16/12/2022
14 დეკემბერს, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის დაფუძნების ღონისძიება გაიმართა. CSR ფორუმი, რომელიც სხვადასხვა სექტორთა წარმომადგენლების მიერ დაფუძნდა, CSR-ის ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებზე დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალურ პლატფორმას ქმნის.
სასტუმრო „პულმან თბილისში“ გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, ფორუმის დაარსებას ხელი მოაწერეს კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ბიზნეს ასოციაციებმა, საგანმანათლებლო/აკადემიური დაწესებულების და სახელმწიფო სეტორის წარმომადგენლებმა. CSR ფორუმის დაფუძნება საქართველოში CSR-ის განვითარებისა და მისი ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებისკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის ‘სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის’ ფარგლებში, CSRDG მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებასა და მისი ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებას, კერძოდ კი CSR-ის მხარდამჭერი ჩარჩო-პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობას. CSRDG-იმ მოცემული მიზნის განსახორციელებლად, ქართველი და ევროპელი ექსპერტებისაგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელმაც უკვე დაიწყო CSR-ის ხელშემწყობი სახელმწიფო ჩარჩო-პოლიტიკის დრაფტის/რეკომენდაციების შემუშავება და ადვოკატირება.