10/06/2022
„ევროპული მწვანე კვირეული“ ვროკავშირის გარემოსდაცვით კალენდარში ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. კვირეული ყოველ წელს იმართება და შესაძლებლობას აძლევს პოლიტიკის შემქმნელებს, წამყვან გარემოსდაცვით ექსპერტებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს ევროკავშირიდან და მთელი მსოფლიოდან იმსჯელონ, იკამათონ და განიხილონ ევროკავშირის გარემოსდაცვითი პოლიტიკა და ინიციატივები.
წლების მანძილზე, ევროპული მწვანე კვირეული მიზნად ისახავს ევროკავშირის გარემოსდაცვითი პოლიტიკა უფრო გასაგები გახადოს, ხელი შეუწყოს დებატებსა და დიალოგს მისი ჩამოყალიბების პროცესში, ასევე მხარი დაუჭიროს ამ პოლიტიკის განხორციელებას და მოქალაქეთა ჩართულობას ამ პროცესში.
წელს ევროპული მწვანე კვირეული გაიმართა 30 მაისიდან 5 ივნისამდე. მისი ძირითადი თემა იყო: ევროპული მწვანე შეთანხმება (European Green Deal) - ევროკავშირის სტრატეგია მდგრადი და ტრანსფორმაციული განვითარებისთვის, რათა 2050 წელს ევროკავშირი იყოს კლიმატ-ნეიტრალური და სრულად დაინერგოს რესურსების მდგრადი გამოყენების მოდელები.
მწვანე კვირეულის ფარგლებში ბრიუსელში 30-31 მაისს გაიმართა მაღალი დონის კონფერენცია, რომლის ორგანიზატორი იყო ევროკომისიის გენერალური დირექტორატი გარემოს დაცვის საკითხებში. კონფერენცია გაიხსნა დებატებით თემაზე: ევროკავშირის გარემოსაცვითი პოლიტიკა კრიზისის პერიოდში. მეორე დღეს დღის წესრიგში იყო სამი მნიშვნელოვანი საკითხი: ცირკულარული ეკონომიკა, ნულოვანი დაბინძურება და ბიომრავალფეროვნება.
ყველა სექტორის მონაწილეობის და ჩართულობის მიზნით, კონფერენციის გარდა კვირეულის ფარგლებში გაიმართა პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული არაერთი ღონისძიება (ე.წ. „პარტნიორი ღონისძიებები“), რომლებიც კვირეულის პროგრამის ნაწილს შეადგენდა.