კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას, მდგრად განვითარებას და სოციალურ კაპიტალს დღევანდელ მსოფლიოში ნებისმიერი ბიზნესის წარმატებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, დღევანდელი გაგებით, მჭიდროდ უკავშირდება მდგრადი განვითარების კონცეფციას. მიიჩნევა, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საბოლოო მიზანი მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და მისი მიზნების შესრულებაში წვლილის შეტანაა.
2015 წელს გაეროს სამიტზე მიიღეს მდგრადი განვითარების დღის წესრიგი 2030-სათვის, რომელიც განსაზღვრავს 17 გლობალურ მიზანს. საერთაშორისო თანამეგობრობა ერთსულოვანია, რომ ბიზნესის როლი გადამწყვეტია ამ მიზნების მიღწევაში. შესაბამისად, დაინტერესებული მხარეები - ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები, მთავრობები - კომპანიებისაგან ელიან მდგრადი განვითარების მიზნებში წვლილის შეტანას. მდგრადი განვითარების მიზნები გახდა ვექტორი კომპანიებისთვის, თუ როგორ უნდა დაგეგმონ მათ თავიანთი CSR სტრატეგიები, რომ უპასუხონ საზოგადოების მოლოდინებს და კონკურენტული უპირატესობა მოიპოვონ.
იმავდროულად, სულ უფრო მზარდია საბაზრო სტიმულების რაოდენობა კომპანიებისთვის, რომლებიც მდგრადი განვითარების მიზნებს ითვალისწინებენ.
კომპანიები, რომლებიც აცნობიერებენ მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს და ეფექტურად ახდენენ მათ ინტეგრაციას საკუთარ სტრატეგიებში, რეალურ საკონკურენციო უპირატესობას ფლობენ და გრძელვადიან პერსპექტივაში აუმჯობესებენ საკუთარ ფინანსურ შედეგებს.
ტრენინგის მიზანია დაეხმაროს ორგანიზაციებს გააცნობიერონ ეს უპირატესობები და ეფექტურად მოახერხონ საქმიანობაში SDG მიზნების ინტეგრირება.
ტრენინგ პროგრამა მოიცავს ინფორმაციას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების კონცეფციების შესახებ, ამ ორი კონცეფციის კავშირის შესახებ, მდგრადი განვითარების 17 გლობალური მიზნისა და ამოცანების შესახებ.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები შეიტყობენ, თუ რატომ უნდა ჩაერთოს ბიზნესი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში და როგორია მისი როლი, რა კონკრეტული პროგრამების და ინიციატივების მეშვეობით შეუძლია კომპანიას წვლილი შეიტანოს გლობალური მიზნების განხორციელებაში და თავადაც ნახოს სარგებელი.
ტრენინგი დაეხმარება მონაწილეებს გააცნობიერონ, როგორ უნდა დაუკავშირონ საკუთარი კომპანიის საქმიანობა და პროგრამები მდგრადი განვითარების მიზნებს, სწორად შეარჩიონ პრიორიტეტული მიზნები და მათ გარშემო ააგონ საკუთარი CSR სტრატეგია.
მონაწილეები ასევე გაეცნობიან საინფორმაციო პლატფორმებსა და რესურსებს. რომლებიც შეიქმნა კომპანიების დასახმარებლად, რათა მათ ეფექტურად მოახდინონ მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაცია საკუთარი კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიებში.
ტრენინგ-კურსის შინაარსი და ხანგრძლივობის ადაპტირება ხდება კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე, კლიენტის საჭიროების მიხედვით.
მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.