17/10/2023
13 ოქტომბერს, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ინიციატივით, საქართველოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის, მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
CSR ფორუმი, უნიკალური პლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა სექტორთა წარმომადგენლების მიერ დაფუძნდა. მისი მისიაა საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებზე დაინტერესებულ მხარეთა დიალოგის წარმართვა და პასუხისმგებელი ბიზნეს საქმიანობის მხარდამჭერი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
ფორუმის სამუშაო შეხვედრას სხვადასხვა სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციის, ბიზნეს ასოციაციის, საგანმანათლებლო/აკადემიური დაწესებულებისა და სახელმწიფო სექტორის ორმოცამდე წარმომადგენელი დაესწრო.
შეხვედრის მასპინძელი იყო პროკრედიტ ბანკი, რომელიც საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora-ს მთავარი პრიზის (2019 წ.) მფლობელია და ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით. კომპანიის პოლიტიკაა არა მხოლოდ პასუხისმგებელი ბიზნეს პრაქტიკის განხორციელება, არამედ ზოგადად, კორპორაციული პასუხისმგებლობის მხარდაჭერა ქვეყანაში. ამ პოლიტიკის ფარგლებში,პროკრედიტ ბანკი მხარს უჭერს CSR ფორუმის მუშაობას და უმასპინძლა ფორუმის სამუშაო შეხვედრას 13 ოქტომბერს.
ფორუმის წევრები თითქმის ერთი წელია აქტიურად მსჯელობენ კორპორაციული პასუხისმგებლბის ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკის რეკომენდაციებზე, რომელსაც ქართველი და უცხოელი ექსპერტების სამუშაო ჯგუფი ამზადებს. სამუშაო ჯგუფის წევრები შეხვედრაზე პრეზენტაციებითაც წარდგნენ:
პროკრედიტ ბანკის წარმომადგენლებმა - ხატია ქირიამ (ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) და ირინა კიკვაძემ (გარემოს დაცვითი დეპარტამენტის წარმომადგენელი) ბანკის მდგრადობის პოლიტიკა და შედეგები მეკლედ წარმოადგინეს.
ფორუმის წევრებს აგრეთვე ონლაინ ფორმატში მიმართა ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა ფრენსის ფიცჯერალდმა, რომელიც ირლანდიის მეწარმეობის ყოფილი მინისტრია (Minister of Enterprise). ქალბატონი ფრენსისი აქტიურად იყო ჩართული, ირლანდიის CSR ფორუმთან მჭიდრო თანამშრომლობით, ირლანდიის ეროვნული CSR სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში. მისი მიმართვა საქართველოს CSR ფორუმის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად და ყურადღებას ამახვილებდა ევროკომისიის პოლიტიკაზე ამ სფეროში, ასევე საქართველოსთვის CSR-ის ხელშემწყობი ეროვნული პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობაზე.
სამუშაო შეხვედრაზე ფორუმის წევრებმა განიხილეს CSR-ის მხარდამჭერი სახელმწიფო ჩარჩო-პოლიტიკის პირველი სამუშაო ვერსია და იმსჯელეს იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობას. დისკუსიის ფარგლებში, მხარეებმა იმსჯელეს მწვანე ეკონომიკასა და ბიზნესის წახალისებაზე გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის მიმართულებით, კორპორაციული პასუხისმგებლობის სწავლების დანერგვაზე საუნივერსტეტო სივრცეში, საჯარო მოხელეთა ცოდნისა და კომპეტენციის განვითარებაზე CSR-ის საკითხებში, კომპანიების უარყოფითი გავლენების შეფასებასა და მართვაზე, ასევე საქართველოში მდგრადი განვითარების ანგარიშგების დანერგვის ხელშეწყობაზე.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მხარდამჭერი სახელმწიფო ჩარჩო-პოლიტიკის დოკუმენტის დასრულება 2023 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.
კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობა (CSR) გულისხმობს კომპანიის პასუხისმგებლობას იმ ზეგავლენაზე, რომელსაც იგი თავისი გადაწყვეტილებებითა და საქმიანობით ახდენს ბუნებრივ გარემოზე, ეკონომიკურ სისტემებსა და ადამიანებზე, ანუ საკუთარ თანამშრომლებზე, მომხმარებლებზე, მომწოდებლებზე, პარტნიორებზე, ადგილობრივ თემებსა და, ზოგადად, საზოგადოებაზე. ბიზნესებს აქვთ ნებაყოფლობითი ვალდებულება შეასრულონ ადგილობრივ კანონმებლობაზე უფრო მაღალი, საერთაშორისო სტანდარტები.
CSR ფორუმი დაარსდა #CSRDG-ის ორგანიზებით, პროექტის 'სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის' ფარგლებში, ერვოკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.