21/07/2023
„ამაზონის“ 2022 წლის მდგრადობის ანგარიშის მიხედვით, კომპანია მომავალი წლიდან განაახლებს მოთხოვნებს საკუთარი მიწოდების ჯაჭვისათვის. განახლებული მოთხოვნის მიხედვით მომწოდებლებს ექნებათ დამატებითი ვალდებულება წარადგინონ სათბურის აირების გაფრქვევების შესახებ მონაცემები და ასევე განსაზღვრონ მისი შემცირების გზები.
ახალი მოთხოვნები წარმოადგენს „ამაზონის“ ინიციატივების ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ნახშირბადის გაფრქვევების ნულოვანი ბალანსის (net-zero) მიღწევას 2040 წლისთვის. სათბურის აირების გაფრქვევები, რომლებიც წარმოიქმნება კომპანიის ღირებულების ჯაჭვს მიღმა და არ არის კომპანიის პირდაპირი კონტროლის ქვეშ (Scope 3 emissions), შეადგენს კომპანიის სათბურის აირის გაფრქვევების სამ მეოთხედზე მეტს.
ბლოგში, რომელიც გამოქვეყნდა მდგრადობის ანგარიშთან ერთად, კარა ჰერსტმა, „ამაზონის“ ვიცე პრეზიდენტმა და „ამაზონის“ გლობალური მდგრადობის (Worldwide Sustainability) ხელმძღვანელმა, განაცხადა:
„იმისათვის რომ 2040 წლისთვის მივაღწიოთ ნახშირბადის გაფრქვევების ნულოვან ბალანსს (net-zero) „ამაზონმა“ უნდა შეამციროს სათბურის აირების გაფრქვევები, მათ შორის მომწოდებლების ჯაჭვშიც. ჩვენი ზომის კომპანიისთვის ეს არის გამოწვევა, რადგან ეს შეეხება აქტივობებს, რომელიც მიმდინარეობს ჩვენი უშუალო ოპერაციული კონტროლის მიღმა.”
მდგრადობის ანგარიშში გამოვლინდა, რომ კომპანიის მიერ სათბურის აირების გაფრქვევები 2022 წელს შემცირდა 0,4%-ით, მიუხედავად კომპანიის შემოსავლების 9%-იანი ზრდისა. სათბურის აირების გაფრქვევების შემცირება განპირობებული იყო მათი შემცირებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა მშენებლობა, იჯარა, აღჭურვილობა და ტრანსპორტირება.
ჰერსტმა დაამატა: „ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სათბურის აირების გაფრქვევების შესამცირებლად ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მიწოდების ჯაჭვში არსებულ პარტნიორებთან, რათა დავეხმაროთ მათ თავიანთი ბიზნეს საქმიანობისას წარმოქმნილი სათბურის აირების გაფრქვევების შემცირებაში. შესაბამისად, 2024 წლიდან, ჩვენ ვაახლებთ ჩვენი მიწოდების ჯაჭვის სტანდარტებს, რის მიხედვითაც მომწოდებლებს მოვთხოვთ გაგვიზიარონ სათბურის აირების გაფრქვევების შემცირების მონაცემები და დასახონ კონკრეტული მიზნები ამ სფეროში.“
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ანგარიშში არ დააკონკრეტა მოთხოვნები, ცვლილება გავრცელდება „ამაზონის“ მიწოდების ჯაჭვში ჩართულ ყველა კომპანიაზე, ასევე „ამაზონის“ შვილობილი კომპანიების მიმწოდებელზე, მათ შორის გამყიდველებზე, სერვისის პროვაიდერებზე, პარტნიორებზე, კონტრაქტორებსა და ქვეკონტრაქტორებზე.
„ამაზონმა“ განაცხადა, რომ ის გამოიყენებს საკუთარ შესაძლებლობებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს მომწოდებლებს შეამცირონ სათბურის აირის გაფრქვევები, დაეხმარება მომწოდებლებს აკონტროლონ და აღრიცხონ საკუთარი გაფრქვევები და ნელ-ნელა გადავიდენ განახლებად ენერგომატარებლებზე.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია:
„ჩვენ დიდი ზეგავლენის მოხდენა შეგვიძლია ჩვენს მიწოდების ჯაჭვზე, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს და საქმიანობებს, როგორიცაა სამშენებლო მასალები, ტრანსპორტირება, ტექნიკური აღჭურვილობა, პროდუქტები და შეფუთვა. ჩვენ ვეცდებით გავაძლიეროთ ჩვენი გავლენა, რათა შევამციროთ სათბურის აირების გაფრქვევები“.
ანგარიში ასევე ხაზგასმულია კომპანიის პროგრესი ენერგეტიკულ ტრანსფორმაციაში. „ამაზონმა“ დაადასტურა, რომ ის 2025 წლისთვის 100% განახლებადი ენერგიით განახორციელებს საქმიანობას. ამაზონმა გაზარდა განახლებადი ენერგიის სიმძლავრე 8 გიგავატით 2022 წელს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ 2022 წელს კურიერის ელექტრომანქანები გაიზარდა 9000-მდე, 2030 წლისთვის კი იგეგმება რომ რაოდენობა 100000-მდე გაიზარდოს.
წყარო: ESG Today - Amazon to require suppliers to Report Emissions, Set Climate Goals