს გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში დაჯილდოვდნენ:

კატეგორია ‘მწვანე ინიციატივა’

გამარჯვებული მსხვილი კომპანია: თეგეტა ჰოლდინგი, პროექტი „თეგეტა გარემოსთვის“

გამარჯვებული მცირე და საშუალო კომპანია: „ბიოდიზელ ჯორჯია“, პროექტი „ბიოსაწვავი ნარჩენებისაგან - სუფთა გარემო და ენერგოდამოუკიდებლობა“ 

კატეგორია ‘პასუხისმგებელი დამსაქმებელი’

გამარჯვებული მსხვილი კომპანია: მეიჯერელ საქართველო, პროექტი „Feel Good” 

კატეგორია „საზოგადოების მხარდაჭერა“

გამარჯვებული მსხვილი კომპანია: ეიპიემ ტერმინალს ფოთი, პროექტი „ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“

გამარჯვებული მცირე და საშუალო კომპანია: ედენა, პროექტი „ედენას გოგოების მხარდაჭერა მოტივაციადაკარგულ ქალებს“ 

კატეგორია „სექტორთა პარტნიორობა - გაზიარებული პასუხისმგებლობა“

გამარჯვებული მცირე და საშუალო ზომის კომპანია: Qwerty, პროექტი „Supergmiri.ge-ს მხარდაჭერა“ 

კატეგორია „გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებზე“

გამარჯვებული მსხვილი კომპანია: თიბისი ბანკი, პროექტი „2021 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში“ 

კატეგორია „წლის CSR მენეჯერი“

გამარჯვებული: ანა კუხალეიშვილი, კომპანია ბიმ კუბი“ 

წლის პასუხისმგებელი მცირე და საშუალო კომპანია

გამარჯვებული მცირე და საშუალო ზომის კომპანია: ემბისი 

‘Meliora 2022’ კონკურსის ჟიური შედგებოდა წამყვანი უცხოელი (დიდი ბრიტანეთი, შოტლანდია, ირლანდია, ისრაელი, ავსტრია, ნორვეგია, შვედეთი, ლიეტუა, ლატვია და უნგრეთი) და ქართველი ექსპერტებისაგან, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.

კონკურსი იმართება წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციების, სამთავრობო უწყებებისა და მედია ორგანიზაციების მხარდაჭერით.