სიახლეები

40%-ზე მეტმა Gen Z-მ და მილენიალმა განაცხადა, რომ შეიცვლის სამუშაო ადგილს კლიმატის ცვლილების გამო: დელოიტის ახალი კვლევა

40%-ზე მეტმა Gen Z-მ და მილენიალმა განაცხადა, რომ შეიცვლის სამუშაო ადგილს კლიმატის ცვლილების გამო: დელოიტის ახალი კვლევა

23/06/2023

კლიმატის ცვლილება და კორპორაციული მდგრადობა ის ფაქტორებია, რომელთა გათვალისწინება მოუწევთ კომპანიებს თანამშრომლების აყვანის და შენარჩუნების მიზნით. აღნიშნულს აჩვენებს დელოიტის ახალი კვლევა, რომელის მიხედვითაც 40% Gen Z-მ და მილენიალმა დატოვა ან აპირებს დატოვოს სამუშაო ადგილი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების გამო. 

ანგარიშის მომზადებისას, დელოიტმა გამოკითხა 23,000 Gen Z და მილენიალი რესპონდენტი 44 ქვეყანაში. გამოკითხვა შეეხებოდა როგორც ფინანსურ საკითხებს, ასევე, სამუშაო/ცხოვრების ბალანსს, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კლიმატის ცვლილებას. კვლევისას შესწავლილი იყო რესპონდენტთა დამოკიდებულება და ქცევა კლიმატისა და გარემოს მდგრადობის საკითხების მიმართ და თუ როგორი ზეგავლენა აქვს ამ საკითხებს ბიზნესზე. შედეგებმა აჩვენა რომ კლიმატის ცვლილება არის მთავარი საზრუნავი Gen Z-სა და მილენიალებისთვის; გამოკითხულთა დაახლოებით 60% აღნიშნავს, რომ გარემოს პრობლემები მათთვის შფოთვის საფუძველია, ხოლო 70%-ზე მეტი ამბობს, რომ ისინი აქტიურად ცდილობენ მინიმუმამდე დაიყვანონ ზეგავლენა გარემოზე. 

ეს შეშფოთება, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს რეკრუტინგსა და თანამშრომლების შენარჩუნებაზე. გამოკითხულთა დაახლოებით 55%-მა განაცხადა, რომ მანამ სანამ დათანხმდება სამუშაო შეთავაზებას, ატარებს კვლევას პოტენციურ დამსაქმებელზე, თუ რამდენად ზემოქმედებს კომპანიის ბიზნეს საქმიანობა გარემოზე და რა გარემოსდაცვითი  პოლიტიკას აქვს მას. 

კლიმატთან დაკავშირებული ფაქტორები ასევე განაპირობებს თანამშრომელთა მოლოდინებს; გამოკითხვის თანახმად, Gen Z-ის 50% და მილენიალების 46% აცხადებს, რომ ისინი ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ ბიზნესზე, რათა კომპანიებმა მიიღონ ქმედითი ზომები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტთა ნახევარზე მეტი თანხმდება, რომ მათი დამსაქმებლები მუშაობენ კლიმატის ცვლილების მოსაგვარებლად, Gen Z-ის 53%-მა და მილენიალების 48%-მა განაცხადა, რომ მდგრადობის თემები დამსაქმებელი კომპანიების მიერ ბოლო წლებში ნაკლებად პრიორიტეტულია გახდა ისეთი გარე ფაქტორების გამო, როგორიცაა კოვიდ-19. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის ტოპ მენეჯმენტის პასუხებთან; დელოიტის ბოლო კვლევაში („2023 CxO Sustainability Report“) გამოკითხულთა 75%-მა აღნიშნა, რომ მათი კომპანიების მიერ მდგრადი ინვესტიციები გასული წლის განმავლობაში გაიზარდა.

მიშელ პარმელემ, Deloitte Global-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ და ადამიანთა და მიზნების ოფიცერმა, განაცხადა:

„ისინი ეძებენ დამსაქმებლებს, რომლებიც მათ დაეხმარებიან ცვლილების მოხდენაში. ორგანიზაციები, რომლებიც აქტიური მსმენელები არიან და ეხმარებიან თანამშრომლებს მათი საჭიროებებისა და პრობლემების გადაწყვეტაში, ხელს უწყობენ ბიზნესის მდგრადობის გაუმჯობესებას და პოზიტიური ზეგავლენის მოხდენას გარემოზე.” 

კვლევამ ასევე ხაზი გაუსვა რესპონდენტთა ცხოვრების წესს, რაც ასევე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ბიზნესზე. გამოკითხულთა დაახლოებით 60%-მა აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან გადაიხადონ მეტი მდგრადი პროდუქტებისა და სერვისებისთვის, თუმცა ნახევარზე მეტი ვარაუდობს, რომ ისინი ამას ვერ შეძლებენ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე. გამოკითხულთა თითქმის ორმა მესამედმა აღნიშნა, რომ პროდუქციის ან სერვისის შესყიდვისას ყურადღებას აქცევენ სერთიფიკატებს და იმას თუ რამდენად პრიორიტეტია მდგრადობის საკითხი მწარმოებელი კომპანიისთვის. 

პარმელემ დაამატა:

„მნიშვნელოვანია დამსაქმებელს ესმოდეს ახალი თაობების და იზრუნოს პროგრესზე კომპანიის შიგნით. ეს არა მხოლოდ ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის ამაღლებასა და თანამშრომლების შენარჩუნებას, არამედ შექმნის ბიზნესის მიმართ ნდობას ფართო საზოგადოებაში“. 

კვლევა იხილეთ აქ: https://www.deloitte.com/global/en/issues/work/content/genzmillennialsurvey.html

წყარო: https://www.esgtoday.com/over-40-of-gen-z-millennials-would-switch-jobs-over-climate-concerns-deloitte-survey/