სიახლეები

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა CSR ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი გამოსცა

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა CSR ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი გამოსცა

05/05/2021

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა გამოსცა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის  ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, რომლის ავტორია ლელა ხოფერია. წიგნი განკუთვნილია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით დაინტერესებული პროფესიონალების, მკვლევარებისა და პრაქტიკოსების ფართო აუდიტორიისათვის.

საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა სწრაფად მზარდი ტენდენციაა. სულ უფრო მეტი ორგანიზაციაა დაინტერესებული ამ კონცეფციით, მისი შესწავლით, ხელშეწყობითა თუ დანერგვით. სამწუხაროდ, ქართულ ენაზე არ არის სრულყოფილად ჩამოყალიბებული ამ დარგის ტერმინოლოგია, აგრეთვე არასაკმარისი ინფორმაცია მოიპოვება კორპორაციულ პასუხისმგებლობასა და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული მრავალი კონცეფციის თუ სტანდარტის შესახებ. ლექსიკონიც სწორედ ამ დანაკლისის შევსების მიზნით შეიქმნა.

ლექსიკონში შესულია უშუალოდ კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული ტერმინები და კონცეფციები (როგორიცაა, მაგალითად, მდგრადი განვითარების ანგარიში, კორპორაციული მდგრადობა, პასუხისმგებელი ინვესტირება, მწვანე მარკეტინგი და ა. შ.), ასევე უფრო ფართო გამოყენების ტერმინები (მაგალითად, ანტიკორუფცია, ადამიანის უფლებები და ა. შ.) რომლებიც მნიშვნელოვანი და არსებითია კორპორაციული პასუხისმგებლობის კონტექსტშიც, თუმცა მისგან დამოუკიდებლადაც იხმარება.

თითოეულ ტერმინს ახლავს დეტალური განმარტება. სულ ლექსიკონი შეიცავს 200-ზე მეტ სტატიას - ტერმინების, კონცეფციებისა და სტანდარტების განმარტებასა და მიმოხილვას. 

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ცნობიერების ამაღლების და ამ თემით დაინტერესებული პირებისათვის ექსპერტიზის მიწოდების მიზნით დიდი ხანია მუშაობს. CSRDG-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში არაერთი სახელმძღვანელო თუ კვლევა გამოიცა CSR-ის თემაზე, მათ შორის: პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო CSR-ზე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის; ვრცელი ანალიტიკური კვლევა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი“ (ანალიტიკური მიმოხილვა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას); სახელმძღვანელო CSR-ის თემაზე მცირე და საშუალო კომპანიებისათვის.

CSR ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი გამოიცა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.