სიახლეები

Meta-მ ხელოვნური ინტელექტის მხარდასაჭერად 20-წლიანი ბირთვული ენერგიის შეთანხმება გააფორმა ენერგეტიკულ კომპანიასთან Constellation Energy

Meta-მ ხელოვნური ინტელექტის მხარდასაჭერად 20-წლიანი ბირთვული ენერგიის შეთანხმება გააფორმა ენერგეტიკულ კომპანიასთან Constellation Energy

05/06/2025

Meta და ენერგეტიკული კომპანია Constellation Energy ოფიციალურად შეთანხმდნენ 20-წლიან პარტნიორობაზე, რომლის ფარგლებშიც Constellation-ი Meta-ს ბირთვული, ნულოვანი ემისიის მქონე ენერგიით მოამარაგებს. ეს შეთანხმება მიზნად ისახავს Meta-ს ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარებისა და მონაცემთა ცენტრების მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

AI-ის ტექნოლოგიების სწრაფი პროგრესი და მათზე დაფუძნებული სერვისების გაფართოება უზარმაზარ ენერგომოხმარებას იწვევს. კომპანიები სულ უფრო აქტიურად ეძებენ ალტერნატიულ გზებს, რათა დააკმაყოფილონ ბაზარზე არსებული მოთხოვნები, ამავდროულად კი შეამცირონ ნახშირბადის ემისიები.

პარტნიორობის ფარგლებში, Meta 2027 წლის ივნისიდან 1,121 მეგავატ ბირთვული ენერგიას მიიღებს Constellation Energy-ის კლინტონის სუფთა ენერგიის ცენტრიდან (Clinton Clean Energy Center), რომელიც ილინოისის შტატში მდებარეობს.

ენერგეტიკულ კომპანიას - Constellation  Energy, გარიგება საშუალებას მისცემს კლინტონის სადგურის სუფთა ენერგიის გამომუშავება 30 მეგავატით გაზარდოს. შეთანხმება ასევე უზრუნველყოფს 1,100 ადგილობრივი სამუშაო ადგილის შენარჩუნებას და რეგიონში ყოველწლიურად 13.5 მილიონი აშშ დოლარის საგადასახადო შემოსავლის მიღებას.

Meta-ს ეს ნაბიჯი არ არის გამონაკლისი. ბოლო პერიოდში სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებიც, მათ შორის Microsoft, Google და Amazon, აქტიურად დებენ გარიგებებს ბირთვული ენერგიის შესყიდვაზე, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ბირთვული ენერგია, როგორც სტაბილური და ემისიებისგან თავისუფალი წყარო, სულ უფრო მეტად განიხილება მომავალი ციფრული ინფრასტრუქტურის განუყოფელ ნაწილად.

ბირთვულ ენერგიაზე საუბრისას ცალკე საკითხია ბირთვული სადგურების უსაფრთხოება. მთავარი რისკები უკავშირდება რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვასა და ავარიულ აფეთქებებს, რომელთა პროვოცირება შესაძლოა, ადამიანურ შეცდომებთან ერთად,  სტიქიურმა მოვლენებმაც განაპირობოს.

წარსულში მომხდარი ავარიებისა და ნარჩენების მართვის გამოწვევების მიუხედავად, ტექნოლოგიური პროგრესი და უსაფრთხოების გაუმჯობესებული სტანდარტები ბირთვულ ენერგიას უფრო საიმედო და უსაფრთხო ალტერნატივად აქცევს. ამასთანავე სულ უფრო მეტი ქვეყანა განიხილავს მას, როგორც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებას.

წყარო: https://www.esgdive.com/news/meta-constellation-illinois-clinton-nuclear-ppa-support-ai-goals/749965/