15/07/2022
დიგიტალურმა მედიაკომპანიამ Incisive Media 11 და 12 ივლისს ლონდონში მეორედ ჩაატარა მდგრადი ინვესტირების ფესტივალი (Sustainable Investment Festival). პირველი ფესტივალი, რომელმაც საფუძველი დაუდო ამ ყოველწლიურ ღონისძიებას, შარშან დიგიტალურ ფორმატში ჩატარდა და მას დიდი წარმატება ხვდა წილად.
მდგრადი ინვესტირების ფესტივალი ერთადერთი ღონისძიებაა, რომელიც თავს უყრის სხვადასხვა ინსტიტუციურ ინვესტორსა და საინვესტიციო კონსულტანტს, რათა დაეხმაროს მათ უკეთ მოახდინონ ESG საკითხების (გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული მართვის საკითხების) ინტეგრირება საინვესტიციო პორტფელში და ახალი საინვესტიციო სქემები შესთავაზონ კლიენტებსა და ინვესტორებს, რომელთაც სურთ დადებითი ზეგავლენა მოახდინონ ბუნებრივ გარემოზე, საზოგადოებასა და პლანეტაზე.
ამ სფეროსთან დაკავშირებული რეგულაციების ახალი ტალღისა და სწრაფი ცვლილებების ფონზე ეს ორდღიანი ღონისძიება მიზნად ისახავდა საინვესტიციო სფეროს ექსპერტების საინფორმაციო საჭიროებების დაკმაყოფილებას.
ფესტივალზე თავი მოიყარეს გამორჩეულმა მომხსენებლებმა, რომელთა შთამაგონებელი გამოსვლები შეეხებოდა სამომავლო ტენდენციებს და მდგრადი ინვესტირების სფეროში უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას.
ფესტივალმა ასევე უმასპინძლა პრაქტიკულ სესიებს, რომლებზეც დელეგატები გაეცნენ უკანასკნელ სიახლეებს ამ სფეროში, ახალ რეგულაციებს, მონაცემებს და ანგარიშებს.
ღონისძიებამ უამრავი ახალი შესაძლებლობა წარმოაჩინა მდგრადი ინვესტორებისათვის და მონაწილეებს გააცნო მდგრადი ინვესტირების საუკეთესო ფონდები და მიდგომები.
რა არის მდგრადი და პასუხისმგებელი ინვესტირება?
პასუხისმგებელი/მდგრადი ინვესტირება სწრაფად მზარდი ტრენდია, რომელიც სულ უფრო მეტად ხდება ინვესტორთა ყურადღების საგანი. ის გულისხმობს საინვესტიციო ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღებისას სოციალური, გარემოსდაცვითი და ეთიკური ფაქტორების გათვალისწინებას ფინანსურ მაჩვენებლებთან ერთად. ეს არის გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული საინვესტიციო სტრატეგია, რომლის მიზანია ერთდროულად მიაღწიოს მდგრად ფინანსურ შედეგებსა და დადებით სოციალურ და გარემოსდაცვით ზეგავლენას.