სიახლეები

ტექნოლოგიური ინდუსტრიის მდგრადი მომავალი: Microsoft-ი გადამუშავებული ელექტრონული მოწყობილობებიდან იშვიათ ტუტემიწა ელემენტებს მოიპოვებს

ტექნოლოგიური ინდუსტრიის მდგრადი მომავალი: Microsoft-ი გადამუშავებული ელექტრონული მოწყობილობებიდან იშვიათ ტუტემიწა ელემენტებს მოიპოვებს

28/04/2025

Microsoft-ი, სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მსგავსად, აქტიურად მუშაობს ნარჩენების შემცირებისა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვაზე.

ამ მიმართულებით კომპანიის ერთ-ერთი ეფექტური და ინოვაციური ინიციატივა უკავშირდება მყარი დისკებიდან იშვიათი ტუტემიწა ელემენტების მოიპოვებს.

Microsoft-ი, აღნიშნულ პროექტს ახორციელებს Western Digital-თან, Critical Materials Recycling-თან და PedalPoint Recycling-თან თანამშრომლობით.

ისინი ძველი კომპიუტერული ტექნიკისა და გადამუშავებული ელექტრონული მოწყობილობებიდან იშვიათ  ტუტემიწა ელემენტებსა და ძვირფას ლითონებს მოიპოვებენ მჟავების გამოყენების გარეშე.

2024 წელს Microsoft-მა თავისი მონაცემთა ცენტრებიდან, მუშაობიდან მოხსნილი სერვერებისა და მონაცემთა ცენტრის სხვა მოწყობილობების თითქმის 91% გადაამუშავა ან ხელახლა გამოიყენა. 

საპილოტე პროექტის ფარგლებში, უკვე გადამუშავდა 22,680 კილოგრამი მოძველებული დისკი, რის შედეგადაც მოპოვებულია:

ნეოდიმი, პრაზეოდიმი და დისპროზიუმი, რომლებიც გამოიყენება ელექტრომობილებსა და ქარის ტურბინებში. ასევე ოქრო, სპილენძი, ალუმინი და ფოლადი.

Microsoft-ის ეს ინიციატივა გავლენას ახდენს როგორც ეკონომიკაზე, ისე გარემოზე.

იშვიათ ლითონებზე მოთხოვნა ყოველწლიურად 9 პროცენტით იზრდება, ხოლო ბაზრის მოცულობა 2030 წლისთვის 16.3 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

იშვიათი ტუტემიწა ელემენტები თანამედროვე ტექნოლოგიების შესაქმნელად აუცილებელია. ამ ელემენტების მეშვეობით იქმნება განახლებადი ენერგიის სისტემებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა -  ქარის ტურბინები, ელექტრომობილები. შესაბამისად  ამ ელემენტებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება.

ტრადიციული ფორმით მათი მოპოვება დიდ ზიანს აყენებს გარემოს. ელექტრონული ნარჩენებიდან (E-waste) ამ ელემენტების აღდგენა კი ამცირებს ახალი მოპოვების საჭიროებას, ნარჩენების რაოდენობას და სათბურის გაზების გამოყოფას.

Microsoft-ის ამ უკანასკნელ ინიციატივას მიწოდების ჯაჭვის სტაბილურობის ფუნქციაც აქვს. იშვიათი ტუტემიწა ელემენტების მიწოდების ჯაჭვი დიდწილად კონტროლდება ჩინეთის მიერ. ჩინეთზე მოდის ამ ელემენტების წარმოების დაახლოებით 61% და მათი გადამუშავების 92%. ეს ქმნის გარკვეულ გეოპოლიტიკურ რისკებს, რადგან მიწოდების შეფერხებებმა ან ფასების არასტაბილურობამ შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს გლობალურ ინდუსტრიაზე, განსაკუთრებით აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე. Microsoft-ის ინიციატივა ხელს უწყობს  საგარეო წყაროებზე დამოკიდებულების შემცირებას და ზრდის ეროვნულ უსაფრთხოებას.

Microsoft-ის მიერ იშვიათი ტუტემიწა ელემენტების მოპოვება არამხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაციაა, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ამცირებს გარემოზე ზიანს და აძლიერებს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში.

 

წყაროები:

https://trellis.net/article/microsoft-mining-hard-drives-for-rare-earths/

https://www.westerndigital.com/company/newsroom/press-releases/2025/2025-04-17-at-scale-hard-disk-drive-rare-earth-material-capture-program-launched